• Ƀ/$

10 ტექნოლოგიური მეთოდი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა იზოლირებისთვის იყენებს

30 დეკემბერი 12:49, 2019 წელი | ტექნოლოგიები

ჩრდილოეთ კორეას ე.წ. ჰერმეტულ სამეფოს, დალუქულ დიქტატურას უწოდებენ, სადაც ადამიანისა და ინფორმაციის მიმოსვლა საკმაოდ გართულებულია.

ინტერნეტისა და მისი თანმხლები ტექნოლოგიების აკრძალვის მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეელებისთვის საკმაოდ ადვილია უცხოურ მედიაზე, ფილმებზე, რადიოზე და ა.შ. წვდომის მიღება. აღნიშნულის შესახებ Business Insider აცხადებს.


ჩრდილოეთ კორეის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ახალი ანგარიში დეტალურად აღწერს იმ მეთოდებს, რომელსაც უზენაესი ლიდერი კიმ ჩენ ინი იყენებს, ქვეყნის ტერიტორიაზე საზღვარგარეთიდან შემომავალი ინფორმაციის აღსაკვეთად.


ეს მეთოდები მოიცავს როგორც პატიმრობას, აგრეთვე სიკვდილით დასჯას „აკრძალული“ მედიის ყურებისთვის და ქვეყანაში ჩასული ტურისტებისთვის საერთაშორისო მობილური ქსელის ჩახშობას.


როგორ შეიძლება ინარჩუნებდეს სახელმწიფო იზოლირებას იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში ინტერნეტი ასეთი მასობრივია?


აღნიშნული ჩრდილოთ კორეის „ჰერმეტული სამეფოს“ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც ცდილობს მისი მოქალაქეები სრულ „სიბნელეში ამყოფოს“, ამ ფრაზის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ქვეყანაში ინტერნეტი, სმარტფონები, ლეპტოპები, ტელევიზორები და რადიო არსებობს, ოღონდ არა იმ ფორმით, როგორც ამას დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობა იცნობს. რადიო და ტელევიზია იმ ფორმით არის კონფიგურირებული, რომ რიგითი ჩრდილოეთ კორეელი შიდა მაუწყებლობის გარდა ვერაფერს უყურებს, ხოლო ინტერნეტი ფართო მასშტაბებით არის ბლოკირებული.


კიმ ჩენ ინისთვის ამ ეტაპზე გაცილებით რთულია ჩინეთის საზღვრიდან „არალეგალურად“ შემომავალი ე.წ. microSD და SIM ბარათების გაკონტროლება, რომელიც უცხოური მედია ფაილებს და გლობალურ ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს.


ჟურნალისტის და ჩრდილოეთ კორეის საკითხებში ექსპერტის მარტინა უილიამსის მოხსენებით, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სისტემა, ყოველ ჯერზე ახალ გზებს ეძებს მოსახლეობის „სიბნელეში“ დასატოვებლად - იქნება ეს რადიო-სიგნალების ჩახშობა, თუ ხალხის საკონტროლებლად ანდროიდის სისტემის ჯაშუშური მოდიფიცირება.


1. ჩრდილოეთ კორეა ინტერნეტს მასობრივად აკონტროლებს


ეს სახელმწიფო ინტერნეტს სრულად არ არის მოწყვეტილი, რასაც ადასტურებს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ჰაკერების თავდასხმები გლობალურ ინტერნეტზე.


ვირტუალური სივრცე ქსელის დონეზე მკაცრად კონტროლდება და იგი მოსახლეობის ფართო წრისთვის არის დახურული. ამ ყველაფერს კონტროლს უწევს სახელმწიფო სააგენტო, ე.წ. ბიურო 27, რომელიც ტრანსმისიის ზედამხედველობის ორგანოა.


 


 


2. ჩრდილოეთ კორეას იაფი, ჩინური ანდროიდ-სმარტფონები შეაქვს ქვეყანაში და ახდენს მის ჯაშუშურ მოდიფიცირებას მოსახლეობის საკონტროლებლად


ამ სახელმწიფოს მოქალაქეებს თანამედროვე სმარტფონზე წვდომა შეზღუდული „არ აქვთ“. მათ შეუძლიათ შეიძინო ჩინური წარმოების ტელეფონები, რომელიც ჩრდილოეთ კორეული ბრენდის დასახელებით იყიდება. აღნიშნულ მობილურებში წინასწარ არის ჩატვირთული ჯაშუშური პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო სისტემა აკონტროლებს.


ალტერნატიულ შემთხვევაში, მოქალაქეები ჩინეთის საზღვარზე არალეგალურად ყიდულობენ სხვა სმარტფონებს, რომელსაც საერთო ქსელში ვერ იყენებენ, რადგან მობილური ქსელის კონტროლის გამოყენებით, მათ ხელისუფლება თვალყურს მიადევნებს.


იგივე ეხება პერსონალურ კომპიუტერს - ჩრდილოეთ კორეა ოპერაციულ სისტემა „ლინუქსის“ ანალოგ „წითელ ვარსკვლავს“ (Red Star) აწარმოებს, რომელსაც მოქალაქეების პირადი სივრცის კონტროლი შეუძლია.


3. ჯაშუშური პროგრამა აკვირდება, რომელ საიტზე შედის მოქალაქე


„ჩრდილოეთ კორეული“ სმარტფონები ანდროიდ სისტემაზე მუშაობენ. უბრალოდ, ადგილობრივი ტექნოლოგები ამ სისტემაში სვამენ ე.წ. ფონურ (Background) პროგრამა „წითელ დროშას“ (Red Flag), რომელსაც ფართო ჯაშუშური ფუნქციები გააჩნია - შეუძლია მომხმარებლის ნებისმიერი აქტივობის გაკონტროლება, მათ შორის ე.წ. სქრინშოთის გადაღებაც. ეს „სქრინშოთები“ ავტომატურად იგზავნება მონაცემთა ბაზაში, სახელწოდებით „კვალის მაყურებელი“ (Trace Viewer).


რეალურად ჩრდილოეთ კორეას არ გააჩნია იმხელა რესურსი, რომ თითოეული მოქალაქის ტელეფონი გააკონტროლოს, მაგრამ ამ პროგრამის არსებობა მოსახლეობაზე დიდ, უარყოფით ზეგავლენას ახდენს და მისი არსებობა „აშინებთ“.


4. „ჩრდილო-კორეულ მოწყობილობაზე“ უცხოური მედია-ფაილის გახსნას რეჟიმი შეიტყობს


ჩრდილოეთ კორეელმა ინჟინრებმა შექმნეს პროგრამა, რომელიც ე.წ. თეგით ნიშნავს ყველა იმ მედია-ფაილს, რომელსაც მომხმარებელი პერსონალურ კომპიუტერში თუ ტელეფონში გახსნის და უყურებს. მაგალითად ვინც ნახავს უცხოურ ფილმს, თან არაერთხელ და რამდენჯერმე მოინიშნება მისი მოწყობილობა ე.წ. თეგით, ამით რეჟიმის განსაკუთრებულ ყურადღებას დაიმსახურებს.


 


 


5. სახელმწიფოს მობილური ქსელი გათიშული აქვს მსოფლიო კავშირგაბმულობიდან


ჩრდილოეთ კორეას ამჟამად ეგვიპტურ კომპანია Orascom-თან ერთად შექმნილი სატელეკომინიკაციო სისტემის ვერსია გააჩნია. ადგილობრივებისთვის მობილურის ნომრები 191-260-ით იწყება, ხოლო უცხოელი ტურისტებისთვის/ვიზიტორებისთვის 191-250-ით. უცხოურ, საერთაშორისო Sim-ბარათს, ჩრდილოეთ კორეა ავტომატურად ახშობს მის ტერიტორიაზე.


 


 


6. პორნოგრაფიის ყურებისთვის სასიკვდილო განაჩენია


ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთ კორეაში, იაპონიაში ან ჩინეთში გაქცეული უამრავი ადამიანი აცხადებს, რომ უმკაცრესი სასჯელი, სიკვდილით დასჯა არის გათვალისწინებული პორნოგრაფიული კონტენტის ან ისეთი მედია-მასალის ყურებისთვის, რომელიც კიმ ჩენ ინის ოჯახის კრიტიკას შეიცავს. აქვე აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ფაილები „არალეგალურად“ მაინც შედის ამ სახელმწიფოში SD-ბარათების სახით და მისი ფასი დაახლოებით $500.


 


7. ჩრდილოეთ კორეაში ყველა რადიო მთავრობის სიხშირეზეა


ჩრდილოეთ კორეელებს მხოლოდ სახელმწიფო სიხშირეზე მომუშავე რადიო-სადგურების მოსმენა შეუძლიათ. უცხოური რადიოს ან ტელევიზიის ყურება უკანონოა და მთავრობა რეგულარულ „რეიდებს“ ახორციელებს, აღნიშნულის პრევენციისთვის (ამავდროულად უამრავ მოქალაქეს აქვს ე.წ. მეორე რადიო და ტელევიზორი, რომელსაც ფარულად ინახავენ და მხოლოდ „ოფიციალურ“ მოწყობილობებს უჩვენებენ ინსპექტორებს).


ჩრდილოეთ კორეა უცხოურ რადიო-სადგურებს ახშობს. საზღვარგარეთიდან შემავალი სიხშირეების დასაძლევად ისინი „ძლიერი ხმაურის ტრანსმისიას“ ახორციელებენ. ყველაზე დიდი ყურადღება მახვილდება სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურის ორ სადგურზე - „ხალხის ხმასა“ და „იმედის ექოზე“.


8. ჩრდილოეთ კორეას მის მიერ შექმნილი მობილური თამაშები აქვს


ამ ქვეყნის შესაბამისმა სამსახურებმა სმარტფონის დაახლოებით 125 თამაში შექმნეს, რომლის მიზანი ისაა, რომ მოქალაქეებმა თავისუფალი დრო ასეთ გართობაში გაატარონ და უარი თქვან „არალეგალური“ კონტენტის მოხმარებაზე.


 


 


 


9. ღია, საჯარო ტიპის „WiFi“ აკრძალულია


დედაქალაქ ფხენიანში წარმოდგენილმა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმა რამდენიმე ხნის წინ ღია, საჯარო ტიპის WiFi ქსელი ჩართეს. აღნიშნულ ადგილობრივ მოქალაქეს აძლევდა საშუალებას გამოეყენებინა უფასო ინტერნეტ-წვდომა სრულიად ლეგალურად, მანამ, სანამ სახელმწიფომ საჯარო ტიპის WiFi სრულად არ აკრძალა.


 


 


 


10. მჭიდროდ კონტროლირებად ტვ-ტექნოლოგიაზე გადასვლა


ჩრდილოეთ კორეას ე.წ. სტიმინგ ტელევიზია გააჩნია (streaming TV). არსებობს ორი საშინაო IPTV მომსახურება. ამათგან პოპულარული Manbang-ია. როგორც ტელეფონები, ე.წ. set-top box-იც ჩინური წარმოების არის, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა რებრენდინგს უკეთებს და ისე აწვდის მოსახლეობას.


მოსახლეობას, რომელსაც აქვს Manbang, შეუძლია დიდი მოცულობის, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია-რესურსის მიღება, მაგრამ არ გააჩნია წვდომა საგარეო კონტენტზე. ამასთან არსებობს ტრადიციული, ე.წ. საჰაერო მაუწყებლობის მიღების (over-the-air) საშუალებაც, რომლის სიხშირეს ადგილობრივები „არალეგალური“ ტელევიზორით იჭერენ, საზღვარგარეთული კონტენტის სანახავად. ამავდროულად არის ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში სახელმწიფო სრულად აკრძალავს/ჩაახშობს საჰაერო მაუწყებლობის მიღებას.


აღნიშნული კიდევ უფრო გაართულებს ჩრდილოეთ კორეელებისთვის დანარჩენ მსოფლიოს კავშირს.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

ირანი ჩრდილოეთ კორეას აშშ-თან დაკავშირებით აფრთხილებს


ორი კორეა ერთმანეთს შესაძლოა რკინიგზით დაუკავშირდეს


ჩრდილოეთ კორეამ ბირთული შეიარაღების პროცესი განაახლა


დონალ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას ეწვია



სხვა სიახლეები