• Ƀ/$

ჰორმუზის სრუტე - რა მოელის მსოფლიო ნავთობს თუ ირანი მის ბლოკირებას მოახდენს?

13 იანვარი 15:34 | ანალიტიკა

დასავლეთსა და ირანს შორის დაძაბულობამ უკანასკნელ პერიოდში ისტორიულ სიმაღლეს მიაღწია, გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის და საპასუხოდ ერაყის ამერიკულ ბაზებზე ირანული სარაკეტო იერიშების შემდეგ.

სიტუაციის დამატებითი ესკალაციის შიში გამძაფრებულია იმ ფონზე, რომ კონფლიქტი შესაძლოა ჰორმუზის სრუტეზე გავრცელდეს - სპარსეთისა და ომანის ყურეს დამაკავშირებელ საზღვაო ტერიტორიაზე, რომელსაც არაბეთის ზღვა და ინდოეთის ოკეანე კვებავს.


მაშინ როდესაც, ირანელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ერაყის ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო შეტევა იყო მთავარი „შურისძიება“ გენერალ სოლეიმანის მკვლელობაზე, ზოგიერთი ექსპერტი და დიპლომატიური წყარო მიუთითებს, რომ თეირანი სხვა სახის შეტევებისთვისაც ემზადება. იგულისხმება ახლო აღმოსავლეთში არსებული მეამბოხე, პრო-ირანული ორგანიზაციები და დაჯგუფებები.


ირანის ერთ-ერთი სამომავლო მიზანი შესაძლოა ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა იყოს - შეაჩეროს სანავთობე ტანკერების მოძრაობა და გლობალური ნავთობპროდუქტების მიწოდება, რაც თავის მხრივ ფასების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.


რით არის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე?


იმის მიუხედავად, რომ სრუტე საკმაოდ პატარაა (ყველაზე ვიწრო მონაკვეთი მხოლოდ 33 კმ. სიგანისაა), მას საკმაოდ დიდი გეოპოლიტიკური და ფინანსური მნიშვნელობა გააჩნია.


ზემოხსენებული არის მსოფლიოში ყველაზე მეტად დატვირთული გადასაზიდი ხაზი, სრუტის გვერდის ასაქცევი შეზღუდული ალტერნატივების გამო. ნავთობის უმეტესი ნაწილი, რომელიც ამ ტერიტორიაზე გადის, საუდის არაბეთიდან მოდის. დაახლოებით 21 მლნ. ბარელი ნედლი, გადაუმუშავებელი ნავთობი გადის ყოველდღიურად სრუტეზე. აღნიშნული დაახლოებით მსოფლიოს 1/3, ანუ დღეში $1,2 მლრდ. ღირებულების ნავთობია.


 


რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტე აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის?


აშშ-ისა და მის მოკავშირეებს უამრავი მიზეზი აქვთ ჰორმუზის სრუტის დასაცავად. საუდის არაბეთის ნედლეულის ექსპორტის უმეტესი ნაწილი გადის ჰორმუზის სრუტეზე, რაც ნიშნავს, რომ ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკის დიდი ნაწილი სწორედ აქ მდებარეობს. საუდის არაბეთის სახელმწიფოს კუთვნილმა ტანკერმა Bahri-მ, ირანის მიერ, ერაყში განხორციელებული სარაკეტო იერიშების შემდეგ, ნავთობის გადაზიდვა დროებით შეაჩერა.


გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალებმა, გაზრდილი დაძაბულობის დონზე, გაგზავნეს მათი კუთვნილი სამხედრო ხომალდები, პოტენციური საფრთხეებისგან ბრიტანული გემების დასაცავად.


მათ შეშფოთების სრული საფუძველი გააჩნიათ: 2019 წლის ივლისში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჰორუზის სრუტის საერთაშორისო წყლებში ორი ბრიტანული ტანკერი დააკავა და დამატებით კიდევ ერთის დაკავების მცდელობა ჰქონდათ.


2019 წლის ივნისში ირანმა აშშ-ის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც სრუტის მახლობლად დაფრინავდა, ხოო საპასუხოდ ერთი თვის შემდეგ, აშშ-ის ხომალდმა USS Boxer-მა იმავე მხარეში ირანული დრონი ჩამოაგდო.


ირანული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შემდეგ, უმალვე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს, იაპონიას და სხვა სახელმწიფოებს მოუწოდა, ჰორმუზის სრუტეზე გამავალი მათი კუთვნილი ხომალდების დაცვა თავად განეხორციელებინათ.


ტრამპის თქმით, ის იაპონური და ჩინური ნავთობი, რომელიც სრუტეში გადის, უნდა იყოს დაცული თავად წარმომადგენელი სახელმწიფოების მხრიდან, ან საპასუხო შემთხვევაში, მათი დაცვისთვის, აშშ-იმ კომპენსაცია უნდა მიიღოს.


როგორ გავლენას ახდენს აშშ-ირანის დაძაბულობა


ნავთობის ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა მას შემდეგ, რაც ირანმა ერაყის ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიშები განახორციელა. ამავდროულად, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულს არც ადამიანური, არც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ზარალი არ მოჰყოლია, ფასები კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.


ირანელი ლიდერები, რომლებიც სოლეიმანის მკვლელობის გამო იმუქრებიან, წარსულში არაერთხელ განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას მოახდენენ. შესაბამისად, თუ თეირანი მუქარის განხორციელებას შეძლებს, აღნიშნული სერიოზულად შეაფერხებს გლობალურ სანავთობე ვაჭრობას. იქიდან გამომდინარე, რომ სრუტე საკმაოდ ვიწროა, ტანკერების მიმოსვლის ნებისმიერმა მცირე შეზღუდვამაც შესაძლოა შეამციროს ნავთობის მიწოდება და ფასების ზრდა.


აშკარაა, რომ ნავთობის ფასები საკმაოდ დაუცველია დასავლეთ-ირანის მზარდი დაძაბულობის ფონზე. მას შემდეგ, რაც 2019 წლის აპრილში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელიც ირანულ ნავთობს შეიძენს სანქციების ქვეშ მოექცევა, ენერგოპროდუქტების ფასები ნოემბრის თვემდე უმაღლეს ნიშნულზე ავიდა.


დაბლოკავს ირანი ჰორმუზის სრუტეს?


ირანი მეტ ყურადღებას გაამახვილებს ჰორმუზის სრუტის ბლოკირებაზე, ვიდრე აშშ-სთან პირდაპირი საომარი მოქმედებების წარმოებაზე. იმისთვის, რომ სრუტე სრულად გადაკეტოს, ირანს სულ მცირე 1000 ერთეული ნაღმით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები და ხომალდები ესაჭიროება.


სრუტეზე ნავთობის მიმოსვლის შეფერხება გამოიწვევს იმას, რომ მსოფლიო ნავთობის იმპორტიორები ახლო აღმოსავლეთის გვერდის ავლით სხვა საიმედო გზების ძიებას დაიწყებენ, რათა ნაკლებად დამოკიდებული გახდნენ ამ არასტაბილურ რეგიონზე.


თავის მხრივ, ირანის ნავთობის ინდუსტრია უკვე განიცდის ღრმა კრიზისს ამერიკის მხრიდან დაწესებული სანქციების ფონზე, რომელიც ამ სახელმწიფოს ნავთობის იმპორტის შეჩერებას ითვალისწინებს.


კვლევითი ორგანიზაცია (Think-tank) Washington Institute-ის მკვლევარის, მაიკლ ნაითსის თქმით, თეირანი ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის შემთხვევაში ფაქტობრივად თვითდაზიანებას მიიყენებს და უფრო კრიტიკულ სიტუაციაში ჩაიგდებს თავს.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

ვინ არის ირანული ყუდსის დანაყოფის ახალი ხელმძღვანელი?


ირანის შეტევა ერაყის ამერიკულ ბაზებზე


ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ისტორია და სტრუქტურა


ირანი დღეს უფრო ღარიბია ვიდრე 42 წლის წინ ისლამურ რევოლუციამდე


რა შესაძლებლობებისა და მასშტაბების სამხედრო რესურსი გააჩნია ირანს?


ამერიკამ ირანს ახალი სანქციები დაუწესა



სხვა სიახლეები