• Ƀ/$

ლიბიის საკითხზე თურქეთ-რუსეთის ძალისხმევა ჯერჯერობით უშედეგოა

14 იანვარი 14:07 | ანალიტიკა

ლიბიის ეროვნული არმიის (LNA) სარდალმა, გენერალმა ხალიფა ჰაფთარმა, საერთაშორისოდ აღიარებულ ეროვნული თანხმობის მთავრობასთან (GNA) ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე დატოვა მოსკოვი.

მეამბოხე LNA-ს ძალებმა უკვე განაცხადეს, რომ იბრძოლებენ საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად.


13 იანვარს რუსეთის დედაქალაქში, ლიბიის სამოქალაქო ომის საკითხის მოსაგვარებლად, დაპირისპირებულ მხარეთა წარმომადგენლები შეიკრიბნენ.


მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის ხელმძღვანელმა ფეიზ ალ-სარაჯმა და LNA-ს (თობრუქის მთავრობის) პარლამენტის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტისა და ჯარების დაშორების შესახებ შეთანხმებას. აღნიშნულის მიუხედავად, გენერალმა ჰაფთარმა უარი განაცხადა საბოლოო შეთანხმების გაფორმებაზე.


თავის მხრივ, რამდენიმე ხნით ადრე, ტრიპოლის მთავრობამ მზადყოფნა განაცხადა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე. ზავი 12 იანვარს შევიდა ძალაში. ამავე დღეს, ანალოგიურად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ლიბიის ეროვნულმა არმიის (LNA) ძალებშიც განაცხადეს. შესაბამისად, დაპირისპირებულმა მხარეებმა თურქეთის და რუსეთის 8 იანვრის შეთავაზება თანაბრად მიიღეს, რომელიც სტამბოლში, ერდოღანისა და პუტინის შეხვედრაზე გაჟღერდა. მოსკოვში სარაჯსა და ჰაფთარს შორის შეთანხმება ხელმოწერით უნდა დადასტურებულიყო.


მეამბოხე გენერლის განცხადებით, შეთავაზებული დოკუმენტის ვარიანტი მისთვის მიუღებელია და LNA-ს მოთხოვნილ მრავალ საკითხს იგნორირებას უკეთებს, რის გამოც მან უარი თქვა ხელმოწერაზე.


ფარაჟისა და ჰაფთარის პირისპირ შეხვედრა მოსკოვში არ შემდგარა, მაგრამ მათმა წარმომადგენლებმა, რუსეთისა და თურქეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსების/სამხედრო პირების თანდასწრებით, დახურულ კარს მიღმა 7 საათიანი დიალოგი გამართეს.


„სირიიდან ლიბიაში ათასობით მებრძოლის გადასროლა განხორციელდა“ - იორდანიის მეფე


ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ ახლო აღმოსავლეთში კვლავ იკრებს ძალებს და მათი მებრძოლები სირიიდან ლიბიის მიმართულებით გადადიან, რაც ევროპისთვის დამატებითი პრობლემაა. აღნიშნულის შესახებ იორდანიის მეფე აბდულამ განაცხადა.


„შეშფოთების მთავარი საფუძველი არის ის, რომ ბოლო 1 წელია „დაიში“ არამხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ სირიაში, არამედ ერაყის დასავლეთშიც გამოჩნდა. უფრო მეტიც, ორგანიზაციის მებრძოლები სხვა ცხელ წერტილებში (ლიბიაშიც) გამოჩნდნენ, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ამ სახელმწიფოში თურქეთის გავლით ხვდებიან. ახლო აღმოსავლური დაძაბულობა კიდევ უფრო მიუახლოვდა ევროკავშირის სივრცეს და ამ საკითხზე დროული რეაგირებაა საჭირო“, - აღნიშნა მონარქმა.


ერდოღანმა ლიბიის საკითხზე იტალიის პრემიერთან ისაუბრა


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა იტალის პრემიერ-მინისტრთან ჯუსეპე კონტესთან ორშაბათს, 13 იანვარს, ანკარაში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეები რეგიონულ და საერთაშორისო ვითარებას შეეხნენ, მათ შორის ლიბიის საკითხს, რომელიც 1910-1947 წლებში იტალიის კოლონიას წარმოადგენდა.


„ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის ერთ-ერთი ეფექტური რეგიონალური სახელმწიფოა, მაგრამ შეუძლებელია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ლიბიის მეზობლების, ალჟირისა და მაროკოს ჩარევის გარეშე. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, რომ ყველა მხარე მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეს“, - აღნიშნა კონტემ.


თურქეთი იტალიის ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენს. რეგიონული მასშტაბით, თურქეთი რომის მთვარი საექსპორტო ბაზარია, ხოლო გლობალურ დონეზე მე-12 ადგილზეა.


თურქეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 1400-მდე იტალიური ბიზნესი წარმოებს, რომელთაგან საავტომობილო, კვების, ინფრასტრუქტურისა და საბანკო სექტორები არის აღსანიშნავი.


გაეროს მიერ აღიარებულ ტრიპოლის მთავრობას (GNA) თურქეთი, მისი მოკავშირე კატარი და დასავლეთის სახელმწიფოები უჭერენ მხარს. რაც შეეხება ლიბიის ეროვნული არმიას (LNA), მათი მხარდამჭერი არაბთა გაერთიანებული საემიროები, იორდანია, ეგვიპტე და რუსეთი(არაოფიციალურად) არიან.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


 


მსგავს თემაზე:

ტრიპოლის მთავრობამ თურქეთს დახმარება ოფიციალურად სთხოვა


თურქეთის შეიარაღებული ძალები ლიბიაში განლაგდებიან


თურქულ-რუსულ შეთავაზებას ლიბიაში არ ეთანხმებიან


ლიბიის დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ?


ჩავუშოღლუ და აქარი ლიბიის საკითხზე მოსკოვში მოლაპარაკებებს მართავენ



სხვა სიახლეები