• Ƀ/$

რომელ ქვეყნებს და რა სიხშირით სტუმრობენ სომეხი ლიდერები

20 იანვარი 12:16 | ანალიტიკა

ქვეყნის ლიდერის უცხოური ვიზიტების სტატისტიკა ნებისმიერი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მაჩვენებელს წარმოადგენს.

შესაბამისად, მისი გაანალიზებით ყალიბდება აზრი ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და ამ კურსში ცვლილებათა ტენდენციების შესახებ. ქვემოთ მოცემულ სტატისტიკას Union of Informed Citizens აქვეყნებს.


სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც მთავრობის სათავეში 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა, 2018 წლის მაისიდან 2019 წლის დეკემბრამდე 37 საგარეო ვიზიტი განახორციელა.


სტატიაში მოცემულია სომხეთის ყოფილი სამი პრეზიდენტის უცხოური ვიზიტების რაოდენობა და ზოგადი აღწერა, აგრეთვე ამჟამინდელი პრემიერის საგარეო მოგზაურობების გეოგრაფია და დინამიკა.


ყოფილი ლიდერები


სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის საწყისი საგარეო ვიზიტი 1991 წლის 20 ნოემბერს, ყაზახეთის იმდროინდელ დედაქალაქ ალმათიში განხორციელდა. საერთო ჯამში შვიდი წლის მანძილზე, ტერ-პეტროსიანმა 62 უცხოური ვიზიტი გამართა.


როგორც ყველა სხვა სომეხი ლიდერი, ტერ-პეტროსიანიც ყველაზე მეტჯერ რუსეთს ეწვია, ამავდროულად მას ყველაზე ნაკლები ვიზიტები ჰქონდა ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებში. ამის ნაცვლად, რუსეთის გარდა, ყველაზე მეტი ვიზიტი მეზობელ სახელმწიფოებში, საქართველოში, ირანსა და თურქეთშიც ჰქონდა.


მეორე პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა მისი სადებიუტო ვიზიტი მოსკოვში, 1998 წლის 18 მარტს განახორციელა. მისი პრეზიდენტობის 10 წლის მანძილზე, ქოჩარიანმა 129 უცხოური მოგზაურობა განახორციელა. ამ უკანასკნელმა შეასრულა ყველაზე მეტი რუსული ვიზიტი, მაგრამ ევროპის ყველა მიმართულებით ვიზიტები, ჩრდილოეთის მიმართულებით მოგზაურობას საერთო ჯამში აჭარბებდა. სომეხ ლიდერებს შორის, რიგით მეორე პრეზიდენტი იმით გამოირჩევა, რომ შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტჯერ იყო ჩასული.


მესამე პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა, სომეხ ლიდერებს შორის ყველაზე მეტი, 203 საგარეო მოგზაურობა შეასრულა. სარქისიანი პირველად ბუქარესტს, 2008 წლის 3 აპრილს ეწვია. იგი რუსეთში 54-ჯერ იმყოფებოდა, ხოლო ევროკავშირის ტერიტორიაზე 72-ჯერ. გარდა ამისა, სარქისიანი 10-ჯერ იმყოფებოდა აშშ-ში, ძირითადად გაეროს გენერალური ასამბლეის სესიებზე დასასწრებად. იგი ლიდერობს სამხრეთ ამერიკასა და აზიის შორეულ სახელმწიფოებში ვიზიტების რაოდენობით. ამის სანაცვლოდ, ყველაზე ცოტა მოგზაურობა აქვს მეზობელ სახელმწიფოებში.


სომხეთის ყოფილი პრეზიდენტების საერთაშორისო ვიზიტების საერთო სურათი აჩვენებს, რომ მათ ყველაზე მჭიდრო კავშირები და თანამშრომლობა რუსეთთან ჰქონდათ, ხოლო ევროპა რიგით მეორე იყო აღნიშნულ სტატისტიკაში.


ამჟამინდელი მოცემულობა


რევოლუციის შემდეგ, სომხეთის ახალმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო კურსში მკვეთრი ცვლილებები არ იქნება. აღნიშნული ჩანს არსებული სტატისტიკიდანაც - პრემიერის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ფაშინიანმა 37 საგარეო ვიზიტი განახორციელა, რომელთაგან 10 რუსეთის მიმართულებაზე მოდის. ევროკავშირის წევრ-სახელწიფოებში ფაშინიანი 12-ჯერ იყო. აქვე, აღსანიშნავია, რომ 37 ვიზიტიდან, 3 მეზობელ სახელმწიფოებში - ორჯერ საქართველოში, ხოლო ერთხელ ირანში განხორციელდა.


პროცენტულად ეს უფრო მეტია, ვიდრე ქოჩარიანის და სარქისიანის შემთხვევაში, რაც ფაშინიანის განცხადებებს ემთხვევა რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობებზე მეტი ყურადღების გამახვილების თაობაზე.


დამატებით უნდა ითქვას, რომ რუსეთთან ორმხრივი, მჭიდრო ურთიერთობების გარდა, სომხეთი აქტიურად მონაწილეობს დსთ-ის ფარგლებში და რუსულ პროექტებში - „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა“ და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“. შესაბამისად, სომხეთის ამჟამინდელი ლიდერების ვიზიტების მნიშვნელოვანი წილი სწორედ ამ ორგანიზაციების წევრ სახელმწიფოებზე მოდის. მაგალითად, 37 ვიზიტიდან 6, „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ წევრ-სახელმწიფოებში - ყაზახეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და ყირგიზეთში განხორციელდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფაშინიანის რუსეთში ვიზიტების ნახევარზე მეტი (6) ევრაზიული ინტეგრაციის ორგანიზაციების საქმიანობის ფარგლებზე მოდის.


 


საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ სომხეთის რუსეთთან მჭიდრო კავშირები ავტომატურად ევრაზიულ სტრუქტურებთან ინტეგრაციას გულისხმობს, რაც ოფიციალური ერევნის საგარეო პოლიტიკის უმსხვილესი პრიორიტეტია.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


 


 


მსგავს თემაზე:

ფაშინიანი – თეირანთან თანამშრომლობა სანქციების ბასრ ზღვარზე და ლარსის „სიცოცხლის გზა“


„თებერვალში სევანის ტბაში არავინ ბანაობს“ – ფაშინიანი თურქეთთან ურთიერთობების დალაგებაზე


რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული ურთიერთობების მომხრეა


თურქეთმა სომხეთს სამი ძირითადი მოთხოვნა წაუყენა


სომხეთ-ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმი დაწესდა


რეალურად ვინ უფრო მდიდარია (ღარიბია) საქართველო თუ სომხეთი? ფაქტები და რიცხვებით მანიპულაცია



სხვა სიახლეები