• Ƀ/$

აზერბაიჯანი „დაბალანსების პოლიტიკას“ აგრძელებს და რუსეთთან აქტიურ ურთიერთობებშია

9 დეკემბერი 16:29, 2019 წელი | ანალიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით ბაქოში ვიზიტით მყოფი დელეგაცია მიიღო.

ზემოხსენებული ვიზიტი აზერბაიჯანულ-რუსულ მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის მე-18 სხდომის ფარგლებში მიმდინარეობს.


აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის შაჰინ მუსტაფაიევის განცხადებით ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ყოველმხრივ პოზიტიურად ვითარდება.


„2018 წლის ბოლოს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობა 19%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით ზრდა 23%-იანი იყო. აზერბაიჯანში რუსული კაპიტალის მქონე 950 კომპანია მუშაობს და ამ ქვეყნის ინვესტიციებმა ჩვენს სახელმწიფოში $4,9 მლრდ-ს მიაღწია, ხოლო აზერბაიჯანმა $1,2 მლრდ-ის ინვესტიცია მოახდინა რუსეთის ეკონომიკაში“, - განაცხადა მუსტაფაიევმა.


ვიცე-პრემიერის თქმით ბაქოსა და მოსკოვს შორის დღეს, 9 დეკემბერს დამატებით 2020-2022 წლებში აგროინდუსტრიულ სექტორსა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ე.წ. საგზაო რუკებს მოეწერება ხელი.


კასპიის ზღვის შესახებ სამუშაო ჯგუფი აგვისტოში შეიკრიბება


კასპიის ზღვასთან დაკავშირებით მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 2020 წლის აგვისტოში შედგება, რომელიც ასტრახანში გაიმართება და რუსული მხარე აქტიურად ემზადება ღონისძიების ორგანიზებისთვის.


აღნიშნულის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ ორეშკინმა ბაქოში ვიზიტისას განაცხადა.


მინისტრის თქმით, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს მყარი ეკონომიკური საფუძველი გააჩნია.


 „აქტიური ურთიერთქმედებებია როგორც პოლიტიკურ, ასევე ჰუმანიტარულ დონეზე. ეს ყველაფერი სტრატეგიული პარტნიორობის დადასტურებაა. ვმუშაობთ მიღწეული შეთანხმებების პრაქტიკულ განხორციელებაზე. მთავარი კომპონენტი ხუთ ე.წ. საგზაო რუკაზე მუშაობაა. აქვე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევას მოსკოვში ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება მეექვსე „საგზაო რუკის“ შექმნაზე. აქვე აღსანიშნავია, რუსეთ-აზერბაიჯანის ბიზნეს-საბჭოების მაღალი დონე და ვაჭრობის ზრდა. 2019 წლის 9 თვის შედეგების მიხედვით, ქვეყნებს შორის ვაჭრობა მეოთხედზე მეტით გაიზარდა. გარდა ამისა, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ეკონომიკური კომპონენტის ერთ-ერთი მთავარ ამოცანას რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ეფექტური და მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს. სულ მალე მდინარე სამურის გასწვრივ ხიდის მშენებლობა დასრულდება, რაც გავლენას მოახდენს ვაჭრობისა და ხალხის მოსახერხებელ გადაადგილებაზე. ჩვენ აგრეთვე წარმატებით ვახორციელებთ ერთობლივი საწარმოების მშენებლობას, რომელთაგან ერთ-ერთი, ფარმაცევტული ქარხანა, დღეს გაიხსნება“, - განაცხადა ორეშკინმა.


ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: „ხელი მოეწერა 200-ზე მეტ დოკუმენტს“


ბაქოსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არსებობს და დღემდე მხარეებმა 200-ზე მეტ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც სხვადასხვა სფეროებს მოიცავს. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნიაზი საფაროვმა განაცხადა.


„აზერბაიჯანი რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია რეგიონში და სამხრეთ კავკასიაში მისი მოცულობა 45%-ს შეადგენს. ეკონომიკური ურთიერთობები დღითიდღე ვითარდება და რუსეთი პირველ ადგილზეა აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტის თვალსაზრისით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


აღსანიშნავია, რომ რუსეთს აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის პარალელურად, სომხეთთან სტრატეგიული მოკავშირეობა აქვს გაფორმებული და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ფართო სამხედრო წარმომადგენლობა გააჩნია, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს უსაფრთხოებას.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


სხვა სიახლეები