• Ƀ/$

ოქტომბერში ექსპორტი წლიურად 4,5%-ით გაიზარდა

29 ნოემბერი 16:36 | ეკონომიკა

ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 4.5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტი 2.1%-ით შემცირდა. 

რეგიონის ქვეყნებიდან იმპორტის კლების მაღალი ტემპით გამოირჩეოდა იმპორტი აზერბაიჯანიდან (ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გამო), სომხეთიდან (სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების გამო) და უკრაინიდან (სიგარეტებისა და სიგარების გამო).


თურქეთიდან (სამკურნალო საშუალებები და ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად) და რუსეთიდან (ხორბალი/მესლინისა და ელექტროენერგიის გამო) იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.


ევროკავშირის ქვეყნებიდანაც იმპორტის მატება დაფიქსირდა, რაც ძირითადად ნიდერლანდებიდან (გამომთვლელი მანქანებისა და ბლოკების გამო) და პოლონეთიდან (ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად) იმპორტის ზრდას უკავშირდება.


აღსანიშნავია, რომ რეგიონის ქვეყნებიდან იმპორტის კლებასთან ერთად შემცირდა ცალკეული ქვეყნებიდან იმპორტიც. იმპორტმა დაიკლო აშშ-დან, სამხრეთ კორეადან და იაპონიიდან. საპირისპიროდ, გაზრდილია ბრაზილიიდან და ჩილედან იმპორტი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების გავლენით, რომლის უმეტესი ნაწილი რეექსპორტისთვის არის განკუთვნილი.


2019 წლის ოქტომბერში ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყო: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, გერმანია, ბრაზილია და აშშ. ჯამურად, 7 ძირითად სავაჭრო პარტნიორზე მთლიანი იმპორტის 69% შეადგინა. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით იმპორტი უფრო ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო.


საექსპორტო შემოსავლების მატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სომხეთში ექსპორტის ზრდამ, რაც დიდწილად მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. გაიზარდა ასევე ბელარუსში ექსპორტი სპილენძის ჯართისა და ნარჩენების გავლენით.


რეგიონის ქვეყნებიდან უკრაინაში გაიზარდა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ექსპორტი. რუსეთში მოიმატა ექსპორტმა ყურძნის ნატურალური ღვინოებისა და მინერალური წყლების წყალობით, ხოლო აზერბაიჯანში სამრეწველო დამზადების თამბაქოსა და კვლავ მსუბუქი ავტომობილების ზრდის გავლენით.


დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ექსპორტის მატება ჩინეთში როგორც სპილენძის, ასევე ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტის გამო.


2019 წლის ოქტომბერში ძირითადი საექსპორტო ქვეყნები იყო: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ბულგარეთი, ჩინეთი, უკრაინა და თურქეთი. ჯამურად 7 ძირითადი სავაჭრო პარტნიორის წილი მთლიანი ექსპორტის 69 % შეადგინა. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო.


სხვა სიახლეები