• Ƀ/$

ღვინის შეფასების მასტერკლასი GWH-სგან

14 იანვარი 18:58 | კომპანიები

ძნელია, ღვინის დაგემოვნებისას არ გაგახსენდეს 90-იანების ერთ-ერთი საკულტო ფილმი „ფრანგული კოცნა“, მეგ რაიანის და კევინ კლაინის მონაწილეობით.

ფილმის ერთ სცენაში ლუკი (კევინ კლაინი) ასწავლის ქეითს (მეგ რაიანი), თუ როგორ იგრძნოს ღვინოში სხვადასხვა ბალახისა თუ ყვავილების ნოტები. თუკი ქეითი პირველი გასინჯვით ვერაფერს ხვდება, როზმარინის, გვირილის, ლავანდის თუ სხვადასხვა გამხმარი მცენარის დაყნოსვის შემდეგ, უფროდაუფრო მეტი კომპონენტის შემჩნევას იწყებს და ხვდება, რომ ვაზი გემოს იმ მიკროზონის ფლორიდან იღებს, სადაც ის იზრდება. სწორედ ასე ამჩნევენ და აფასებენ ღვინის ბუკეტს პროფესიონალები.


და მაინც, როგორ შევარჩიოთ ღვინო, რომელიც ნამდვილად უხდება ჩვენს იმ წუთის განწყობას?


ამის გასაგებად Georgian Wine House-ის საწარმოს ვესტუმრეთ, რომელიც ქალაქ გორში მდებარეობს. GWH 1996 წელს დაარსდა ამავე ქალაქში, საქართველოს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ცენტრში. GWH-ში ღვინო, რომლითაც ტკბებით სუფრაზე, 150 ჰექტარზე გადაჭიმული ვენახებიდან ბოთლში ჩამოსხმამდე ციკლს საწარმოში სრულად გადის.


GWH ყოველწლიურად 6 მილიონ ბოთლზე მეტს აწარმოებს და 25 სხვადასხვა პროდუქტად ასხამს, აქედან 100-ზე მეტი დასახელების ღვინოს. GWH-ის ღვინოების მოყვარულები ხომ მთელ მსოფლიოში არიან გაფანტულნი - 50-მდე დისტრიბუტორი სხვადასხვა ქვეყნიდან „ქართული ღვინის სახლის“ სასმელს ამ კეთილშობილი სითხის მოყვარულებს დედამიწის გარშემო უგზავნის.


როგორ შევაფასოთ კარგი ღვინო?   


GWH-ის პროფესიონალი დეგუსტატორები გვირჩევენ, რომ ღვინის დეგუსტაციისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი კრიტერიუმები: ღვინის გამჭვირვალობა, ფერი, სურნელი ან ბუკეტი, ტიპი და სტუქტურა.


ახალგაზრდა ღვინო გამოირჩევა არომატით, დამწიფებულ-დავარგებულ ღვინოში კი ფასდება მისი ბუკეტი.


უპირველეს ყოვლისა, ყურადღება ექცევა სასმისს, რომელიც უნდა იყოს დამზადებული გამჭვირვალე მინისაგან და უნდა ჰქონდეს წაკვეთილი კონუსის ფორმა.


არანაკლები ყურადღება ენიჭება ღვინის ტემპერატურას. ყველა ღვინოს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ტემპერატურა, როდესაც ის მაქსიმალურად ავლენს თავის გემოვნურ თვისებებს.


იმისათვის, რომ კარგად შეხედოთ ღვინის ფერს, უმჯობესია ბოკალი დახაროთ თქვენგან 45º კუთხით, ამასთან, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ფონი სწორი და ნათელი ზედაპირით.


კარგ ღვინოს ერთი შეხედვით იცნობთ - ადამიანების მსგავსად, ის არასოდესაა ერთფეროვანი. ღვინის ტექსტურას ცენტრიდან ნაპირისკენ განსხვავებული შეფერილობა აქვს. ცენტრში უფრო მუქია, ნაპირთან კი - შედარებით ნათელი. ამის შემჩნევა განსაკუთრებით მარტივია წითელ ღვინოზე.


რაც უფრო მეტად შეიმჩნევა ბოკალის კიდეებთან ფაქიზი განსხვავება ფერში, მით უფრო ძველია ღვინო. თეთრი ღვინოების უმრავლესობა ექცევა ვიწრო დიაპაზონში ღია ჩალისფერსა და ღია მოოქროსფროს შორის.


წითელი ღვინის ძალიან მუქი ფერი სავარაუდოდ მიგვანიშნებს, რომ ის ან ძალიან ახალგაზრდაა, ან სქელკანიანი ყურძნისგან არის დაწურული, ან მზიან ქვეყანაშია დაბადებული. ხომ გახსოვთ, როგორ ამბობენ ხოლმე ფილმებში, ამა თუ იმ კონკრეტულ ღვინოში გამოყენებული ყურძნის მოსავლის აღების წინ რთველს წვიმებმა რომ მოუსწრეს? ამას ვარაუდობენ მაშინ, როცა ახალგაზრდა წითელი ღვინო ფერმკრთალია.


თეთრ ღვინოებში პირიქით - ფერის გაჯერებულობა ასაკზე მიუთითებს. ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შედარებით ტკბილი ღვინო გამუქდა მუხასთან ან მუხის ბურბუშელასთან კონტაქტის გამო.


ფერისა და ინტენსივობის შეფასების შემდეგ, როგორც GWH-ის დეგუსტატორები გვასწავლიან, უნდა გადავიდეთ სიბლანტის შემოწმებაზე. სწორედ ამისთვის ვატრიალებთ ღვინოს ჭიქაში, შემდეგ კი ვაკვირდებით ბოკალის კიდეებზე ღვინის „ცრემლებს“. სიბლანტე ღვინის სხეულიანობისა და წონის, შესაბამისად, ალკოჰოლის მაღალი შემცველობისა და ან მაღალი სიმკვრივის კარგი ინდიკატორია. და კვლავაც, როგორც ადამიანების შემთხვევაში, ისე ღვინის შეფასების დროსაც, არაფრით გამორჩეული ღვინო ბოკლის კედელზე კვალს არ ტოვებს.


სურნელი ის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რომლითაც აუცილებლად უნდა დატკბეთ. სწორედ ამის გამოა, რომ ღვინის ბოკლებს წაკვეთილი კონუსის ფორმა აქვთ. კვლავ შეანჯღრიეთ ბოკალი ისე, რომ ღვინომ წრიულად დაიწყოს ტრიალი და სწრაფად მიიტანეთ ცხვირთან. დაფიქრდით და ნელ-ნელა შეიგრძენით არომატის შემადგენელი კომპონენტები.


და ბოლოს - დაგემოვნება. იმისათვის, რომ გარეგანმა გემოებმა ღვინის შეფასებაზე ვერ იმოქმედოს (სიგარეტი, ცხარე საკვები, შოკოლადი, სუნამო და ა.შ.) და გავლენები მაქსიმალურად შეასუსტოთ, პირველ რიგში, დაღეჭეთ პური ან პირში წყალი გამოივლეთ.


გემოს სხვადასხვა რეცეპტორი ენის განსხვავებულ უბნებზე მდებარეობს (მწარე, მჟავე, ცხარე და ტკბილი), ამიტომაც მოზრდილ ყლუპად მოსვით ღვინო და დააყოვნეთ პირის ღრუში. ასე შეიგრძნობთ სასმლის სიტკბოს, სიმჟავეს, ტანინების რაოდენობას და ტევადობას, ასევე ანაორთქლს, რომელიც სასუნთქი გზების გავლით ცხვირში ბრუნდება და უფრო ვრცელ სურათს გვაძლევს ღვინის შესახებ.


 


ცნობილი დუეტები


თეთრ ღვინოებს უხდება მსუბუქი ჩაციება. თუმცა ზედმეტი ჩაციება ხელს უშლის გემოსა და არომატის სიმდიდრის სრულად აღქმას. ჩაციების ოპტიმალურ ტემპერატურად შეიძლევა ჩაითვალოს 10-12 გრადუსი.


თეთრი ღვინოები, მაგალითად, როგორიცაა GWH-ის გორული მწვანე, იდეალურად შეეხამება ფრინველის ხორცს, თევზს და ასევე სალათბს. სასურველია 12-14 გრადუსზე ჩაციებული მიირთვათ. ამ ნატიფი ღვინის ფერი ჩალისფერში გარდამავალი მწვანეა, გამოირჩევა ბრწყინალედ გამოხატული ღვინის ხასიათით. აქვს ნესვისა და ციტრუსის ტონები. თეთრი ღვინოებიდან ასევე გამორჩეულია „წინანდალი“, რომელიც რქაწითელისა და მწვანეს რჩეული ჯიშების ყურძნისგანაა დაწურული. ღვინო ინტენსიური და ელეგანტური არომატით, ტროპიკული ხილისა და ყვავილების ნოტებით ხასიათდება. მკვეთრი ოქროსფერი სითხის დაბოლოება კი ნესვისა და ტროპიკული ხილის მსუბუქი ნოტებით გამოირჩევა. GWH-ის ექსპერტები მის მირთმევას გირჩევენ ორაგულთან გრილზე, თეთრ ხორცთან და ბოსტნეულის კერძებთან.


წითელ ღვინოს, როგორც წესი, 16-18 გრადუსამდე აგრილებენ. მეტი ჩაციება მას კომპლექსურ არომატსა და გემოს უკარგავს.


GWH ღვინის ნამდვილ მოყვარულებს წითელი ღვინოების ფართო არჩევანს სთავაზობს. ქინძმარაული, ხვანჭკარა, საფერავი, ნესტორეული, მუკუზანი - იდეალურია ყველთან, ხილთან, გრილზე შემწვარ ხორცთან და შებოლილ პროდუქტებთან. კომპანიის მიერ დაწურული ღვინოები დაყენებულია როგორც ევროპული, ისე ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით, რაც ქვევრში დაყენების უძველეს ტრადიციას გულისხმობს და რითაც ასე აღაფრთოვანებს ღვინის მოყვარულებს მთელ მსოფლიოში. ტანინიანი ღვინის საიდუმლო ხომ სწორედ საქართველოსგანაა გასული. ტანინი ესაა ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც ყურძნის წიპწასა და კანშია კონცენტრირებული და პირის ღრუში მქლერტავ და წებოვან შეგრძნებას ტოვებს.


 


ტრადიციულიდან ექსპერიმენტებამდე


GWH-ის ღვინოები იყოფიან პრემიუმ კლასად და შედარებით ახალგაზრდა, ინოვაციური ტიპის სეგმენტებად. ექსპერიმენტები და ტრადიცია - სწორედ ასეთ ფართო გრადაციას სთავაზობს ღვინის ნამდვილ მოყვარულებს კომპანია. ქართულ ტრადიციულ დასახელებებთან ერთად კომპანია ღვინის დამწყებ დეგუსტატორებს სთავაზობს THE GOGO და THE KACI საფერავებს, ლიმონის ჭაჭას, „თბილისობას“, „დარდიმანდს“, „კახური ქვევრი“, „შატო აზნაური“ და სხვა, ორიგინალური დასახელების ღვინოებსა თუ ბრენდის. ორიგინალური და მიმზიდველი ეტიკეტები კი GWH-ის ღვინოების კიდევ ერთი დადებითი მხარეა, რაც თითოეულ სუფრას სადღესასწაულოდ აქცევს. 


სხვა სიახლეები