• Ƀ/$

ვენესუელა ბოლო 6 წელიწადში 3-ჯერ გაღარიბდა - რამ გამოიწვია კოლაფსი?

14 იანვარი 15:48 | მედია ბიზნესისთვის - M2B

არსებობს ქვეყნის განადგურების რამდენიმე გზა: საგარეო ინტერვენცია, სამოქალაქო ომი, პანდემია, ბუნებრივი კატაკლიზმები და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ვენესუელამ ეს უკანასკნელი აირჩია.

2013-2019 წლებში ვენესუელის ეკონომიკა 70%-ით შემცირდა. 2016 წლიდან ქვეყანა ორნიშნა პროცენტული პუნქტით ვარდება. მხოლოდ 2019 წელს ეკონომიკა 35%-ით შემცირდა. 5 ელიწადში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე PPP დათვლით $18 600-დან $5700-მდე შემცირდა.


2013 წელს ვენესუელა 1 სულ მოსახლეზე გათვლით საქართველოზე 2.04-ჯერ მდიდარი იყო, 2019 წელს უკვე საქართველო იყო ვენესუელაზე 2.15-ჯერ მდიდარი. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს რაიმე ნახტომი არ გაუკეთებია, წინ ნელი და ღარიბი ქვეყნისთვის მოკლე ნაბიჯებით მიიწევდა, უბრალოდ ვენესუელამ გადადგდა ძალიან ბევრი გრძელი ნაბიჯი უკან.



2020 წლის დაწყებიდან სულ რაღაც 2 კვირაში ადგილობრივი ვალუტის, ბოლივარის კურსი დოლართან მიმართებაში 45%-ით 46 000-დან 67 000-მდე გაუფასურდა. გაუფასურების ტემპმა 1 წლის განმავლობაში 7000%-ს, 5 წლის განმავლობაში კი 4 460 000 000%-ს მიაღწია.


ინფლაციის განაკვეთი გასული წლის დასაწყისში 2.7 მლნ პროცენტს აღწევდა, სექტემბერში 50 ათას პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ ამ მონაცემების საფუძველზეც დგინდება, რომ ფასები 2019 წლის სექტემბერთან შედარებით 500-ჯერ იყო გაზრდილი.


ფულის ასეთი სწრაფი ტემპით გაუფასურებამ ჯერ კიდევ 3 წლის წინ მოქალაქეებს ბოლივარის სხვა დანიშნულებით მოხმარებისკენ უბიძგა. ადამიანები კუპიურებისგან ჩანთებს და სხვადასხვა სუვენირებს ქმნიდნენ, რითაც მას დამატებით უკვე რეალურ რირებულებას სძენდნენ და შემდეგ ტურისტებზე ყიდდნენ.



ვენესუელას სინამდვილეში ყველა მონაცემი აქვს იმისთვის რომ უმდიდრეს ქვეყანად იქცეს. მისი ნავთობის მარაგი - 300 მლრდ ბარელი აშშ-ის, ირანისა და რუსეთის ჯამურ მარაგს აღემატება. ქვეყნის 70% ტყითაა დაფარული, ვენესუელაში მდებარეობას ასევე ყველაზე მაღალი 954 მეტრიანი ანხელის ჩანჩქერი. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ვენესუელაში სოციალიზმიცაა, რომელიც ქვეყანას უკან ხევს და ქაოსისთვის წირავს.


ექსცენტრიკული, მაგრამ ქარიზმის მქონე უგო ჩავესი მისი გარდაცვალების შემდეგ 2013 წელს ნიკოლას მადურომ შეცვალა, ამავე პერიოდს დაემთხვა ნავთობზე ფასების ვარდნა, რამაც თავის მხრივ კოლაფსი გამოიწვია.


ვენესუელაში სიღატაკე და კრიმინალი ერთმანეთის პარალელურად იზრდება. რასაც რეპრესიებიც ემატება. ანტისამთავრობო მიტინგები ქუჩებში რამდენჯერმე დახვრიტეს, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის საქართველომ ვენესუელის დროებით დე იურე პრეზიდენტად ხუან გუაიდო ცნო, თუმცა წელიწადზე მეტია ის მხოლოდ ფორმალური მმართველია და რეალური ძალაუფლება ისევ მადუროს ხელშია.


ვენესუელა ერთ-ერთიას იმ 5 სახელმწიფოთგან (რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და სირია) რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. გუაიდოს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ტუვალუსა და ვანუატუს მსგავსად აღიარებას უკან გაიწვევს.


მსგავს თემაზე:

ლათინოამერიკაში ჩილე ყველაზე მდიდარია, ვენესუელა 10 საფეხურით ჩამოქვეითდა


ბოლო 2 წელიწადში ვენესუელაში ფასები 170 000 000-ჯერ გაიზარდა


ირანი დღეს უფრო ღარიბია ვიდრე 42 წლის წინ ისლამურ რევოლუციამდე



სხვა სიახლეები