• Ƀ/$

შეძლებს თურქეთი ლიბიაში ფართო სამხედრო ოპერაციის წარმოებას?!

14 იანვარი 15:08 | ანალიტიკა

თურქეთის პრეზიდენტსა და მის რუს კოლეგას შორის 8 იანვარს, სტამბოლში შემდგარი მოლაპარაკებები გაზსადენ „თურქული ნაკადის“ ექსპლუატაციას შეეხო.

ზემოხსენებული ინფრასტრუქტურული პროექტი მსხვილმასშტაბიანია - მილსადენის სიგრძე 930 კმ-ია, ხოლო წლიური მოცულობა 31,5 მლრდ. კუბური მეტრი. რუსული „გაზპრომის“ მიხედვით „თურქული ნაკადით“ ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდება ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოს და მის მიღებას ელოდებიან საბერძნეთში, ბულგარეთში, იტალიაში, სერბეთსა და უნგრეთში.


იმის მიუხედავად, რომ ამ მილსადენის თემა ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრის უმთავრესს თემას წარმოადგენდა, მოლაპარაკებები ლიბიის სამოქალაქო ომის საკითხსაც შეეხო. სტამბოლის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა - მხარეთა მხრიდან არც შეხვედრამდე და არც შეხვედრის შემდეგ რაიმე სახის ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, რამაც ეჭვები დაბადა მის ეფექტურობასთან დაკავშირებით.


მოლაპარაკებები „თურქული ნაკადის“ მილსადენის ამოქმედების შემდეგ კვლავ განახლდა, რომელსაც ორი ქვეყნის ლიდერის ერთობლივი განცხადება მოჰყვა.


უკანასკნელ პერიოდში ანკარა მჭიდრო კავშირების გამონახვას ცდილობს გაეროს მიერ აღიარებულ ტრიპოლის მთავრობასთან. 2019 წლის ბოლოს მხარეთა შორის საზღვაო საზღვრების დადგენის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც თურქეთს ჰიპოთეტურ დონეზე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებისა და ენერგეტიკული საბადოების ძიების შანსს აძლევს. აღნიშნულის საპასუხოდ საფრთხე ექმნებათ ამ საზღვაო ტერიტორიის სხვა სახელმწიფოებს - ეგვიპტეს, საბერძნეთს, კვიპროსს და ისრაელს, რომლებიც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დომინირებენ და ერთიან ენერგეტიკულ ჯაჭვს ქმნიან. საიდუმლო არავისთვისაა, რომ მათ უკან შეერთებული შტატები დგას. თავის მხრივ ბრიუსელს აქვს საშუალება ამ თემასთან დაკავშირებით ანკარას სანქციები დაუწესოს, რომლის იმპორტ-ექსპორტის 50%-ზე მეტი ევროპელ პარტნიორებზე მოდის. მსგავსი „პერსპექტივის“ მიუხედავად, ერდოღანისთვის „ბუნებრივი აირის მიღების ცდუნება“ მაღალია და ლიბიის სამოქალაქო ომში მხარედ ჩართვა სწორედ ამ მიზნით არის გამყარება. დასახულის შესასრულებლად კი იგი მოკავშირეების ძიებაშია. სწორედ ამიტომ მან მოულოდნელი ვიზიტი განახორციელა ტუნისში, სადაც თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი და ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი, ჰაქან ფიდანი ახლდა თან.


მცდელობის მიუხედავად, თურქეთის პრეზიდენტმა ვერ შეძლო ტუნისის ხელისუფლების დარწმუნება - ტუნისის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ლიბიის საკითხთან დაკავშირებით ეს სახელმწიფო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.


ტუნისში უშედეგო მცდელობების მიუხედავად, იანვრის პირველ კვირას, თურქეთის პარლამენტმა, საგანგებო სესიაზე, ერდოღანის ინიცირებულ მანდატს, ლიბიაში სამხედროების გაგზავნის თაობაზე მხარი დაუჭირა. ლიბიის ეროვნულმა არმიამ (LNA) მას საყოველთაო მობილიზაციით უპასუხა და გენერალმა ჰაფთარმა აქვე განაცხადა, რომ ისინი „ოსმალეთის მემკვიდრეობის“ დაბრუნებას არ დაუშვებდნენ. 5 იანვარს ერდოღანმა ლიბიაში თურქი სამხედროების გაგზავნა დაადასტურა, რომლებიც მხოლოდ „კოორდინაციით“ შემოიფარგლებიან.


მრავალი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზით ნაკლებსავარაუდოა, რომ ანკარამ ლიბიაში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია წამოიწყოს. სირიაში წამოწყებული ოპერაცია „მშვიდობის წყაროსგან“ განსხვავებით, რომელსაც თურქული საზოგადოება ძირითადად მხარს უჭერდა მრავალი მიზეზით (საერთო საზღვარი, ლტოლვილთა პრობლემა, „ქურთული საფრთხე“), შორეულ ლიბიაში ჩართვა დიდად პოზიტიურად ვერ იმოქმედებს რიგით თურქებზე და ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერენ. გარდა ამისა, ანკარას არ აქვს იმის „ფუფუნება“, რომ ერთდროულად ორი სამხედრო კამპანია აწარმოოს და ამ მიზნით უამრავი რესურსი გახარჯოს.


აქვე აღსანიშნავია, რომ მრავალი ინფორმაცია არსებობს, იმის თაობაზე, რომ ანკარა პრო-თურქულად განწყობილი მებრძოლების გადასროლას ახორციელებს სირიის იდლიბიდან ლიბიის მიმართულებით.


თავის მხრივ საფრანგეთს, იტალიას და გაეროს ხელმძღვანელობას ბოლო რამდენიმე თვე აქვთ მცდელობები ხელი შეუწყონ ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტას და ფარაჟის და ჰაფთარის პირისპირ შეხვედრა უზრუნველყონ, მაგრამ ჯერჯერობით მიზანს ვერ აღწევენ. ამ სიტუაციაში სიტუაციის დეესკალაცია ტრიპოლის მთავრობას (GNA) უფრო აწყობს, რადგან შედარებით სუსტია და ლიბიის ეროვნულ არმიასთან (LNA) პირდაპირი, ღია დაპირისპირებით ბევრს დაკარგავს.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


 


 


მსგავს თემაზე:

თურქეთის შეიარაღებული ძალები ლიბიაში განლაგდებიან


თურქულ-რუსულ შეთავაზებას ლიბიაში არ ეთანხმებიან


ლიბიის დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ?


ლიბიის საკითხზე თურქეთ-რუსეთის ძალისხმევა ჯერჯერობით უშედეგოა



სხვა სიახლეები