• Ƀ/$

ღვინო ქართული ხასიათით - ქართული ღვინის ჰოლდინგი

14 იანვარი 17:17 | კომპანიები

შეგიმჩნევიათ, რომ ღვინო ყოველთვის რაღაცას გვიყვება? 

ღვინის ნებისმიერი ნამდვილი მოყვარული აუცილებლად გეტყვით, რომ თითოეულ ყლუპს იმ მიკროზონისთვის დამახასიათებელი ბალახების და ყვავილების გემო და სურნელი დაყვება, სადაც კონკრეტული ვენახია გაშენებული. თუმცა, გარდა მისი გემოვნური თვისებებისა, აუცილებლად შეამჩნევთ მთავარს: თითოეული ღვინო უნიკალურია თავისი ხასიათით. თითოეული ქვეყნის ღვინოს კი თავისი განუმეორებელი ისტორია და ბუნება გააჩნია, რომლის შეგრძნებაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

ქართული ღვინის თავგადასავალი

დღეს მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ კეთილშობილი სითხის სამშობლო საქართველოა. მისი სახელიც კი, „ღვინო“ ქართული დასახელებიდან მოდის. ღვინის ისტორია ნეოლითის ხანიდან იწყება, რისი დამადასტურებელი ფაქტებიც ყველაზე ცხადად ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდა. ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე ათასწლეულში ვაზის რამდენიმე წიპწა, თიხის ჭურჭლის რამდენიმე ფრაგმენტი, რომლის ქიმიური ანალიზის შედეგადაც ჭურჭელზე ღვინის მჟავას არსებობა დასტურდება, საკმარისი აღმოჩნდა საქართველოს ვაზის სამშობლოდ მოსანათლად.

ზუსტად არავინ იცის, როგორი იყო პირველი ღვინო, თუმცა მაინც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს აუცილებლად წითელი, დაბალალკოჰოლიანი, მღვრიე, სპონტანური და შესაძლოა სხვა ხილის წვენგარეული სითხე გახლდათ.

ქართველი არისტოკრატი მეღვინეების ისტორია

ერთ-ერთი, ვინც საქართველოში ღვინის დაყენებით იყო ცნობილი, სულხან ჭავჭავაძეა. ზოგადად, ჭავჭავაძეების გვარი განთქმულია, როგორც ვენახების მოვლით, ასევე ღვინის დაყენებითა და თამადობითაც. თუმცა სულხან ჭავჭავაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც ალექსანდრე ჭავჭავაძის მსგავსად, ევროპული არქიტექტურის სასახლე, უდიდეს ფართზე გადაჭიმული მარანი და კახეთის საუკეთესო მიკროზონებში გაშენებული ვენახები ჰქონდა.

ინტელექტუალი თავადი - სწორედ ასეთი დასახელებით შევიდა იგი მე-19 საუკუნის ქართველ პატრიოტთა სიაში. ეს სახელი მან კახეთში, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, რამდენიმე სკოლის, რკინიგზის ხაზის გაყვანისა და სხვა მრავალი ეროვნულ საქმეთა კეთებით დაიმსახურა.

თავადის უმთავრესი საქმე და გატაცება მევენახეობა - მეღვინეობა იყო. მისი ვენახები 20 ჰექტარზე ყოფილა გაშენებული, საიდანაც მოყვანილი მოსავლიდან 60 000 ლიტრამდე არაჩვეულებრივ ღვინოს წურავდა და საკუთარ მარანშივე ჩაყრილ ქვევრებში აძველებდა.

სულხანის გემოვნების, შრომისმოყავრეობის და მიზანსწრაფულობის უპირველეს დასტურად მისივე სასახლე, მარანი და კარმიდამო იქცა, რომელიც მას თავის მამულში პაპისეული სახლის ფუძეზე აუგია.

თავადმა 1921 წლის დასაწყისში დატოვა სამშობლო. დატოვა იმ იმედით, რომ ოდესმე კიდევ შეხვდებოდა ალიონს თავისი სასახლის აივანზე და თვალს შეავლებდა სანატრელ ზვრებს.

ვერ დაბრუნდა. მისი ნასათუთარი მამული ჯერ რომანოვების სასახლედ იქცა, შემდეგ კი საცდელ მეურნეობად. გაქრა ყველაფერი, სახელიც კი, როგორც ერთ დროს წალკოტად ქცეული მისი სასახლე და კარ-მიდამო. საბჭოთა კავშირის პერიოდში კი, ოდესღაც დიდებული შატო, ისე განადგურდა და გაპარტახდა, რომ ძნელად თუ წარმოიდგენდით, რომ აქ, ერთი საუკუნის წინ მთელი ქვეყნის ელიტა იკრიბებოდა, იწურებოდა საუკეთესო ღვინო და ტარდებოდა შესანიშნავი კულტურული საღამოები. 

ქართული შატოს ამბავი

რამდენიმე წლის წინ „ვაზისუბნის მამულმა“ ახალი სიცოცხლე დაიწყო. კომპანია ,,ვაზისუბნის მამული“ ბიზნესმენებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2013 წელს დააფუძნეს იმ იდეით, რომ აღადგინონ თავადი სულხან ჭავჭავაძის მიერ მე-19 საუკუნეში შექმნილი შატო, ააღორძინონ მივიწყებული ენდემური ყურძნის ჯიშები და ახალ სიმაღლეზე აიყვანონ საუკუნეების მანძილზე დღემდე მოტანილი მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა.

2019 წლის ბოლოდან კი აქ ბუტიკის ტიპის სასტუმრო გაიხსნა, რომლის დიზაინსა და არქიტექტურაზე ბრიტანელმა სპეციალისტებმა იმუშავეს. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ქართული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, შესაბამისად, სასახლის ფასადის პირვანდელი სახე მთლიანადაა შენარჩუნებული.

ქართული ღვინის ჰოლდინგი

ქართულ ღვინოსა და ვაზზე შეყვარებული ადამიანების გუნდი და მიზანი – მსოფლიოს მიაწვდინონ პატარა ქვეყნის გამორჩეული ამბავი.

„ქართული ღვინის ჰოლდინგი“ გარდა ვაზისუბნის შატოსი , ღვინის 3 კომპანიას აერთიანებს: “Georgian Sun”, „როიალ ხვანჭკარა“ და „ვარძიის ტერასები“.

ერთი კახეთში, სოფელ ვაზისუბნის განაპირას, მზის გულზე დაიბადა, მეორე – რაჭაში, ეგზოტიკურ და მისტიკურ მიკროზონაში, მესამე – ჯავახეთში, მივიწყებულ და უნიკალურ მესხურ ტერასებზე.

Georgian Sun „ვაზისუბნის მამულის“ ახალი ბრენდია, რომელიც 2017 წლის 3 ოქტომბერს, იდეის განვითარებიდან 9 თვის შემდეგ დაიბადა. ევროპულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ახალგაზრდა ქართული ღვინოები: რქაწითელი – მწვანე (თეთრი მშრალი), საფერავი (წითელი მშრალი), საფერავი ალექსანდროული (წითელი მშრალი), ალაზნის ველი (წითელი ნახევრად ტკბილი), ქინძმარაული (წითელი ნახევრად ტკბილი), მუკუზანი (წითელი მშრალი). Georgian Sun არის ღვინო, რომელიც ორიენტირებულია მიზანსწრაფული, მოტივირებული და განათლებული ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისთვის.

ბრენდი „ვაზისუბნის მამული“ კი ლიმიტირებული რაოდენობის, მაღალფასიან სეგმენტზე მორგებულ, ტრადიციული ქვევრის ტექნოლოგიით დაყენებულ ქართულ ღვინოებს აერთიანებს, მათ შორის, ისეთებს, როგორიცაა: საფერავი, ხიხვი, ქისი, რქაწითელი, რქაწითელი მწვანე.

„ხვანჭკარას“ ისტორია საუკუნეებს მოიცავს. რაჭული ღვინის დაყენების უძველესმა მეთოდებმა სრულყოფილებას მე-19 საუკუნეში რაჭის თავადების, დიმიტრი და ლუარსაბ ყიფიანების წყალობით მიაღწია. ასე შეიქმნა სახელგანთქმული „ყიფიანის“ ღვინო“, რომელიც დღეს „ხვანჭკარას“ სახელითაა ცნობილი. კომპანია „როიალ ხვანჭკარას“ მთავარი გამოწვევა სწორედ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაცოცხლება და რაჭის მეღვინეობის უმდიდრესი კულტურის აღდგენა გახდა.

დღეს კომპანია „როიალ ხვანჭკარა“ ღირსეულად აგრძელებს რაჭული ღვინის წარმოების უნიკალურ ტრადიციას. საგულდაგულოდ შერჩეულ ნაკვეთებზე გაშენებული, სათუთად მოვლილი ვენახები, დახვეწილი ტექნოლოგია და პროფესიონალიზმი _ ამ კომპონენტებში იმალება ნაზი და ხავერდოვანი ღვინის საიდუმლო.

რაც შეეხება „ვარძიის ტერასებს“, მესხეთში, სოფელ ხიზაბავრაში, კომპანიამ აღადგინა თამარ მეფის დროინდელი ტერასები, სადაც ძალიან სერიოზულად იყო განვითარებული მევენახეობა. მე-16 საუკუნის ბოლოს მესხურ ტერასებზე უკანასკნელი რთველი შედგა, რის შემდგომაც ისტორიულად ცნობილი სირთულეების გამო მესხური ვაზის უძველესი ჯიშები თითქმის მთლიანად განადგურდა. დიდი ძალისხმევის შედეგად, ამჟამად, აღდგენილია ისტორიული ტერასების 12 ჰექტარი, სადაც გაშენდა მესხური ვაზის 24 უიშვიათესი ჯიში.

„ჩვენ ახალი სიცოცხლე მივეცით უნიკალურ მესხურ ჯიშებს, მაგალითად, როგორიც არის:„თამარის ვაზი“, „მესხური მწვანე“, „ხარისთვალა“ და ა.შ. ცოტა რომ გავუსწრო მოვლენებს წინ, ვიტყვი, რომ ძალიან მალე, დაახლოებით, 1 წლის შემდეგ, მომხმარებლებს, ამ ბრენდის ქვეშ, შევთავაზებთ სხვადასხვა ჯიშის ძალიან საინტერესო ღვინოებს“, აღნიშნავენ კომპანიაში.

ქართული უნიკალური ღვინის დაყენების ტრადიცია სწორედ ასე გრძელდება. დღეს მსოფლიოში ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია სწრაფად იკრებს პოპულარობას. ეს კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს როლს - იყოს ღვინის აკვანი დედამიწისთვის.


სხვა სიახლეები