• Ƀ/$

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

3 დეკემბერი 15:33 | ანალიტიკა

2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში  670 122 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12%-ით აღემატება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 543 176 შეადგინა, რაც 11.9%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 338 831-ს გაუტოლდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 10.3%-ით აღემატება.


რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ნოემბერს, 11 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში ახალ ისტორიულ ნიშნულს - 8 690 352-ს მიაღწია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2%-ია. 


ამავე პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7 191 042 შეადგინა (+6.6%), ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  4 768 432  (+6.3%).


კრემლის მიერ ავიამიმოსვლის აკრძალვის ეფექტი


2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან 82 029 საერთაშორისო  ვიზიტი შედგა, რაც 10.9%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მათ შორის, ტურისტული ვიზიტის რაოდენობამ 53 599 შეადგინა, რაც 24%-ით ნაკლებია 2018 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.


რაც შეეხება 2019 წლის 11 თვეს, ამ პერიოდში რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობამ 1 406 255 შეადგინა, რაც 4.9%-ით მეტია 2018 წლის 11 თვის მაჩვენებელზე. მათ შორის, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1 038 132 შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 0.1%-ით მეტია.


მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში ზრდის ტემპების გარკვეული შემცირებისა, ჯამში, ტურიზმის სფეროში დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა.


სანქციების ეფექტის განეიტრალება


რუსეთის მხრიდან საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ აქტიური სამუშაო გასწია შესაძლო ნეგატიური შედეგების მინიმუმამდე დასაყვანად.


კერძოდ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, საუდის არაბეთში, ცენტრალურ აზიაში, უზბეკეთში, ყაზახეთში და სხვ. აქტიური მარკეტინგული კამპანიები ჩაატარა.


აქტიური კამპანიები გრძელდება ისრაელში, გერმანიაში, უკრაინაში, ქუვეითსა და პოლონეთში.


საქართველოს სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს National Geographic-სა და  Google-ზე.


CNN-ზე წლის ბოლომდე გრძელდება მასშტაბური კამპანია, რომელიც მოიცავს სატელევიზო რეკლამას, სპეციალურ რეპორტაჟებს და ონლაინგვერდებს. კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discover Georgia”  დამზადდა.


სარეკლამო კამპანიები ტარდება სხვა გავლენიანი საერთაშორისო მედიით და ონლაინპლათფორმებით. პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს მსოფლიოში მაღალრეიტინგული მედიასაშუალებების ასობით წარმომადგენელს.


ნოემბრის დეტალური სტატისტიკა ასეთია: ევროკავშირის ქვეყნები: იტალია +84.8%, პოლონეთი +80.4%, საფრანგეთი +35.3%, გერმანია +35.4%, ლატვია +26.6% და სხვა.


განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ყაზახეთი +169.3%, ყირგიზეთი +134.8%, ჩინეთი +52.6%, საუდის არაბეთი +46%, ისრაელი +36.3%, და სხვა.


ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი: სომხეთი (+18.1%), აზერბაიჯანი (+8.1%), რუსეთი (-10.9%) და თურქეთი (+25.3%)


ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი


წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ოქტომბერში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს $2.8 მლრდ–ს (+0.9%), რაც $25 მლნ–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს $267 მლნ–ს (+5.2%), რაც $13 მლნ–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


2019 წლის II კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს $877 მლნ–ს (+8.4%), რაც $68 მლნ–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


2019 წლის I-II კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს $1.5 მლრდ–ს (+7%), რაც $95 მლნ–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით 19.7%-ია.



სხვა სიახლეები