• Ƀ/$

ტრიპოლის მთავრობამ თურქეთს დახმარება ოფიციალურად სთხოვა

27 დეკემბერი 15:53, 2019 წელი | ანალიტიკა

ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობამ (GNA) გენერალ ხალიფა ჰაფთარის ძალების (LNA) შესაკავებლად თურქეთს ოფიციალურად სთხოვა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო დახმარების გაწევა.

მანამდე, პრეზიდენტი ერდოღანი ტრიპოლის მთავრობის მხარდასაჭერად, ლიბიაში თურქული სამხედრო ძალების გაგზავნას დათანხმდა და აღნიშნულის განსახორციელებლად თურქეთის პარლამენტისგან თანხმობა მოითხოვა. თურქი ლიდერის თქმით, ამ სახელმწიფოში რუსული კომპანია „ვაგნერის“ 2000-ზე მეტი მებრძოლია დისლოცირებული და იგი უმოქმედოდ ვერ დააკვირდება, თუ როგორ ეხმარებიან რუსები მეამბოხე გენერალს. აქვე ერდოღანმა საკითხის ერთობლივი განხილვა რუსეთის პრეზიდენტს შესთავაზა.


ლიბიაში ჯარების გაგზავნის საკითხი თურქული პარლამენტის დღისწესრიგში 7 იანვრიდან, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის განახლების შემდეგ დადგება. კანონპროექტი მაქსიმუმ ორ დღეში (8-9 იანვარი) შეიძლება დამტკიცდეს და შეიარაღებული ძალების გადასროლა დაუყონებლივ მოხდეს. 21 დეკემბერს, თურქეთის პარლამენტმა ტრიპოლის მთავრობასთან გაფორმებული სამხედრო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა.


მანამდე ერდოღანი მოულოდნელი ვიზიტით ტუნისს ეწვია, სადაც ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის (GNA) მხარდამჭერ საკითხზე ესაუბრა ტუნისელ კოლეგას.


თავდაპირველად თურქეთმა და GNA-მ განაცხადეს, რომ ტუნისი უერთდებოდა კონფლიქტს ტრიპოლის მთავრობის სასარგებლოდ, მაგრამ ტუნისის პრეზიდენტმა ქაის საიდმა უარყო ეს ინფორმაცია. დამატებით, ალჟირის ოფიციალური პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით, ისინიც არ გეგმავენ ლიბიაში სამხედრო ინტერვენციას, ტრიპოლის მთავრობის მხარდასაჭერად.


 - ეროვნული თანხმობის მთავრობა (GNA) ლიბიის დროებითი ხელისუფლებაა, რომელიც 2015 წელს, გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერით შეიქმნა. ეს ხელისუფლება დედაქალაქ ტრიპოლშია წარმოდგენილი.


 - ხალიფა ჰაფთარი არის პროფესიონალი სამხედრო, რომელსაც აშშ-ის და ლიბიის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. 2015 წლის მარტში იგი დაინიშნა იმ შეიარაღებული ძალების მეთაურად, რომელიც ლიბიის საკანონმდებლო ორგანოს - წარმომადგენელთა პალატას ექვემდებარება.


 - ამჟამად ჰაფთარიმ, რომელიც ლიბიის ეროვნულ არმიას (LNA) მეთაურობს, ქვეყნის ტერიტორიაზე, 9 ქალაქში მუნიციპალური საბჭო შეცვალა და იქ სამხედრო ადმინისტრაციები ჩამოაყალიბა. ამ ცვლილებების შემდეგ 2019 წლის მაისიდან, ლიბიაში მეორე სამოქალაქო ომი დაიწყო.


LNA: “თურქეთს ლიბიაში დაიშის ტერორისტები შემოჰყავს“


თურქეთის ხელისუფლებას სირიიდან მეამბოხე - ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (ყოფილი ალ-ნუსრას ფრონტი) და ტუნისიდან ტერორისტული ორგანიზაცია „დაიშის“ მებრძოლები შემოჰყავს. აღნიშნულის შესახებ LNA-ს პრესსპიკერმა არეფ ალი ნაიედმა განაცხადა. მისი თქმით, არალეგალური გზებით მებრძოლების შემოყვანაში თურქული დაზვერვა არის ჩართული.


რუსეთი ლიბიაში თურქული შეიარაღებული ძალების შესვლას ეწინააღმდეგება


მესამე სახელმწიფოს ჩარევა ლიბიის შიდა დაპირისპირებაში, ხელს არ შეუწყობს სიტუაციის მოგვარებას, მაგრამ პრობლემის მსგავსი გადაჭრის მცდელობა მისასალმებელია. აღნიშნულის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.


მისი თქმით, კრემლი ლიბიის კონფლიქტში არ ერევა და მათ არ შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეების გადაადგილების გაკონტროლება, რომლებიც დაქირავებულების სახით იბრძვიან ამ აფრიკული სახელმწიფოს ტერიტორიაზე.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

პუტინის დაქირავებული მებრძოლების კვალი ლიბიის სამოქალაქო ომში


ლიბია რეგიონალური ძალების გადაკვეთის ახალი წერტილია


ეგვიპტე ლიბიელ ამბოხებულებს მხარდაჭერას უცხადებს - არაბულ სამყაროში დაპირისპირებები გრძელდება


ლიბიის საკითხზე თურქეთი და რუსეთი საუბრობენ, ისრაელი წინააღმდეგია



სხვა სიახლეები