• Ƀ/$

მასობრივი პროტესტით და სანქციებით დაღლილი თეირანი "დახმარების ხელს" კრემლს სთხოვს

25 ნოემბერი 15:49 | ანალიტიკა

ირანში 15 ნოემბრიდან დაწყებული არეულობის ფონზე, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოფიციალური თეირანი მოსკოვს $2 მლრდ-ის ოდენობის სესხს სთხოვს.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, ირანი სესხს ითხოვს სხვადასხვა პროექტებისთვის - თბოელექტროსადგურებისთვის, ჰიდროელექტროსადგურებისთვის, სარკინიგზო და მეტროს ვაგონების მშენებლობისთვის.


აშშ-ის მძიმე სანქციებმა ირანის ეკონომიკას ღრმა რეცესიისკენ უბიძგა და აიძულა შეეწყვიტა ნავთობის სრული ექსპორტი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.


იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ირანის თხოვნას დათანხმდება, ეს სავარაუდოდ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ახალი დაძაბულობის წარმოშობას შეუწყობს ხელს. აშშ-ის სანქციები მიმართულია იმ მიზნისკენ, რომ თეირანი იძულებული გახდეს მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას ბირთვულ პროგრამასთან და მის რეგიონში მის როლთან დაკავშირებით.


ის ირანელები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამჟამინდელ რეჟიმს, შესაძლოა, უკვე ხედავენ რუსეთს, როგორც ისლამური რესპუბლიკის მოკავშირეს. შესაბამისად კრემლისთვის სარისკოა ახლანდელი ხელისუფლების მხარდაჭერა.


აქვე აღსანიშნავია რუსეთის კიდევ უფრო ფორსირებული მხარდაჭერა ვენესუელაში მადუროს ხელისუფლების საბოლოო ლეგიტიმაციის უზრუნველსაყოფად, რადგან სავარაუდოდ მეტი თანხების მობილიზება/დაზოგვა სურს ირანის დასახმარებლად.


ირანის ხელისუფლება „პროტესტის მარგინალიზაციას“ ცდილობს


ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილის ალი ფადავის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ „საზღვარგარეთიდან დაფინანსებულმა“ პროტესტის მონაწილეებმა თავად გაუხსნეს ცეცხლი მოსახლეობას.


ფადავის აღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება მის წინა ნათქვამს, როდესაც მაღალჩინოსანმა უსაფრთხოების ძალების მიერ ლეტალური იარაღის გამოყენება დაადასტურა.


„ჩვენ დავაკავეთ ყველა დაქირავებული და მათ აღიარეს ამერიკასთან კავშირი. მათი პროტესტი კარგად ორგანიზებული შეთქმულებაა“, - განაცხადა ფადავიმ.


აშშ-ის ხელისუფლება ირანელი ლიდერების სოციალური ანგარიშების გაუქმების მომხრეა


შეერთებული შტატების მთავრობა სოციალური ქსელის გიგანტებს - Facebook-ს, Instagram-სა და Twitter-ს მოუწოდებს, ირანელ სახელისუფლებლო პირებთან დაკავშირებული სოც-გვერდების მუშაობა დაბლოკონ, ვიდრე ამ სახელმწიფოში ინტერნეტის სრული მიწოდება არ აღდგება.


„ეს არის ღრმად ფარისევლური რეჟიმი. მათ მოსახლეობისთვის ინტერნეტი გათიშეს მაშინ, როდესაც თავად იყენებენ პირად სოციალურ ანგარიშებს. შესაბამისად, ამ სფეროს წამყვან კომპანიებს მოვუწოდებთ დაბლოკონ აიათოლა ალი ხამენეის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფის და პრეზიდენტ ჰასან რუჰანის ანგარიშები“, - განაცხადა აშშ-ის სპეციალურმა წარმოამდგენელმა ირანის საკითხებში ბრაიან ჰუქმა.


ირანის მთავრობამ აქციების დაწყებიდანვე სრულად შეზღუდა ქვეყნის ტერიტორიაზე ინტერნეტის დაფარვა, რამაც დამატებითი საზოგადოებრივი და ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას, მაგრამ ბოლო ორი დღეა ფრაგმენტულად იზრდება ინტერნეტ-კავშირის მიწოდება ქვეყანაში.


შეძლებს თუ არა ირანული პროტესტი ფართო საზოგადოებრივ მოძრაობად გადაქცევას?


ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებულმა პირდაპირმა ძალადობამ, რასაც 100-ზე მეტი მომიტინგის სიცოცხლე ემსხვერპლა, ახალი პოლიტიკური დისკუსია გამოიწვია დაინტერესებულ საზოგადოებასა და მედიაში. ახლა ისმის მთავარი კითხვა - შესაძლებელია თუ არა პროტესტის სამოქალაქო აჯანყებად გადაქცევა და გამოიწვევს თუ არა ეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებს ირანში?


ამ საკითხზე პასუხის გაცემა მნიშვნელოვანია, რადგან ირანელებმა მასობრივი პროტესტის ორი ტალღა უკვე გამოიარეს - 2009 წელს და 2017-2018 წლებში, რომლებიც წარუმატებლად, ადგილობრივი ისლამური ხელისუფლების გამარჯვებით დასრულდა.


საპროტესტო ტალღის ახალი თაობა


ბოლო ორი ათწლეულია, სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური სისტემების წინააღმდეგ განხორციელებულ საზოგადოებრივ მოძრაობებს თავისი განსაკუთრებული ატრიბუტი გააჩნია, რომელიც იგი წინა მოძრაობისგან განსხვავდება. ძირითადად ხდება ინტელექტუალების, ელიტების, პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო ინსტიტუტების მარგინალიზაცია. შესაბამისად, ამის საპასუხოდ რიგითი აქტივისტები იყენებენ სოციალურ ქსელებს, როგორც საპროტესტო ტალღის მამოძრავებელ საშუალებას, რომელსაც არ სჭირდება მკაფიო ხელმძღვანელი ან ვერტიკალური ლიდერობა.



„ბენზინის ფასის“ ზრდამ ირანის მოსახლეობის ისედაც ფართო უკმაყოფილების გამწვავება გამოიწვია.


ირანის სამოქალაქო საზოგადოებაში კარგად ხედავენ ქვეყნის არასწორი მართვის შედეგებს, ცხოვრების დაბალ დონეს, რელიგიური მთავრობის არაეფექტურობასა და ქმედუნარიანობას. შედეგად გავრცელებულია კორუფცია, უსამართლობა და დისკრიმინაციის სხვადასხვა სახე. არის დემოკრატიისა და გამჭვირვალეობისა თითქმის ნულოვანი დონე, ხოლო რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, ეს არის ავანტურისტული და „ძვირადღირებული“.


იმას, რასაც ირანელი ოფიციალური პირები რიგითი ადამიანების „რადიკალურ ქცევას“ უწოდებენ, რეალურად არის რელიგიური მთავრობის პირდაპირი „სიჯიუტის“ შედეგი, რომელიც თავს არიდებს რეფორმებს, „პოლიტიკურ ჩიხების“, ეკონომიკურ კრიზისის, სიღარიბის, დისკრიმინაციის დაძლევას. ბოლო წლების უეცარი, არაპროგნოზირებადი საპროტესტო მუხტი არის სწორედ ზემოხსენებული პრობლემების სათავე.


ავტორი: რატი ერისთავი, m2b.ge-ს ანალიტიკოსი.


სხვა სიახლეები