• Ƀ/$

პლანეტის მოსახლეობამ 7.75 მლრდ-ს გადააჭარბა

13 იანვარი 15:06 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მსოფლიო 2020 წელს 7.76 მლრდ-იანი მოსახლეობით შეხვდა. რაც 1 წლის წინანდელ მაჩვენებელს 80 მლნ-ით აღემატება.  რომლის ნახევარიც პირველ 10 სახელმწიფოზე მოდის.

ჩინეთი ჯერჯერობით პირველ ადგილს ინარჩუნებს, თუმცა მასსა და მის უშუალო კონკურენტ ინდოეთს შორის სხვაობა ყოველდღიურად მცირდება. 2019 წელს ჩინეთის მოსახლეობა 5.5 მლნ-ით 1.44 მლრ-მდე გაიზარდა, ინდოეთის კი 13.6 მლნ-ით 1.38 მლრდ-მდე. ამჟამად ამ ორ ქვეყანას შორის სხვაობა 60 მლნ-ს შეადგენს, მაშინ როცა 10 წლის წინ სხვაობა 135 მლნ, 20 წლის წინ 234 მლნ, ხოლო 30 წლის წინ 304 მლნ იყო. 1979-2015 წლებში ჩინეთში წყვილს მხოლოდ 1 შვილის ყოლის უფლება ჰქონდა, 2015 წლიდან მათ მეორე შვილის ყოლის უფლებაც დართეს. ჩინეთი ყოველწლიურად საშუალოდ 0.4%-ით იზრდება, ინდოეთი 2.5-ჯერ უფრო სწრაფად 1%-ით. ასეთი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში ინდოეთი პირველობას 2025-2026 წლისთვის მიაღწევს.


ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1947 წელს ინდოეთს რომ პაკისტანი არ გამოჰყოფოდა, რომელსაც თავის მხრივ 1971 წელს ბანგლადეში გამოეყო დღეს ინდოეთი 1.76 მლრდ-ით უკვე იქნებოდა პირველ ადგილზე.


331 მლნ-ით მესამე ადგილს შეერთებული შტატები იკავებს. მისი მოსახლეობა 2019 წელს 1.9 მლნ-იტ გაიზარდა, საიდანაც 0.9 მლნ მიგრანტი იყო.


ინდოეთისა და წყნარ ოკეანეში 17 500 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი - ინდონეზია 273 მლნ-იანი მოსახლეობით მეოთხე ადგილზეა. ის მოსახლეობით ყველაზე დიდი მუსულმანური სახელმწიფოა.


სწრაფი, 2%-იანი ზრდის შემდეგ პაკისტანის მოსახლეობამ 220 მლნ-ს გადააჭარბა. კიდევ უფრო სწრაფი 2.6%-იანი ზრდის შემდეგ ნიგერიის მოსახლეობამ 206 მლნ-ს მიაღწია. ნიგერია თავის მხრივ აფრიკის უდიდესი სახელმწიფოა.


მოსახლეობა 165 მლნ-მდე გაიზარდა ბანგლადეშში, რომლის ფართობი მხოლოდ 2 საქართელოსხელაა, სიმჭიდროვე ამ ქვეყანაში კვადრატულ კილომეტრზე 1265 ადამიანს აღწევს რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თუ არ ჩავთვლით ისეთ ქალაქ-სახელმწიფოებს როგორებიცაა ჰონკონგი, სინგაპური და მონაკო.


ნულოვანი ზრდით 145 მლნ-იანი მოსახლეობით რუსეთი მე-9 ადგილს იკავებს. 1.3 მლნ-იანი ზრდის შემდეგ მექსიკის მოსახლეობამ 129 მლნ-ს მიაღწია და მე-10 ადგილი დაიკავა.


ათეულში პირველად ვერ მოხვდა იაპონია. გასულ წელს მისი მოსახლეობა 0.3%-ით, 380 ათასით შემცირდა და 127 მლნ-ით მე-11 ადგილს დასჯერდა. თუ პაკისტანში შობადობის კოეფიციენტი 3.6-ს შეადგენდა, ნიგერიაში კი 5.4-ს იაპონიაში ის მხოლოდ 1.4 იყო. საშუალო ასაკი ნიგერიაში 18 წელია, იაპონიაში 48.


მოსახლეობა 100 მლნ-ს კიდევ 3 სახელმწიფოში: ეთიოპიაში, ფილიპინებსა და ეგვიპტეში აღემატება. ზართან ახლოს დგას ვიეტნამი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ამ უკანასკნელში შობადობის კოეფიციენტი 6.0-ს აღწევს და წლიურად 3.2%-ით იზრდება.


ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო გერმანიაა. მისი მოსახლეობა 84 მლნ-ს შეადგენს და მსოფლიო რეიტინგში მე-19 ადგილს იკავებს.


მსგავს თემაზე:

ბოლო ერთ წელში სომხეთის მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა


მსოფლიო ბერდება - სად არის გამოსავალი?



სხვა სიახლეები