• Ƀ/$

რა შესაძლებლობებისა და მასშტაბების სამხედრო რესურსი გააჩნია ირანს?

10 იანვარი 13:37 | ანალიტიკა

გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ შეერთებულ შტატებთან წარმოქმნილი მზარდი ესკალაციის ფონზე საინტერესოა იმის ხილვა, თუ რამდენად ძლიერია ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები.

ამ საკითხზე პასუხის გასაცემად პირველ რიგში უნდა გავიგოთ თუ რა სტრატეგიული მიზნების შესრულებისკენ ისწრაფვის ოფიციალური თეირანი.


დღესდღეობით შიიტური ირანის ხელისუფლების უმთავრეს მიზანს ახლო აღმოსავლეთში მისი გავლენის გავრცელება და ინტერესების დაცვა წარმოადგენს, რათა ხელი შეუშალოს სუნიტურ საუდის არაბეთს იყოს წამყვანი სახელმწიფო დასავლეთ აზიაში.


მიზნის მისაღწევად თეირანი პირველ რიგში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეავიწროვოს, შეაკავოს და სამომავლო პერსპექტივაში განდევნოს აშშ-ის უზარმაზარი კონტინგენტი, რომელიც რეგიონის 10 ქვეყანაში არის წარმოდგენილი.


დასახული სტრატეგიული ამოცანების შესრულებისას ირანი მაქსიმალურად ცდილობს თავიდან აირიდოს პირდაპირი, სრულმასშტაბიანი ომი შეერთებულ შტატებთან, რადგან მათი სამხედრო ძალების შესაძლებლობები ბევრად სუსტი და არაპროპორციულია ვაშინგტონთან და მის მოკავშირეებთან შედარებით.


არ არის ბირთვული იარაღი, მაგრამ არის მრავალრიცხოვანი „Proxy-ძალა“


ირანს კარგად ჩამოყალიბებული და გაწერილი ბირთვული პროგრამა გააჩნია, მაგრამ მათ ბირთვული შეიარაღების დამზადების უნარი არ აქვთ.


„თეირანი ბალისტიკურ-სარაკეტო პროგრამას ფლობს, მაგრამ არ აქვს შორი დისტანციის რაკეტები, რომლებსაც შეერთებულ შტატებამდე მიღწევა შეუძლია. გარდა ამისა მათ კარგი ურთიერთობები აქვთ რუსეთთან და ჩინეთთან, მაგრამ ეს არ გულისხმობს ძლიერ მოკავშირეობას გლობალურ მოთამაშეებთან“, - აღნიშნავს გამოცემა The Atlantic.


ირანი ძირითადად ე.წ. proxy-ძალების, ანუ „შუამავლების“ გამოყენებით აწარმოებს ასიმეტრიულ ომებს, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის და მისი მოკავშირეების დასუსტებას.


ირანის სამხედრო ძალები - მსოფლიოში რიგით მერვე აქტიური პერსონალის გამოყენებით, ორიენტირებულია ასიმეტრიული ომის სტრატეგიის გატარებაზე.


მოკრძალებული სამხედრო ბიუჯეტი


Stockholm International Peace Research Institute-ის (SIPRI) მონაცემებით 2018 წელს ირანის თავდაცვის ბიუჯეტი $13 მლრდ-ს შეადგენდა და სამხედრო ხარჯების თვალსაზრისით მსოფლიოში მე-18 ადგილს იკავებს. ამ მონაცემებით იგი ჩამორჩება რეგიონულ მოწინააღმდეგეებს - საუდის არაბეთს, რომლის ბიუჯეტი $70 მლრდ-ია და ისრაელს, რომლის თავდაცვის შესაძლებლებლობები $18,5 მლრდ-ია (აშშ-ის $700 მლრდ-ზე მეტია).


ამასთან, ირანის სამხედრო ხარჯები 2018 წელს 9,5%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით. აღნიშნული აშშ-ის მხრიდან დაწესებულმა სანქციებმა და ამის შედეგად წარმოშობილმა ეკონომიკურმა პრობლემებმა გამოიწვია. ეს არის ვაშინგტონის სტრატეგია, რომელსაც „მაქსიმალურ ზეწოლას“ (Maximum pressure) უწოდებენ.


ზემოხსენებულის მიუხედავად ირანის შეიარაღებული წარმომადგენლობა, განსაკუთრებით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსებაზე დამოკიდებული არ არის. ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლობა თეირანის საფონდო ბირჟაზე არსებული კომპანიების მეხუთედს აკონტროლებს, რომელიც შეიარაღებული ძალებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა. გარდა ამისა, IRGC ირანის ჩრდილოვანი ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს.


უდიდესი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში


საერთო სამხედრო სიძლიერის თვალსაზრისით, Global Firepower-ისა და Business Insider-ის 2019 წლის რეიტინგით (137 ქვეყანაა შესული სულ), ირანის შეიარაღებული ძალები მე-14 ადგილზეა.


თეირანის კონტიგენტში 523 000 აქტიური სამხედრო პერსონალი და 350 000 რეზერვისტი შედის, რითაც იგი ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი წარმომადგენლობის მქონეა. ირანის არმიის შიდა სტრუქტურაში ყველაზე ძლიერი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი 150 000 წევრს ითვლის.


IRGC-ის მნიშვნელობა და გავლენა იმდენად მაღალია, რომ მისი ხელმძღვანელი ჰოსეინ სალამი უშუალოდ უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის ემორჩილება.


არმია შეიარაღებული ძალების შიგნით


ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი 5 დანაყოფისგან შედგება. ერთ-ერთ ასეთ დანაყოფს, ყუდსის ძალებს გენერალი ყასემ სოლეიმანი ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდა, რომელიც ამერიკულმა დრონმა 3 იანვარს იმსხვერპლა. ყუდსის ძალები საგარეო ოპერაციების (განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში) ჩატარებაზეა ორიენტირებული. ამ დანაყოფის პირადი შემადგენლობის ზუსტი რაოდენობა დაუზუსტებელია, მაგრამ დაახლოებით 17 000-დან 21 000 წევრამდე მერყეობს.


ყუდსის ძალების საგარეო მიზნებისთვის გამოყენება გულისხმობს სხვადასხვა შიიტურ ჯგუფებთან კონტაქტების დამყარებას და პრო-ირანული განწყობების გაღვივებას. მსგავსი ტიპის მოკავშირეები ირანს სულ მცირე 5 სახელმწიფოში ჰყავს და მათი საერთო რიცხვი დაახლოებით 200 000-ია.


სახმელეთო ტექნიკა


ირანის შეირაღებული ძალების შემადგენლობაში 1634 ერთეული ტანკია. გარდა ამისა მათ გააჩნიათ 2345 ერთეული შეჯავშნული საბრძოლო მანქანა და 1900 ერთეული სარაკეტო დანადგარი. ამასთან, ტანკების დიდი უმრავლესობა მოძველებული მოდელებისგან შედგება. ახალი არის მხოლოდ მოდელი Karrar, რომელიც 2018 წელს მიიღეს შეიარაღებაში და იგი ძალიან ჰგავს რუსულ T-90-ს. ირანი დღემდე უარყოფს იმ ფაქტს, რომ მათ რუსებთან თანამშრომლობის შედეგად შექმნეს ზემოხსენებული ტანკი.


საზღვაო ძალები


ირანის საზღვაო ძალები შედარებით მოკრძალებულია. მათ არც ავიამზიდი და არც ე.წ. გამანადგურებლები (Destroyer) აქვთ პირად შემადგენლობაში. თეირანის ფლოტის შეიარაღებაში არის 6 ერთეული ფრეგატი, 3 ერთეული კორვეტი, 34 ერთეული წყალქვეშა ნავი და 88 ერთეული საპატრულო ხომალდი. წყალქვეშა ნავები რუსული წარმოების დიზელისძრავიანი ე.წ. კილო-კლასის (Kilo-class submarine) ხომალდებია.


საჰაერო ძალები


ირანის სამხედრო-საჰაერო ძალებს 509 ერთეული ხომალდი გააჩნია, რითაც იგი რეგიონის ქვეყნებს - საუდის არაბეთს (848 ერთეული) და ისრაელს (595 ერთეული) ჩამორჩება, რომ აღარაფერი ითქვას აშშ-ის საჰაერო ძალებზე.


ირანის საჰაერო ძალების დიდი ნაწილი შაჰის მმართველობის პერიოდიდან მოჰყვება. გარდა ამისა, მათ გააჩნიათ მანამდე ერაყის შეიარაღებაში არსებული ტექნიკა, რომელიც 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის დროს, იმდროინდელმა დიქტატორმა სადა ჰუსეინმა ირანის ტერიტორიაზე გადაიტანა, რათა თავიდან აეცილებინა აშშ-ის მიერ ამ საჰაერო ხომალდების განადგურება.


1970-იან წლებში შექმნილი ამერიკული წარმოების F-4, F-5 და F-14 ტიპის გამანადგურებლები, ირანული მეტსახელით „Tizparvazan”, ანუ “სწრაფი მფრინავები“ თეირანის საჰაერო ძალების შემადგენლობაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებს იკავებენ.


2015 წლის ბირთვული გარიგების დადებამ ირანს საერთაშორისო სანქციები მოუხსნა, რამაც მის ეკონომიკას შესაძლებლობა მისცა მოკლე დროში განეახლებინათ საჰაერო ძალები. მათ ჰქონდათ ფრანგული Mirage 2000-ის შეძენის საშუალება, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ ამერიკულ და რუსულ თვითმფრინავებს უფრო უკეთ იცნობდნენ და უარი თქვეს ფრანგული იარაღის ყიდვაზე. ირანს ჰქონდა შანსი შეეძინა რუსული წარმოების Su-30-ები, მაგრამ ამ არჩევანზეც უარი თქვეს.


ზემოხსენებული მოხდა იმიტომ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი პოზიტიურად არ უყურებდა რეგულარული არმიის ძალების ზრდას და კომფორტულად ვერ გრძნობდა თავს ამ მოცემულობაში.


სარაკეტო საიმედოობა


აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ირანის ნავთობის ექსპორტის პირდაპირი შემცირება და შესაბამისად შეიარაღების იმპორტის კლება ბოლო წლებში ავტომატურად გამოიწვია. შესაბამისად თეირანი იძულებული გახდა უფრო მეტად დამოკიდებული ყოფილიყო შიდა ტექნოლოგიების შემუშავებაზე და ამ მიზნით იაფი რუსული და ჩინური ინვენტარის შეძენა დაიწყო.


ირანი განსაკუთრებულ ყურადღებას სარაკეტო ინდუსტრიის განვითარებას აქცევს, რათა დაძლიოს/გადაფაროს ის არსებული ნაკლოვანებები, რომელიც მის სამხედრო ტექნიკას გააჩნია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ირანს რეგიონში ყველაზე მეტად განვითარებული მოკლე და საშუალო მანძილის სარაკეტო სისტემა გააჩნია.


არსებულ რაკეტებს შორის გმოსარჩევია 300 კმ. დიაპაზონის მქონე Shahab 1 ტიპის დანადგარი, რომელმაც აშშ-ის ირანის მეზობელ სახელმწიფოებში პატრიოტის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებისკენ უბიძგა, სარაკეტო საფრთხეების გადასაფარად.


თეირანი დამატებით მუშაობდა კონტინენტური რაკეტების შემუშავებაზე, თუმცა აღნიშნული პროგრამა შეჩერდა მას შემდეგ რაც მათ 2015 წლის ბირთვული შეთანხმება დადეს 6 მსოფლიო ძალასთან. 2018 წელს, შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლის შემდეგ, ირანმა თანდათან შეაჩერა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულება და საბოლოოდ, სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ თეირანმა განაცხადა, რომ უარს ამბობდა ხელშეკრულების ყველა დეტალის აღსრულებაზე. ამით ირანი დაიტოვებს შესაძლებლობას კვლავ წამოწიოს წინ კონტინენტური სარაკეტო პროგრამის დამუშავება. მათ სურთ 2000 კმ-იანი დიაპაზონის Shahab 3-ის ტიპის რაკეტის შექმნა, რათა საჭიროების შემთხვევაში „მიწვდეს“ ისრაელს. გარდა ამისა, ირანი ფლობს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა S-300-ის 32 ერთეულ ბატარეას.


კიბერშესაძლებლობები და დრონები


ირანს აქვს უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთაც ერაყში და ისრაელის წინააღმდეგ დაპირისპირებაში იყენებს. აქვე ითვლება, რომ თეირანმა საუდის არაბეთის სანავთობე ინფრასტრუქტურაზე სწორედ დრონების გამოყენებით მიიტანეს იერიში 2019 წელს.


ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს აქვს კიბერთავდასხმების დანაყოფი, რომელიც საზღვარგარეთ განხორციელებულ რამდენიმე შეტევაზე არის პასუხისმგებელი. გენერალ სოლეიმანის შემდეგ ირანმა შესაძლოა ეს მეთოდი გამოიყენოს ამერიკული ინფრასტრუქტურის და კონტიგენტის წინააღმდეგ, არსებული ასიმეტრიული ომის მიმდინარეობისას.


სამმხრივი სტრატეგია


არსებული ინფორმაციებით და ანალიტიკოსთა ვარაუდით, ირანი აშშ-სთან პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას არ გეგმავს და სოლეიმანის მკვლელობის საპასუხოდ მის ასიმეტრიულ სამხედრო რესურსს სრულად გამოიყენებს, რათა ჯერ შეაკავოს და შემდგომ ეცადოს განდევნოს ამერიკა ახლო აღმოსავლეთიდან.


პოტენციური დაპირისპირების ფონზე თეირანი ე.წ. სამმხრივ სტრატეგიას გამოიყენებს.


პირველი - „თავდაცვა საზღვრებს გარეთ“, ანუ ყუდსის ძალები განახორციელებენ სხვადასხვა ტიპის ოპერაციებს მეზობელ სახელმწიფოებში აშშ-ის წინააღმდეგ. მეორე - რაკეტების გამოყენება ამერიკული ობიექტების წინააღმდეგ და მესამე - ჰორმუზი სრუტის ჩაკეტვის მცდელობები, გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე კრიზისის გამოსაწვევად.


ჰორმუზის სრუტეში კონფლიქტის შემთხვევაში, ირანს შეუძლია ჩამოშალოს მსოფლიოს რიგით მეოთხე უმსხვილესი ნავთობის რეზერვები, 150 მლრდ. ბარელზე მეტი ნავთობის ბლოკირებით.


ირანის ტერიტორიაზე ამერიკის კოალიციური ჯარების პირდაპირი სახმელეთო შეჭრის შანსი საკმაოდ დაბალია, რადგან სპეციალისტთა გათვლით აღნიშნულს დაახლოებით 1,6 მლნ-იანი კონტიგენტი სჭირდება, რათა ვაშინგტონს ერაყის სცენარი არ გაუმეორდეს.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

ეკონომიკური სანქციების – როგორც ომის ალტერნატივის ანატომია


ვინ არის ირანული ყუდსის დანაყოფის ახალი ხელმძღვანელი?


ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ისტორია და სტრუქტურა


ტრამპი: სანამ ამერიკის პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მიეცემა უფლება ფლობდეს ბირთვულ იარაღს


ირანი დღეს უფრო ღარიბია ვიდრე 42 წლის წინ ისლამურ რევოლუციამდე



სხვა სიახლეები