• Ƀ/$

რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის სიბრტყეში

3 დეკემბერი 15:27 | ანალიტიკა

ბაქოში აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ელმარ მამადიაროვის და სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

თავდაპირველად მხარეებს შორის პირისპირ, ერთი-ერთზე შეხვედრა შედგა, სადაც განიხილეს ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის და ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხები. გარდა ამისა მათ შორის იგეგმება შეხვედრა გაფართოებულ შემადგენლობაში.


დიალოგის დასაწყისში აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მამადიაროვმა აღნიშნა, რომ რუს კოლეგასთან აპირებდა ეკონომიკური, ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების და ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები.


თავის მხრივ ლავროვმა ხაზი გაუსვა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობას.


„ორმხრივი ვაჭრობა სწრაფად იზრდება. ვფიქრობ წელს $3 მლრდ-ს მივაღწევთ. $1,5 მლრდ-ს შეადგენს რუსული ინვესიტიციების რაოდენობა აზერბაიჯანში, საპასუხოდ აზერბაიჯანული ინვესტიციებიც არსებითია რუსეთში“, - განაცხადა ლავროვმა.


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყველანაირი იურიდიული საფუძველი არსებობს, რომ მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობები სტრატეგიული თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია.


„ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები. ვისაუბრეთ რეგიონალურ და საერთაშორისო თემებზე, ყარაბაღის კონფლიქტზე. აქვე ხელი მოეწერა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის 2020 წლის საკონსულტაციო გეგმას. სახელმწიფოებს შორის სავაჭრო ბრუნვა $2,5 მლრდ-ს შეადგენს და იმედი გვაქვს წლის ბოლომდე ეს ნიშნული $3 მლრდ-ს მიაღწევს. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება რუსულ-აზერბაიჯანული ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი დიდი და უმნიშვნელოვანესი თემაა, რადგან რუსეთი ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეა. ამ კონფლიქტს ეტაპობრივი მოგვარება სჭირდება. რა თქმა უნდა ჯარები ყაზარმებში უნდა დაბრუნდნენ. ამ ეტაპზე საკითხის გადაწყვეტა ჩიხშია შესული და მოლაპარაკებების სტატუს-ქვოს მომავალი არ აქვს“, - განაცხადა მამადიაროვმა რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.


თავის მხრივ ლავროვმა აღნიშნა, რომ ყარაბაღის საკითხზე კომპრომისების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს.


„გვესმის ეს არ არის მარტივი საკითხი და ყარაბაღის კონფლიქტი ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივია. მადლობას ვუხდით აზერბაიჯანელ კოლეგებს, რომლებიც ხელს უწყობენ ამ თემაზე რუსეთის, როგორც ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარის იდეებს. უკანასკნელმა კონტაქტებმა წინსვლის და სიტუაციაში უკეთ გარკვევის შესაძლებლობები გამოაჩინა“, - აღნიშნა ლავროვმა.


მისი თქმით, რუსული მხარეს ხვალ, 4 დეკემბერს ბრატისლავაში გასამართი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის განსაკუთრებული მოლოდინი გააჩნია.


რუსეთი აზერბაიჯანთან ეკონომიკურ თანამშრომლობას დიდ ყურადღებას აქცევს


 „რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სამაგალითო ჰუმანიტარული თანამშრომლობა დამყარდა, რუსული ენა ამ სახელმწიფოში ძალიან მოთხოვნადია. დღესდღეობით რუსულ უნივერსიტეტებში 11 000-ზე მეტი აზერბაიჯანელი სტუდენტი სწავლობს, მათგან 1000-ზე მეტს რუსეთის მთავრობა აფინანსებს. საკმაოდ ნაყოფიერი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ალიევთან. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტების დონეზე განისაზღვრება ქვეყნებს შორის დადებითი ურთიერთობები. წარმატებული გამოდგა ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევას ვიზიტი მოსკოვში, სადაც მხარეებმა მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობა განიხილეს და შეთანხმდნენ რომ შეიქმნება ექვსი კომისია, მათ შორის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში“, - განაცხადა ლავროვმა.


რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.


„რუსეთი პირველ ადგილს იკავებს აზერბაიჯანში ტურისტთა ვიზიტის რაოდენობის მიხედვით (დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი). სახელმწიფოები მჭიდროდ თანამშრომლობენ სატრანსპორტო პროექტებში, მათ შორის ისეთბში, როგორებიცაა „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ და „აღმოსავლეთი-დასავლეთი“, - განაცხადა ლავროვმა.


გარდა ამისა, ლავროვის თქმით აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს კასპიის ზღვაზე თანამშრომლობის (იურიდიული სტატუსის შესახებ) და რეგიონის ქვეყნების ურთიერთქმედების საკითხები.


თავის მხრივ მამადიაროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი აქტიურად იყენებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას.


ლავროვი ყარაბაღის საკითხზე მჭიდრო კომუნიკაციას ემხრობა


„რუსეთი იყო ინიციატორი ორ ქვეყანას შორის აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტების გაცვლითი ვიზიტების თაობაზე. მე მხარს ვუჭერ კონტაქტებს მთიანი ყარაბაღის თემებს (სომხები და აზერბაიჯანელები) შორის. ვფიქრობ ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ მიწაზე ცხოვრობს.


ბაქოსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობა ძალთა ბალანსს ითვალისწინებს


რუსეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. აღნიშნულის შესახებ სერგეი ლავროვმა განაცხადა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო, რომ „კუხოს“ წევრმა სახელმწიფოებმა აზერბაიჯანს იარაღი არ უნდა მიჰყიდონ.


„სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაში ჩვენ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად ვვითარდებით. ეს გულისხმობს რეგიონში ძალთა ბალანსის და სტაბილურობის შენარჩუნებას“, - განაცხადა ლავროვმა.


აქვე მან არ გამორიცხა ახალი სამხედრო გარიგებების დადების შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით გარკვეული იდეები არსებობს.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ორდღიანი ვიზიტით ბაქოს ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ელმარ მამადიაროვთან.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


სხვა სიახლეები