• Ƀ/$

აზერბაიჯანი პოლიტიკური კლასის გაახალგაზრდავების პროცესში

2 დეკემბერი 17:51 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აზერბაიჯანის მეხუთე მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა ხვალ, 3 დეკემბერს გაიმართება.

აღნიშნულის შესახებ „მილი მეჯლისის“ სპიკერმა ოქტაი ასადოვმა განაცხადა, რომლის თქმით, რამდენიმე კანონპროექტი ჯერ კიდევ განსახილველია.


ასადოვის შეფასებით, ბოლო თვეებში ქვეყნის პრეზიდენტის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა საკანონომდებლო ორგანოში ცვლილებები განაპირობა.


„ილჰამ ალიევის მიერ გატარებულმა რეფორმების პოლიტიკამ ბოლო თვებში თვისობრივად ახალ დონეს მიაღწია. მინისტრთა კაბინეტში, ცენტრალურ და ადგილობრივ აღამსრულებელ ორგანოებში, ასევე სასამართლო სისტემაში განხორციელებულ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს საზოგადოება დადებითად აფასებს. შესაბამისად ახალმა გამოწვევებმა, მოსახლეობის მოლოდინებმა და სხვა ფაქტორებმა პარლამენტის განახლების აუცილებლობა მოიტანა“, - აღნიშნა ასადოვმა.


„მილი მეჯლისის“ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ალი ჰუსეინლის განცხადებით, პარლამენტი მისი საქმიანობის ფარგლებში მუდამ უჭერდა მხარს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ რეფორმებს, მაგრამ საზოგადოება საკანონომდებლო ორგანოს გაუმჯობესების აუცილებლობას ითხოვს.


„მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯანის“ წინადადება პარლამენტის დათხოვნის თაობაზე სინამდვილეში გამომდინარეობს იქიდან, რომ პარლამენტმა კიდევ ერთხელ მოიპოვოს ხალხის ნდობა. ეს ხაზს უსვამს ეროვნულ დონეზე სპეციფიური პოლიტიკური კულტურის არსებობას“, - განაცხადა პარლამენტარმა.


დღეს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საკანონომდებლო ორგანოში კენჭი უყარეს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელსაც მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთმა თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურა დამტკიცდება.


„რეფორმები სახელმწიფოს ყველა რგოლში მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში პარლამენტი რეორგანიზდება და მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურა დამტკიცდება. არსებობს გაახალგაზრდავების ბუნებრივი პროცესი. უნდა შევქმნათ შესაძლებლობები, ახალგაზრდა კადრებმა წარმოაჩინონ მათი შესაძლებლობები“, - აღნიშნა ალიევმა.


აზერბაიჯანში მიმდინარე რეფორმებს გამოეხმაურა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, რომლის თქმით, ერევანი კვლავ განაგრძობს სამშვიდობო პროცესის ფარგლებში მუშაობას და ბაქოს შიდაპოლიტიკური სიტუაცია გავლენას არ მოახდენს ყარაბაღის მოლაპარაკებებზე. სომხეთს გააჩნია მისი პრიორიტეტები და ორიენტირებულია მათზე.


 


სხვა სიახლეები