• Ƀ/$

ზვიად ჭუმბურიძე: ანაკლიის პროექტის ჩაშლა რუსეთის ინტერესებშია

6 დეკემბერი 15:58, 2019 წელი | ეკონომიკა

საქართველო-ევროპის ბიზნეს საბჭოს მიერ გამართულ ფორუმზე ანაკლის პორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს. 

დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტის აშენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


როგორც საქართველო-ევროპის ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა რუსეთის ინტერესებშია. 


"ასეთი ტურბულენტობის მერე რომელი ბიზნეს კომპანია შემოვა. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ თუ ვინ იქნება დაინტერესებული ანაკლიის აშენებით. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია დაინტერესებული, რომ ეს არ გაკეთდეს და  გასაკვირი არ არის და ამას ზედმეტი არგუმენტების მოყვანა არ სჭირდება",- აცხადებს საქართველო-ევროპის ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე.


თავის მხრივ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ ინვესტორების მოძიებისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაწესებული ვადა არასაკმარისია.


"ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა, ძალიან რთულია დაარწმუნო რომელიმე ინვესტორი უზარმაზარი თანხის ივესტიცია მოახდინოს პროექტში, რომელიც ასეთ ვითარებაშია და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან მიმართებაშიც არის ძალიან დიდი შეშფოთება",- განაცხადა ლევან ახვლედიანმა.


„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების კონსორციუმს“, სესხის მოძიებისა და საკუთარი კაპიტალის შევსების ნაწილში, ვალდებულებების შესრულების შუალედური ვადა მიმდინარე წლის 16 დეკემბარამდე აქვს. 31 დეკემბრამდე კი სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებები.


"31 დეკემბერს ჩვენ უკვე გვექნება საშუალება, რომ ფაქტობრივი ინფორმაციის საფუძველზე შემდეგ გადაწყვეტილებაზე ვიმსჯელოთ",- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.


რაც შეეხება ხელშეკრულების სავარაუდო შეწყვეტას, ცქიტიშვილის თქმით, უკვე ორი წლით მოხდა გადავადება და უსასრულოდ გადავადება შესაძლებელი არაა.


სხვა სიახლეები