• Ƀ/$

საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი Apple-ს მიერ ქართული ტოპონიმების დარღვევაზე მიანიშნებს

2 დეკემბერი 14:43 | მედია ბიზნესისთვის - M2B

კომანია Apple-ს რუკაზე ცხინვალის რეგიონში ქართული ტოპონიმების შეცვლილი სახით, საოკუპაციო ძალების შემოღებული ე.წ. დასახელებებით დატანის ფაქტს საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი მამუკა გონგაძე სოციალურ ქსელში მიანიშნებს.

„Apple-ის მიერ რუკაზე ყირიმის რუსეთად გამოსახვის შემდეგ ამავე რუკებზე საქართველოს ასახვამაც დამაინტერესა. მცირე დაკვირვებაც კმარა, რომ აღმოაჩინო ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული არამარტო უზუსტობები, არამედ ოკუპაციის შედეგების ასახვა ტოპონიმიკაში და დასახელებებში. მაგალითად: გორიდან ცხინვალისკენ მიმავალი გზა აღნიშნულია წარწერით “ გორი - ვარიანი - ცხინვალი”; ხოლო ცხინვალის იქით უკვე რუსული დასახელებით არის გადმოცემული - “TRANSKAM”; ქუჩების სახელწოდებები დღეს მოქმედი არსებული სახელდებითაა წარმოდგენილი როგორც ცხინვალში, ასევე ახალგორში,  თუმცა ორივე ქალაქის სახელწოდება სახელმწიფო ენაზე, გამართულად არის გადმოცემული - “Tkhinvali” და “Akhagori”. რასაკვირველია კიდევ ბევრი უზუსტობა იქნება და მისი სრულყოფილი შესწავლაა საჭირო სპეციალისტების მხრიდან.


როგორც წესი Google-ის რუკებს ვიყენებ და კარგად მახსოვს როგორ მოახდინა Google-მ ცხინვალის რეგიონში არსებული დასახელებების სახელწოდებების (ტოპონიმიკა) სრული ჩასწორება ოსურიდან ქართულ ტოპონიმებზე, რამოდენიმე წლის უკან.  შესაბამისი ყურადღებისა და მუშაობის შემდეგ სავსებით შესაძლებელი იქნება აქაც გასწორდეს ეს ცდომილებები და გატარდეს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები“, – წერს მამუკა გონგაძე. 


სახელმწიფო გერბის ავტორმა კომენტარი M2B.GE-სთან გააკეთა:


„Google-ში  "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე რამოდენიმე წლის უკან უპირატესად და უმეტესად წარმოდგენილი იყო ოსური დასახელებები (ტრანსკრიფციით). მაგალითად ზემო როკი  ეწერა როგორც "UALAG RUK". საერთოდ იგნორირებული იყო ბოლოსართი "ი" ყველგან. შემდეგ Google-მ დიდი სამუშაო ჩაატარა ამ მიმართულებით. სავარაუდოდ ჩვენგან ჩაერთო კომპეტენტური ხალხი/სპეციალისტები და სრულად გაასწორეს ხარვეზები. ახლა თუ შეხვალთ Google map-ში, ნახავთ რომ ტერიტორიაზე მხოლოდ ქართულად და ინგლისურად არის ასახული ტოპონიმიკა, ქართული ენის ტრანსკრიფციის იდენტურად. ასევე უნდა მოხდეს Apple-ის შემთხვევაშიც“, – უთხრა M2B.GE-ს მამუკა გონგაძემ.


ყირიმი რუსეთია?!


27 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Apple-იმ შეასრულა რუსეთის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსირებული ტერიტორია მის ინტერაქტიულ რუკაზე რუსეთის შემადგენლობაში არის ასახული.


რუსეთის ტერიტორიიდან Apple აპლიკაციების (ამინდი, რუქა) გახსნის შემთხვევაში ყირიმის ნახევარკუნძულ რუსეთის ნაწილად არის მითითებული.


რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალური განცხადებით, ყირიმი და სევასტოპოლი Apple-ის მოწყობილობებზე რუსეთის ტერიტორიად ჩნდებიან.


BBC-იმ მოსკოვიდან რამდენიმე Iphone გამოსცადა და არსებული ცვლილება პრაქტიკაში ჩანს. აღნიშნული განკუთვნილია Apple-ის App Store-ის რუსული ვერსიისთვის.


რუსეთის სახელმწიფო დუმამ Apple-ის მიერ ყირიმის ტერიტორიის უკრაინისთვის მიკუთვნებას „უზუსტობა“ უწოდა და ამ თემასთან დაკავშირებით ორ მხარეს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თავდაპირველად ტექნოლოგიური გიგანტი ცდილობდა ამ ნახევარკუნძულის განუსაზღვრელ, არც რუსეთის, არც უკრაინის ტერიტორიად წარმოიჩინებას.


დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის ვასილი პისკარიოვის განცხადებით, Apple-იმ რუსეთის კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა. კომპანიას შეახსენეს, რომ ყირიმის უკრაინისთვის მიკუთვნება რუსული კანონმდებლობით დანაშაულს წარმაოდგენდა.


„ამ საკითხზე მიბრუნება აღარ მოხდება, Apple-სთან ერთად თემა დავხურეთ, ჩვენ მივიღეთ ყველაფერი, რაც გვსურდა. რუსეთი ყოველთვის ღიაა უცხოურ კომპანიებთან „დიალოგისა და კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა პისკარიოვმა.


Google, რომლის რუქებსაც აქტიურად იყენებენ ადამიანები, რუსეთის ტერიტორიიდან ყირიმის ნახევარკუნძულს აგრეთვე რუსულ ტერიტორიად აჩვენებს. აღნიშნული ცვლილება მარტში განხორციელდა. ხოლო Google maps-ის უკრაინის ტერიტორიიდან გახსნისას, ყირიმს მკაფიო საზღვრები არ აქვს არც უკრაინას, არც რუსეთს შორის.


რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ტერიტორიის ანექსირება 2014 წლის მარტში მოახდინა. აღნიშნული მკაცრად დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ.


სხვა სიახლეები