• Ƀ/$

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ისტორია და სტრუქტურა

8 იანვარი 14:23 | ანალიტიკა

3 იანვარს, აშშ-ის სარაკეტო შეტევის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ყუდსის დანაყოფის მეთაური, გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს.

უწყების ზოგადი ხასიათი


ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ირანული სამხედრო-პოლიტიკური ელიტური დანაყოფი, რომელიც ჯარის, პოლიციის, ჟანდარმერიის და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციებს ითავსებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის (IRI) კონსტიტუციის თანახმად, IRGC-ის მთავარ ამოცანას „ისლამური რევოლუციის და მისი მონაპოვარის დაცვა“ წარმოადგენს, რომელიც ოფიციალურად ირანის შეიარაღებული ძალების ნაწილად ითვლება. ის უშუალოდ სულიერ ლიდერს, კონკრეტულად 1989 წლიდან კი აიათოლა ალი ხამენეის ექვემდებარება. სტრუქტურას 2019 წლის აპრილიდან ბრიგადის გენერალი ჰოსეინ სალამი ხელმძღვანელობს.


გუშაგთა კორპუსი 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, ირანელი შიიტების მაშინდელი ლიდერის, აიათოლა  რუჰოლი მუსავი ჰომეინის მომხრე პარამილიტარისტული ჯგუფების გაერთიანებით ჩამოყალიბდა. ამ დანაყოფის მებრძოლებს ფარსზე „ფასდარს“ ანუ „დამცველს“ უწოდებენ. კორპუსი დაარსდა იმ დროს შაჰის „არასაიმედო“ ოფიცერთა საპირწონედ და მათ დასაბალანსებლად. დროთა განმავლობაში IRGC გახდა მობილური, ბრძოლისუნარიანი, კომბინირებული შეიარაღების მქონე ფორმირება.


1982 წელს მიღებული წესდების მიხედვით გუშაგთა კორპუსის ფუნქციებში შედის ირანის არმიის მხარდაჭერა სახელმწიფო დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხებში; მმართველი ისლამური რეჟიმის სტაბილურობის უზრუნველყოფა; ისლამური რევოლუციის საწინააღმდეგო „დივერსიული ელემენტებისა და მოძრაობების“ წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამცავი ძალების დახმარება, ასევე სახელმწიფო ინსტიტუციების, რელიგიური და პოლიტიკური მოღვაწეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ეკონომიკურ განვითარების პროექტებში მონაწილეობა და სტიქიური უბედურებების დროს სამაშველო ოპერაციებში ჩართვა.


IRGC-ის სტრუქტურაში შედის ე.წ. პოლიტიკური დანაყოფი, რომელიც რელიგიური და პოლიტიკური „დამუშავებით“, ასევე კორპუსის „დამცველთა“ მომზადებით არის დაკავებული. სამხედრო დანაყოფი, რომელიც პირდაპირ სამხედრო დავალებებს ასრულებს და ეკონომიკური დანაყოფი, რომელიც IRGC პერსონალისთვის მატერიალურ, ტექნიკურ, სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს.


ტერიტორიული თვალსაზრისით გუშაგთა კორპუსი მთელ ქვეყანაში ოლქებად არის დანაწილებული, რომელიც თავის მხრივ რაიონებად, ბაზებად და პოსტებად იყოფა. როგორც წესი ოლქი რამდენიმე ადმინისტრაციული რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს. IRGC-ის შტაბ-ბინა თეირანში, აშშ-ის ყოფილი საელჩოს შენობაში მდებარეობს.


IRGC-ის პირველი „სამხედრო ნათლობა“ ირან-ერაყის 1980-1988 წლების ომში შედგა. 2011 წლიდან მისი ფორმირებები სირიის ომში, ადგილობრივი მთავრობის მხარეს მონაწილეობენ.


2019 წლის 8 აპრილს ვაშინგტონმა გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხა და ეს მოხდა აშშ-ის ისტორიის მანძილზე პირველად, როდესაც უცხო ქვეყნის რეგულარული სამხედრო ძალები ტერორისტულ ელემენტებად გამოაცხადეს.


IRGC-ის სამხედრო სტრუქტურა


ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებად იყოფა. ისინი შეიქმნა 1985 წლის სექტემბერს, აიათოლა ჰომეინის ბრძანებულების თანახმად. ამის შემდეგ მათ შემადგენლობაში დამატებით შევიდა ირანის სარაკეტო ძალები. მოსამსახურეთა გაწვევა ნებაყოფლობით საფუძველზე ხორციელდება - ირანის ისლამური რეჟიმის ფანატიკურად თავდადებული, 16 წლის ასაკს ზემოთ (ქალები და მამაკაცები) მოსახლეობიდან, რომელთაც აქვთ შესაბამისი რეკომენდაცია სულიერი მსახურებისგან და გაივლიან სრულყოფილ ტესტირებას. IRGC-ის წევრებს ეკრძალებათ პარტიებსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანება. არაოფიციალური ინფორმაციით გუშაგთა კორპუსის რიგებში 125 000 ადამიანია გაწევრიანებული. IRGC-ის შემადგენლობაში დამატებით შედის „ბასიჯის“ დანაყოფი, რომლიც წევრები თვალყურს ადევნებენ კანონებისა და რელიგიური ნორმების განუხრელ დაცვას და მონაწილეობენ ოპოზიციური მუხტის ჩახშობაში.


ყუდსის დანაყოფი


IRGC-ის კიდევ ერთი დანაყოფი ყუდსის სპეციალური ძალებია (ფარსზე „იერუსალიმის ძალები“). ამ ძალების ძირითადი ფუნქციები სამხედრო დაზვერვა, ქვეყნის გარეთ სპეციალური ოპერაციების ჩატარება, სხვა სახელმწიფოების შიიტურ ელემენტებთან, მოძრაობებთან და შეიარაღებულ ჯგუფებთან კონტაქტების დამყარებაა. ყუდსი 1980 წელს დაარსდა.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


 


მსგავს თემაზე:

აშშ-ირანის დაძაბულობა: უკანასკნელი სიახლეები


ვინ არის ირანული ყუდსის დანაყოფის ახალი ხელმძღვანელი?


ირანის შეტევა ერაყის ამერიკულ ბაზებზე



სხვა სიახლეები