• Ƀ/$

რას შეცვლის 5G ინტერნეტი? - გზა გამოქვაბულის ნახატებიდან ციფრულ მომავლამდე

22 დეკემბერი 17:43, 2019 წელი | ანალიტიკა

კომუნიკაციების არხებისა და ინფორმაციის გავრცელების ხერხების გაუმჯობესებაზე ადამიანი ათასწლეულები მუშაობდა და ისევე როგორც სხვა მრავალ დარგში მნიშვნელოვან ხელჩასაჭიდ შედეგს მხოლოდ XIX საუკუნეში მიაღწია, განვითარება დღესაც გრძელდება. 

თანამედროვე დაკვირვებები ვარსკვავური მტვრის ნარჩენებსა და რადიაციულ ფონზე ინფორმაციის მოპოვების საშუალებას ამჟამინდელი სამყაროს დაბადების მომენტიდან 13.7-13.8 მლრდ წლის წინ მომხდარი მოვლენებიდანაც იძლევა. Homo Sapiens-ის წინაპარებმა  Homo Erectus-ებმა და Homo Habilis-ებმა გაუთვითცნობიერებლად 2 მლნ წლის წინ ქვის იარაღის სახით არტეფაქტები დაგვიტოვეს, რამაც 2 მლნ წლის შემდეგ მათ ყოფა-ცხოვრებაზე და საქმიანობაზე მოგვცა გარკვეული ინფორმაცია.


დღეისთვის ცნობილი უძველესი ნახატი ესპანეთში ალტამირას მღვიმეში 36 000 წლით თარიღდება. პროტოანბანური პიქტოგრამული დამწერლობის შექმნის თარიღად კი 5-6 ათასი წლის წინანდელი პერიოდია მიჩნეული. ლეგენდის თანახმად დამწერლობა ეგვიპტურმა ღმერთმა ტოტმა შექმნა, რაზეც ფარაონი შეშფოთებულა ეს მეხსიერებას მოკლავსო. მოვლენები აბსოლუტურად საპირისპიროდ განვითარდა.



წიგნის ბეჭვდა ჩინეთში 20 საუკუნის წინ დაიწყეს, ევროპაში ის გუტენბერგმა დამოუკიდებლად 1455 წელს შექმნა, რითაც ინფორმაციის მასობრივად გავრცელების პერიოდს დაუდო საფუძველი.


გუტენბერგის გამოგონებიდან ბეჭდური სახით პირველი გაზეთი მხოლოდ 150 წლის შემდეგ 1605 წელს სტრასბურგში გამოიცა სახელწოდებით Relation aller Fürnemmen und gedenckwürdigen Historien („ყველა გამორჩეული და დასამახასოვრებელი ამბის ანგარიში“ ან „გამორჩეული და დასამახსოვრებელი ამბები“ ).



ნაბეჭდი წიგნითა თუ გაზეთით ცოდნა და ინფორმაცია ადრინდელზე ბევრად უფრო სწრაფად და იაფად ვრცელდებოდა, მაგრამ XIX საუკუნის გაზრდილ მოთხოვნებს უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა. ერთი ქალაქიდან მეორეში გაზეთის ჩატანას ზოგ შემთხვევაში რამდენიმე დღე სჭირდებოდა.


1876 წელს შოტლანდიელმა მეცნიერმა ალექსანდ ბელმა მსოფლიოს ტელეფონი აჩუქა. ტელეფონი შესანიშნავი გამოგონება იყო, მაგრამ ის ერთმანეთთან მხოლოდ ორ ადამიანს აკავშირებდა. საჭირო იყო რაღაც სხვა. 19 წლის შემდეგ, 1895 წელს იტალიელმა გამომგონებელმა გულიელმო მარკონმა რადიო დააპატენტა, არსებობს ვარაუდი, რომ მარკონამდე რამდენიმე წლით ადრე რადიო სერბულ-ხორვატული წარმოშობის ამერიკელმა გამომგონებლემა ნიკოლა ტესლამ შექმნა. საბჭოთა კავშირში გავრცელებული გაყალბებული ვერსიით რადიოს ავტორად რუსი მეცნიერი ალექსანდ პოპოვი სახელდებოდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო მისი ავტორი შედეგი მაინც ერთი იყო ერთი სადგურიდან გავრცელებული ხმოვან სიგნალს ასობით კილომეტრის დაშორებით მცხოვრები მრავალი ადამიანი მყისიერად ღებულობდა.



1928 წელს ბაზარზე ტელევიზორიც გამოჩნდა. ვიდეოგამოსახულების გადაცემაში კინოს კონკურენტი გამოუჩნდა. 60-იან, 70-იან წლებში განვითარებულ ქვეყნებში რადიო, ტელევიზორი და ტელეფონი პრაქტიკულად ყველა ოჯახს გააჩნდა. მსოფლიო კიდევ ერთხელ დადგა ინფორმაციის გავრცელების ახალი, განსხვავებული საშუალების აუცილებლობის შესახებ.


ინტერნეტი მთვარის პირველი პილოტირებული მისიიდან 3 თვის შემდეგ, ანუ 1969 წელს შეიქმნა, თუმცა მას მსოფლიო აბლაბუდემდე ბევრი აკლდა. 1991 წლამდე, WWW-ს შექმნამდე ინტერნეტი სამხედროებისა და მეცნიერების ვიწრო წრის საკუთრებას წარმოადგენდა.


1983 წელს ამერიკულმა Motorola-მ პირველი მობილური ტელეფონის გაყიდვები დაიწყო. მისი ფასი $3995-ს შეადგენდა, რაც ამჟამინდელი კურსით $9700-ის ტოლია.  800 გრამიანი ნივთის ერთადერთი ფუნქცია ხმოვანი ზარის განხორციელება იყო. ბატარია ლოდინის რეჟიმში 10 საათამდე ძლებდა, საუბრის რეჟიმში კი 30 წუთში ჯდებოდა.



1991 წელს, ანუ იმ დროს როდესაც დესკტოპ კომპიუტერებისთვის დომენი WWW გახდა ხელმისაწვდომი, მობილურებში 2G გაეშვა. ხმოვან სიგნალთან ერთად ახლა უკვე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნაც შესაძლებელი გახდა. რასაც მცირე ზომის ფოტოებისა და აუდიო ფაილების გაგზავნის ფუნქციაც დაემატა - mms. 2.5G თაობის ტელეფონებს უკიდურესად ლიმიტირებული ინტერნეტით სარგებლობა შეეძლო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.


2001 წელს 3G გაეშვა. ელექტრონული ფოსტის გაგზავნა, არც თუ ისე მაღალი რეზოლუციის ვიდეოების ყურება და ჩამოტვირთვა რეალობა გახდა. მობილური უკვე არამხოლოდ კაბელიანი ტელეფონის, არამედ კომპიუტერის კონკურენტიც გახდა.


2009 წელს 4G-ს გამოჩენამ ლეპტოპებში ჯერ მათი გაყიდვების ზრდის ტემპი შეამცირა, მერე კი თავად გაყიდვები. მისი სისწრაფე 100 მეგაბაიტამდე წამში კაბელიანი ინტერნეტის სისწრაფეს არ ჩამოუვარდება და ხშირ შემთხვევაში უსწრებს კიდეც. თანამედროვე სმარტფონების ტექნიკური მონაცემები, პროცესორის სიხშირე, ოპერატიული და ძირითადი მეხსიერების მოცულობა, ეკრანის გარჩევადობა სრულ კონკურენციას უწევს თანამედროვე ლეპტობების 90%-ს. განვითარება აქ არ წყდება და წინ 5G ინტერნეტია, რომელიც წინამორბედზე მინიმუმ 10-ჯერ, რელურად კი ბევრად უფრო მეტჯერ, თეორიულად 100-ჯერაც სწრაფი იქნება.



რაიმეს აქტუალურობის საუკეთესო საზომი Google-ში მისი ძებნადობა შეიძლება ჩაითვალოს. მიუხედავდ იმისა, რომ მეოთხე თაობის ინტერნეტი უკვე 10 წელია რაც არსებობს, მეხუთე თაობა კი ჯერ 1 წლისაც არა. საძიებო ველში 4G internet-ის ჩაწერისას 182 მლნ შედეგს აჩვენებს, 5G internet-ის ჩაწერიას 813 მლნ-ს.


ცალკეული რეგიონების მასშტაბით 5G ინტერნეტით უკვე სარგებლობენ: კორეაში, იაპონიაში, ჩინეთში, ბრიტანეთში, გერმანიასა და აშშ-ში, ასევე სინგაპურსა და ლუქსემბურგში. აბონენტთა რაოდენობა ამ ეტაპზე 12 მლნ-ს არ აღემატება, რაც პლანეტის მოსახლეობის 0.2%-ზე ნაკლებია. პირველი წარმატებული სატესტო სიგნალი კორეაში 2018 წლის ფიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გაეშვა. 2019 წლიდან ტექნოლოგიის დანერგვა ნელ-ნელა განვითარებულ ქვეყნებში დაიწყო. 2019 წელსვე გამოჩნდა SAMSUNG-ისა და HUAWEI-ს პირველი 5G ინტერნეტის მხარდაჭერის მქონე სმარტფონები.


5G-ის რეალური დაბადების ისტორია მაინც 2020 წლიდან დაიწყება. მის პოპულარობას ხელს მნიშვნელოვნად ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშებიც შეუწყობს.



ტექნოლოგიის უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას ხელს მაღალი დანახარჯები უშლის. შესაბამისი ინფრასტრუქტურის, გადამცემი ანძების, ანტენებისა თუ მიმღებ-გამანაწილებლების განთავსება საკმაოდ ძვირი ჯდება. 2025 წლამდე დარგში $225 მლრდ-ს ინვესტიციას ელიან, რომელიც შესაძლოა გაიზარდოს. უშუალოდ მომხმარებელს შესაბამისი სმარტფონის შესაძენად $1000 ან უფრო მეტი სჭირდება, მაშინ როცა უბრალო მეოთხე თაობის სმარტფონები $100-ზე ნაკლები ღირს. ევროპაში ამ ყველაფერს საკმაოდ რთული ბიუროკრატიული ბარიერები და ლიცენზიის მაღალი საფასურიც ემატება.


საბოლოოდ ყველაფერი საჭიროებაზე დადის. ამხელა რესურსი მარტო იმისთვის იხარჯება, რომ 4K გარჩევადობის ფილმი 2 წუთში გადმოვწეროთ? - არა. 5G-ის უმთავრესი უპირატესობა ნივთების ინტერნეტის ხელშეწყობა იქნება.



დღევანდელი ტექნოლოგიები: სამაგიდო კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და ინტერნეტი გასული საუკუნის 80-იანი, 90-იანი წლების პროდუქტია. მართალია თითოეული მათგანი 30 და 40 წლის წინანდელ დონესთან შედარებით მკვეთრად განსხვავებულია, მაგრამ მაინც მათი გაგრძელებაა. ამ ხნის განმავლობაში არსებითად ახალი, მასობრივად გამოყენების ნივთი ან სერვისი არ შექმნილა.


მთელს მსოფლიოში ყოველდღიურად ავტოავარიების შედეგად 3300 ადამიანი იღუპება, რაც წელიწადში 1.2 მლნ ადამიანს უდრის, ეს კი თავის მხრივ უფრო მეტია ვიდრე კვიპროსის, ლუქსემბურგის ან ისლანდიის მოსახლეობა. ავარიების აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანური დაუდევრობით ხდება. მძღოლი ან არ ამოწმებს ავტომობილის ტექნიკურ გამართულობას ან არღვევს მოძრაობის წესებს. უპილოტოების შემთხვევაში ეს რიცხვი უნდა შემცირდეს. შეცდომები პროგრამასაც მოსდის, მაგრამ ის გამიზნულ რისკზე არ წავა, წინასწარი შეცნობით ღერძულას არ გადაკვეთს, წითელზე არ გაივლის, დაშვებულ სიჩქარეს არ გადააჭარბებს და არც ალკოჰოლის გადაჭარბებულ დოზას მიიღებს. 5G ინტერნეტის მქონე უპილოტო ელექტრომობილები ერთმანეთთან მუდმივ კავშირზე იქნებიან და ნებით დისტანიის შემცირებასაც არ დაუშვებენ. გარდა ამისა მუდმივად ჩართული დიაგნოსტიკის სისტემა მის მფლობელს სიგნალს გაუგზავნის საჭირო რჩევებით.



5G-მ გადატრიალება შესაძლოა მედიცინაშიც მოიახდინოს. ჩინეთში პარკინსონით დაავადებულ პაციენტს თავის ტვინის ოპერაცია 3000 კილომეტრის მანძილიდან ჩაუტარეს. მას თავში სტიმულატორის ჩიპი იგივე იმპლანტანტი ჩაუდგეს. პაციენტი ქალა სანიში იმყოფებოდა, ქირურგი კი პეკინში. 5G თავის სიტყვას ინდივიდუალურ დეენემის დონეზე მკურნალობაშიც იტყვის.



თუ ჯერ კიდევ 15 წლის წინ ინტერნეტთან კავშირი მხოლოდ კომპიუტერებს ჰქონდათ, დღეს სმარტფონების რაოდენობა უფრო მეტია. ინტერნეტშია ჩართული ტელევიზორები, ფოტო და ვიდეო კამერები. რამდენიმე წელიწადში მათ მაცივარი, სარეცხი მანქანა და ვენტილიაციის სისტემა შეემატება. მათი მართვა კი სხვა კონტინეტიდანაც იქნება შესაძლებელი.


ორწლიანი პაუზის შემდეგ, ასევე მოსალოდნელია კრიპტოვალუტების ფასების ზრდადა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ყოველდღიური გამოყენების რეჟიმში დანერგვა. კრიპტოკაპიტალიზაცია 2017 წლის ბოლოსა და 2018 წლის დასაწყისში $800 მლრდ-ს აღემატებოდა, დღეს $200 მლრდ-ზე ნაკლებია. ციფრული ვალუტების ნაწილი, მაგალითად რიპლი, სწორედ ნივთერბის ინტერნეტის სტატეგიაზეა დაფუძნებული.



გარდა ძალიან მაღალი სიჩქარისა 5G-ის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა დაყოვნების სიმცირეა, რომელიც 0.001 წამს არ აღემატება, კავშირი უწყვეტია და უსიამოვნო სიურპრიზების ალბათობა მინიმუმამდე შემცირებული.


ტექნიკურად, სიგნალის გავრცელების მხრივ განსხვავება მის სტრუქტურაშიც გვხდება. თუ 4G-ის სიგნალი ირგვლივ სივრცეში 360 გრადუსით ვრცელდება 5G უშუალოდ საურველ ობიექტამდე მიდის. შემცირებულია ენერიის მოხმარებაც, რაც ერთის მხრივ ელექტროენერგიის ეკონომიააა, მეორეს მხრივ ახანგძლივებს ბატარიის სიცოცხლისუნაროანობას, რომლის დამზადება და უტილიზაციაც არაეკომეგობრულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 5G ეკოლოგიურ გარემოსაც გააუმჯობესებს და გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში თავის წვლილს შეიტანს.



რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს „კუდიანებზე ნადირობა“ XXI საუკუნეშიც გრძელდება. იყო პერიოდი, როდესაც პირველი თაობის მობილურ ტელეფონებს სიმსივნის გამომწვევად თვლიდნენ. დღეს უკვე მის მეხუთე თაობას ეწინააღმდეგებიან. ახალი ბრალის მიზეზი ანძების მომრავლებაა, რომლებიც მათი სპეციფიკურობიდან გამომდინარე საცხოვრებელ სახლებთან უფრო ახლოს უნდა განთავსდეს. ყველა კვლევა მოწმობს, რომ მათი დასხივების ინტენსიობა დაშვებულ ზარზე რამდენჯერმე ნაკლებია, თუმცა ეს არგუმენტი ყველასათვის საკმარისი არ არის. გარდა ამისა, მართალია, რაც უფრო ახლოსაა ანძა ანძიდან წამოსული დასხივება უფრო მეტია, მაგრამ კლებულობს უშუალოდ ტელეფონიდან მომავალი საფრთხე. ანძიდან დაშორებული ტელეფონი უფრო მეტი დატვირთვით მუშაობს და შესაბამისად უფრო საზიანოა მისი მფლობელისთვის, განსაკუთრებით ლოდინის რეჟიმში. სპეციალისტების რჩევაა რომ ნომრის აკრეფიდან აბონენტის პასუხამდე ტელეფონი ყურთან ახლოს არ მივიტანოთ და შორიახლოს გვეკავოს.


ბოლო 2 საუკუნეში, ტექნიკის ყველა მიღწევას თავისი უარყოფითი ბნელი მხარეც გააჩნია, იქნება ეს გამოსხივება, გამონაბოლქვი თუ რაომე სხვა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სწორედ ამ პერიოდში სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა გაირმაგდა, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ პირთა პროცენტული რაოდენობა კი 9-ჯერ შემცირდა.


5G ძალიან ამბიციური პროექტია, მაგრამ რა იქნება 6G? ტრამპმა უკვე მოითხვა მეექვსე თაობის ინტერნეტი და ტრამპი ამ რბოლაში მარტო არ არის, აღმოსავლეთიდან მას პირველობაში ჩინეთი ეცილება.



ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი, M2B-ს მიმომხილველი


მსგავს თემაზე:

IV ინდუსტრიული რევოლუცია - ისტორიული შანსი საქართველოსთვის


ტრამპს 5G აღარ აკმაყოფილებს, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი 6G ინტერნეტს ითხოვს


ჩინეთში თავის ტვინის ოპერაცია 5G ინტერნეტით 3000 კმ-ს მანძილიდან ჩატარდა


5G ინტერნეტი ეკოლოგიურ გარემოსაც გააუმჯობესებს


5G ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 5 წელიწადში 16 000%-ით გაიზრდება



სხვა სიახლეები