• Ƀ/$

თურქეთმა სომხეთს სამი ძირითადი მოთხოვნა წაუყენა

6 დეკემბერი 12:04, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ანკარასთან ურთიერთობების დასამყარებლად ერევანმა სამი ძირითადი მოთხოვნა უნდა შეასრულოს.

აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანში თურქეთის საელჩოს პრესმდივანმა ჰუსეინ ალთინალანმა განაცხადა.


მისი თქმით, თურქეთთან კავშირების ჩამოსაყალიბებლად, სომხეთა პირველ რიგში აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღის რეგიონი უნდა გაათავისუფლოს, არ გამოთქვას პრეტენზიები თურქეთის სუვერენულ ტერიტორიებზე და 1915 წელს მომხდარი „სომეხთა გენოციდის“ საკითხზე.


თურქი დიპლომატის განცხადებით, 1991 წელს, მას შემდეგ რაც სომხეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ანკარას სურდა ამ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, მაგრამ ქვეყნებს შორის მსგავსი ტიპის კავშირების დაწყებამდე თურქეთი ითვალისწინებდა ერევანთან არსებულ პრობლემებს, რომელსაც ყოველთვის უსვამდა ხაზს.


„როგორც ცნობილია აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღის რეგიონი სომხეთის მიერ არის ოკუპირებული. პირველ რიგში ერევანმა დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს ბაქოს სუვერენული ტერიტორია. სანამ მთიანი ყარაბაღი და სხვა აზერბაიჯანული რაიონები ჯერ კიდევ ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, მანამდე სომხეთთან ურთიერთობების დამყარება შეუძლებელია“, - განაცხადა ალთინალანმა.


დიპლომატის თქმით ანკარა ქვეყნებს შორის კავშირებს ვერ დაამყარებს ისეთ სახელმწიფოსთან, რომელიც მათ სუვერენულ საზღვრებს არ ცნობს და აცხადებს კონკრეტულ პრეტენზიებს მიწებზე.


„როგორც მოგეხსენებათ თურქეთსა და სომხეთს შორის თანამედროვე საზღვრები 1921 წელს, მოსკოვისა და ყარსის შეთანხმებების დროს დადგინდა და შესაბამისად სომხეთის ყველა ტერიტორიული პრეტენზია თურქეთთან მიმართებაში არის უსაფუძვლო და აბსურდული“, - თქვა დიპლომატმა.


1915 წლის „სომეხთა გენოციდის“ მოვლენებთან დაკავშირებით ალთინალანმა აღნიშნა, რომ სომხეთი განგებ აფერხებს მისი არქივების გახსნას და მიუხედავად ანკარას მოწოდებებისა, რომ შეიქმნას ისტორიკოსთა ერთიანი კომისია ამ მოვლენების გამოსაძიებლად, ერევანი ყოველთვის უარს აცხადებს ამ მიდგომაზე.


„1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სომხების პრეტენზიებს არ გააჩნია დოკუმენტური მტკიცებულება და იურიდიული საფუძველი, შესაბამისად აღნიშნული მიუღებელია. სომხეთის მცდელობას გენოციდის აღიარების, დეპორტირებულ სომეხთა შთამომავლებისთვის კომპენსაციის გადახდის და მათი მემკვიდრეებისთვის ქონების გადაცემის თაობაზე არ აქვს არანაირი საფუძველი. თურქეთი კომპენსაციების გადახდის შესახებ გაფორმებული რაიმე შეთანხმების მონაწილე არ არის. ანკარას მისი ისტორიის არ რცხვენია.“, - აღნიშნა მან.


დიპლომატის თქმით სომხებმა არ უნდა მოახდინონ ისტორიული მოვლენების პოლიტიზირება, ხოლო პოლიტიკოსებმა არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები ისტორიული მოვლენების საფუძველზე.


სომხეთს მისი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დიპლომატიური ურთიერთობები არ აკავშირებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან, შესაბამისად საზღვრის დასავლეთ და აღმოსავლეთ მხრიდან იზოლირებულია და მათთვის საქართველო წარმოადგენს ერთადერთ მნიშვნელოვან მეზობელ ქვეყანას გარე სამყაროსთან კონტაქტის დასამყარებლად, რადგან ირანთან მათი საზღვარი საკმაოდ მცირეა.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი