• Ƀ/$

TANAP-ის სრულად ამოქმედების შემდეგ საქართველო ყოველწლიურად 300 მლნ ლარის სარგებელს მიიღებს

12 დეკემბერი 10:54, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ გოჩიტაშვილი: სამხრეთ კავკასიური (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) მილსადენი, TANAP-თან  ერთად უზრუნველყოფს კასპიის საბადოების გაზის მიწოდებას თურქეთისა და ევროპის ბაზრებისათვის. 

ქვეყანა შეღავათიან ფასებში იღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. დღეისათვის ძალაშია 2 კონტრაქტი: ოფციური გაზისა (ტრანზიტის მოცულობასთან უშუალოდ დაკავშირებული) და დამატებითი გაზის. ოფციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა შესყიდულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო მისი საშუალებით, ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს იღებს.


2018 წლამდე, TANAP-ის პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულებამდე და ექსპლუატაციის დაწყებამდე საქართველოს შეეძლო ოფციური გაზის ხელშეკრულებით მაქსიმუმ 330 მლნ კუბური მეტრი გაზის მიღება, TANAP -ის ამოქმედების შემდეგ თანდათანობით იზრდება სამხრეთის გაზის დერეფნით, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული გაზის მოცულობები. 2024-2026 წლებისათვის და შემდგომ იგი გაიზრდება 22 მლრდ კუბურ მეტრამდე და მეტად, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს შეღავათიანი ფასით ყოველწლიურად 1.1 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზი მიიღოს, რაც ქვეყნის დღევანდელი მოხმარების დაახლოებით 45 %-ს შეადგენს.


შესაბამისი ყოველწლიური ფისკალური ეფექტი, TANAP-ის  ექსპლუატაციის დაწყებითა და სამხრეთის გაზის დერეფნის სრული სიმძლავრით ამოქმედების შემთხვევაში დაახლოებით 300 მლნ ლარს, ხოლო ჯამური ეფექტი (2066 წლამდე პერიოდში) 12-13 მლრდ ლარს გადააჭარბებს.


TANAP-ის ამოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდება  საქართველოს  საერთაშორისო ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივა.


საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ გოჩიტაშვილი: „უმნიშვნელოვანესია  პოლიტიკური და სოციალური ეფექტია, რომელიც გაზის სამხრეთი კორიდორის შემადგენელ SCP,  TANAP და TAP მილსადენების განვითარებას მოყვა. თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა (ახორცილებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში), ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში. შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდება  საქართველოს პროგრესულ საერთაშორისო ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივაც.  


რაც შეეხება პროექტის რეალიზაციის ფისკალური ეფექტის სოციალური ასპექტებს, საბაზრო ფასთან შედარებით მნიშვნელოვნად იაფად შეძენილი გაზრდილი მოცულობების გაზი, საშუალებას იძლევა მინიმალურ დონეზე იქნეს შენარჩუნებული ქვეყნის მოსახლეობისა და გაზზე მომუშავე სტრატეგიული დანიშნულების თბოელექტროსადგურებისათვის მიწოდებული გაზის ფასი, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის კეთილდღეობის შემდგომ ამაღლებასა და მზარდი იმპორტის (ძირითადად რუსეთიდან) ჩანაცვლებას ადგილობრივ წარმოებული ელენერგიით და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ამაღლებას. 


 


წყარო: საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია


 

მსგავს თემაზე:

TANAP–ი TAP–ზე დააერთეს



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი