• Ƀ/$

თურქულ-რუსულ შეთავაზებას ლიბიაში არ ეთანხმებიან

10 იანვარი 17:27 | ანალიტიკა

ლიბიის ეროვნული არმიის (LNA) სარდალმა ხალიფა ჰაფთარმა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება 9 იანვარს უარყო.

ორი სახელწიფოს ლიდერს შორის 8 იანვარს, სტამბოლში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეები ლიბიის საკითხზე საზავო რეჟიმის შეთავაზებაზე შეთანხმდნენ, რომელიც ძალაში 12 იანვრიდან უნდა შესულიყო.


გაკეთებულ განცხადებაში LNA-ს ბრიგადის გენერალმა აჰმად ალ-მესმარიმ აღნიშნა, რომ ისინი მიესალმებიან რუსეთ-თურქეთის შეთავაზებულ წინადადებას, მაგრამ კვლავ გააგრძელებენ ალყას დედაქალაქ ტრიპოლიზე.


„ტერორისტთა წინააღმდეგ, რომელთაც უცხო ქვეყნების დახმარებით დედაქალაქი ტრიპოლი აქვთ დაკავებული, ჩვენი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება“, - განაცხადა ალ-მესმარიმ.


გაეროს მიერ აღიარებული ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის (GNA) ლიდერის ფაიზ ალ-სარაჯის განცხადებით კი ისინი საზავო შეთანხმების მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამენ.


თურქეთისა და რუსეთის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ორი რამეზეა ყურადღება გასამახვილებელი:


1. რუსეთმა, რომელიც არაოფიციალურ მხარედ ითვლება და ეხმარება LNA-ს, გარკვეული სახის შეთანხმებას მიაღწია თურქეთთან, რომელიც პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებს GNA-ს. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ სავარაუდოდ რუსებმა საზღვაო საზღვრების გადახედვის, ამ ტერიტორიაზე მათი გავლენის გავრცელებისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში საძიებო-ბურღვითი საქმიანობის დაპირება მიიღეს.


2. თურქეთის შესაძლებლობები ლიბიაში საკმაოდ შეზღუდულია და მას LNA-ს წინააღმდეგ ნამდვილად არ შეუძლია ეფექტური შეტევითი ან თავდაცვითი ოპერაციის ჩატარება იმის მიუხედავად, რომ ცდილობს როგორც სირიის პრო-თურქული მებრძოლების გადასროლას, ასევე სამხედრო მრჩევლების, ექსპერტების, სამხედრო ტექნიკის და ა.შ. გადაყვანას ამ სახელმწიფოში.


ზემოაღნიშნული აჩვენებს, რომ თურქეთს აქვს მოტივაცია, მაგრამ არ აქვს სრული შესაძლებლობები გავლენა გაავრცელოს ლიბიაზე და დაეხმაროს GNA-ს, რადგან გეოგრაფიული ტერიტორიის დიდ ნაწილს LNA აკონტროლებს, ამავდროულად ვერ შეძლო ტუნისთან და ალჟირთან გარკვეული შეთანხმებების მიღწევა და გარდა ამისა, ეგვიპტის მხრიდან სერიოზულ წინააღმდეგობებს აწყდება.


თურქეთ-ლიბიას შორის საზღვაო საზღვრების დადგენის შეთანხმებას არაკანონიერად მიიჩნევს საფრანგეთი, საბერძნეთი, ეგვიპტე და კვიპროსი. თავის მხრივ ანკარა ირწმუნება, რომ ზემოხსენებული საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებშია მოქცეული.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

ლიბია რეგიონალური ძალების გადაკვეთის ახალი წერტილია


ლიბიის მთავრობის მეთაური ერდოღანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს


ეგვიპტე ლიბიელ ამბოხებულებს მხარდაჭერას უცხადებს - არაბულ სამყაროში დაპირისპირებები გრძელდება


ლიბიის საკითხზე თურქეთი და რუსეთი საუბრობენ, ისრაელი წინააღმდეგია


თურქეთმა ლიბიასთან სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმი დაამტკიცა


თურქეთის შეიარაღებული ძალები ლიბიაში განლაგდებიან



სხვა სიახლეები