• Ƀ/$

აღიარება ჩუმი გმირობისთვის

20 იანვარი 13:01 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მარინა გოგიჩაიშვილი ჯიპიაი ჰოლდინგის თანამშრომელია. ის ვენის სადაზღვევო ჯგუფის ყოველწლიური კონკურსის -  ჯილდო  მოხალისეობრივი საქმიანობისათვის - AWARD IN RECOGNITION OF COMMITMENT TO VOLUNTARY ACTIVITIES გამარჯვებული გახდა. მან ჯილდო ლეიკემიით დაავადებული პაციენტების დასახმარებლად  საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსებისთვის მიიღო.

პროფესიით ექიმია, თუმცა 2008 წელს, როცა მის 14 წლის ქალიშვილს ქეთის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, სამსახურს თავი დაანება, პაციენტებს დაემშვიდობა და ცხოვრება შვილის გადასარჩენად იაშვილის კლინიკაში განაგრძო. როგორც თავად ამბობს, მდგომარეობა მძიმე იყო, 8 თვის განმავლობაში საავადმყოფო არ დაუტოვებია: „იყო დღეები, როცა მეგონა, რომ ვერ გადარჩებოდა, მაშინ არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ იმას ვთხოვდი ღმერთს, რომ ჩემი შვილი გადაერჩინა.“


კლინიკაში ყოფნისას დაუახლოვდა მშობლებს, რომლებიც შვილების გადასარჩენად ყოველდღიურად იბრძოდნენ: „იქ იყვნენ პაციენტები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებდა, თუმცა ხშირად წამალი დროზე არ მოდიოდა. ლეიკემია კი ისეთი დაავადებაა, თუ ზუსტად სქემის მიხედვით არ მიიღე წამალი, მკურნალობა უკვე დაგვიანებულია. ამიტომ უწევდათ წამლის ყიდვა, ეს კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. იქ ყოფნის დროს ერთმანეთს ვეხმარებოდით, როცა მოგვრჩებოდა წამალი, იმას ვაძლევდით, ვისაც სჭირდებოდა, ხშირად თანხითაც ვეხმარებოდით.


მერე როცა ქეთის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თავად მომცა სტიმული, რომ დავხმარებოდი ადამიანებს ვინც ამ დაავადებას ებრძოდა : „დედა შენ გაქვს ისეთი უნარები, რომ შეგიძლია ამ ბავშვებს დაეხმარო.“ ეს რომ მითხრა, ჩემთვის ეს იყო შოკი, რადგან არც მქონდა ეს იმ მომენტში გაფიქრებული, მთლიანად ბავშვზე ვიყავი გადართული. – „შენ თუ კარგად იქნები, პირობას გაძლევ, რომ მე ამას გავაკეთებ -მეთქი“ - ასეთი სიტყვა მივეცით ერთმანეთს.


დღეს მარინა გოგიჩაიშვილი ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტების მშობელთა კავშირის თავმჯდომარეა. ფონდი ჰემატოლოგიური პრობლემის მქონე ბავშვებს ეხმარება ფინანსურად დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში. ორგანიზაციას 2012 წლიდან საქველმოქმედო სტატუსი აქვს და დღემდე 100-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია დახმარება.


„ჩემი შვილი რომ გამოჯანმრთელდა, უფრო აქტიურად ჩავერთე ორგანიზაციის საქმიანობაში და როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციამ ისე დავიწყეთ ფუნქციონირება. შემოწირულობებით წამლების შეძენასა და მკურნალობის  ხარჯებში ვეხმარებოდი ოჯახებს.  მთელი 4 წლის განმავლობაში იმ პერიოდში ანალიზებს, გამოკვლევებს, მკურნალობა-რეაბილიტაციის, ვარჯიშების, მასაჟების ხარჯებს ვფარავდით და ხანდახან დაბადების დღეებსაც ვუხდიდით ბენეფიციარებს. კლინკებთან  ხელშეკრულებაც გავაფორმე, რომლის მიხედვითაც, ვისაც სჭირდება, ჩვენი ორგანიზაციებიის ბლანკით მიდის კლინიკაში, იკეთებს ანალიზებს და მერე ჩვენ საავადმყოფოს საჭირო თანხას ვურიცხავთ. დღეს ისე აქტიური აღარ ვარ, თუმცა, როცა მირეკავენ ვეხმარები მათ როგორც შემიძლია.“


ჯიპიაი ჰოლდინგში მუშაობა 3 წლის წინ დასაქმების ფორუმის მეშვეობით დაიწყო. ვენის სადაზღვევო ჯგუფის კონკურსისთვის კი განაცხადი მხოლოდ წელს, კოლეგების თხოვნით შეავსო. გამარჯვება  მხოლოდ მაშინ დაიჯერა, როცა ვენიდან ოფიციალური მოწვევის წერილი მიიღო.  ჯილდო მოხალისეობრივი საქმიანობისთვის  ვენაში გამართულ ღონისძიებაზე გადაეცა. 


„ბოლომდე არ მჯეროდა რომ გავიმარჯვებდი და ასე დაწყებული საქმე ასე დამთავრდებოდა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ერთი ადამიანის წაყვანა შემეძლო და მაშინვე ვუთხარი ჩემს გოგოს, ქეთი შენი იდეა იყო, შენთან დაკავშირებით გავაკეთე ეს და შენ გეკუთვნის, რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე. მართლა საოცრება და მართლა ზღაპარი იყო ჩვენთვის რაც მოხდა.


დაჯილდოვების ცერემონიაზე სამადლობელ სიტყვაშიც ვთქვი - 2008 წელს მართლაც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამდენი ხნის შემდეგ ამ ფორმით დაარსებული ორგანიზაციით ასეთ საოცარ გარემოში მოვხვდებოდით. ეს მართლაც ღვთის საჩუქარია. მაშინ მე და ჩემმა შვილმა ერთმანეთს სიტყვა მივეცით, რომ ორივენი კარგად ვიქნებოდთ და აი, ახლა ვენაში, ამ ღონისძიებაზე ორივენი აქ ვართ ჩემი შვილიც ახლა აქ არის, ჯანმრთელი და ეს ორგანიზაციაც არსებობს“.


წევრი კომპანიების თანამშრომლებს შორის კონკურსს მოხალისობრივი საქმიანობისთვის ვენის სადაზღვევო ჯგუფი 2013 წლიდან ატარებს. აღიარების ჯილდო ჯიპიაი ჰოლდინგის თანამშრომლებმა 2014, 2017 და 2018 წლებშიც მიიღეს.  კონკურსის მიზანი მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართული თანამშრომლების გამოვლენა და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილოვებაა.


სხვა სიახლეები