• Ƀ/$

ყარაბაღის კონფლიქტი – რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი

2 დეკემბერი 12:16 | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს ორდღიანი (2-3 დეკემბერი) ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა, სადაც რიგ საკითხებთან ერთად ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასაც განიხილავს.

ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და მოლაპარაკებები ადგილობრივი საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ელმარ მამადიაროვთან.


„ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად საკითხებს განიხილავენ. გაიცვლება არსებითი მოსაზრებები საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებზე, მათ შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე. მხარეები რუსეთ-აზერბაიჯანის საგარეო უწყებებს შორის 2020 წლის საკონსულტაციო გეგმას მოაწერენ ხელს“, - აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.


მამადიაროვ-ლავროვის შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.


„რუსეთი სომხურ-აზერბაიჯანული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას და შუამავლობას აქტიურად გააგრძელებს. ეს თემა რუსული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და იგი პუტინის ყურადღების ცენტრშია. კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური დიალოგის გზით არის შესაძლებელი. ჩვენს წვლილს შევიტანთ არამხოლოდ ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეობის ფარგლებში, არამედ ნაციონალურ დონეზე, აზერბაიჯანის და სომხეთის მთავრობებთან მჭიდრო ურთიერთობების გათვალისწინებით“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.


4 დეკემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრატისლავაში, ეუთოს წევრი-სახელმწიფოების საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა საბჭოს რიგით 26-ე სხდომამდე გამართავენ შეხვედრას. თავად საბჭოს სხდომა 5-6 დეკემბერს შედგება.


ზოჰრაბ მნაცაკანიანის და ელმარ მამადიაროვის შეხვედრა „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეების შუამავლობით გაიმართება.


მნაცაკანიანი და მამადიაროვი 2019 წელს უკვე 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: 16 იანვარს პარიზში, 15 აპრილს მოსკოვში, 20 ივნისს ვაშინგტონში და 23 სექტემბერს ნიუ-იორკში. ბრატისლავის შეხვედრა რიგით მეხუთე იქნება.


სხვა სიახლეები