• Ƀ/$

ისმაილ ყაანი: ირანული ყუდსის ახალი „ჩრდილოვანი მეთაური“

20 იანვარი 13:48 | ანალიტიკა

აშშ-ის მიერ, გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ რამდენიმე საათში ირანის უზენაესმა ლიდერმა ყუდსის ძალების ახალი მეთაური დანიშნა.

აიათოლა ალი ხამენეის რჩეული ისმაილ ყაანი, ორ ათწლეულზე მეტხანს სოლეიმანის მოადგილის პოსტს იკავებდა და მისი დანიშვნა ვაშინგტონსა და თეირანს შორის არსებული კრიტიკული ურთიერთობების ფონზე ნიშნავს იმას, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის დანაყოფში ხელმძღვანელის შეცვლის პროცესი უმტკივნეულოდ განხორციელდეს.


გენერალ სოლეიმანის მკვლელობას, 8 იანვარს ირანმა ერაყის ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიშებით უპასუხა, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. მას შემდეგ უზენაესმა ლიდერმა ხამენეიმ რეგიონიდან აშშ-ის ჯარების განდევნის მიზანი დაისახა.


„ერთგული თანამებრძოლი“


3 იანვარს, ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ყუდსის ძალების ახალი ლიდერი ისმაილ ყაანი, „ირანის ისმალური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ გენერალთა შორის ყველაზე სახელოვანია ჯერ კიდევ ირან-ერაყის 1980-1988 წლების ომის პერიოდიდან. შესაბამისად იგი პირდაპირ გააგრძელებს აწ უკვე გარდაცვლილი სოლეიმანის გზას.


ლიკვიდირებული გენერლის დაკრძალვაზე, ყაანმა პირობა დადო, რომ „იმავე ძალებით და შემართებით“ გააგრძელებს მისი წინამორბედის გზას და სოლეიმანის გარდაცვალება კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის, რეგიონიდან შეერთებული შტატების „განდევნის“ პროცესს.


აშშ-ის ტენესის უნივერსიტეტის პროფესორის საეიდ გოლქარის თქმით, ალი ხამენეისთვის პრიორიტეტულია, რომ ყუდსის ძალების ახალი ხელმძღვანელი იყოს უერთგულესი საკუთარი თავისა და „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიმართ, რომელიც განსაკუთრებით კარგად იცნობს როგორც დანაყოფის სპეციფიკას, აგრეთვე ე.წ. Proxy-ძალებთან ურთიერთობების მეთოდებს/ხასიათს. ყაანი ზემოხსენებულში სრულად თავსდება.


გენერალი ყაანი 1950-იანი წლების ბოლოს, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მაშდადში დაიბადა; იგი „ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს“ 1980 წელს შეუერთდა, რამდენიმე თვით ადრე, სანამ ერაყის შეიარაღებული ძალები ირანის დასავლეთში შეიჭრებოდნენ, რასაც შემდგომ 8 წლიანი სისხლისმღვრელი ომი მოჰყვა.


„1982 წლის მარტში, ფრონტის წინა ხაზზე შედგა ყაანისა და სოლეიმანის დამეგობრება“, - აცხადებს ალი ალფონე, ამერიკული Arab Gulf States Institute-ის უფროსი ექსპერტი „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საკითხებში.


„ჩვენ ვართ თანამებრძოლები და ეს იყო ომი, რომელმაც გაჭირვებაში სიღრმისეულად დაგვამეგობრა“, - განაცხადა 2015 წელს ყაანმა.


ალფონეს თქმით, ყაანი პირველად ხამენეის ომის პერიოდში შეხვდა, რომელიც იმ დროს ირანის პრეზიდენტი იყო.


ომის დასრულების შემდეგ, მალევე ყაანი IRGC-ის სახმელეთო ჯარების უფროსის მოადგილის პოსტზე დაინიშნა. ალფონეს თქმით, მან სავარაუდოდ წამყვანი როლი ითამაშა ავღანეთში განხორციელებულ IRGC-ის ანტინარკოტიკულ ოპერაციებში და 1990-იან წლებში ორგანიზაცია „თალიბანის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.


ზემოხსენებულის მიუხედავად, დაუდგენელია, როდის შეუერთდა ყაანი ყუდსის ძალებს. არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ 1997 წელს იგი დანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილედ მას შემდეგ დაინიშნა, რაც სოლეიმანმა გახდა ყუდსის უფროსი.


„მუდამ ჩრდილში მყოფი“


შესასრულებელი სამუშაოებისა და გეოგრაფიულად განსხვავებული გავლენის სფეროების განაწილებით, სოლეიმანმა და ყაანმა მეზობელ სახელმწიფოებში ირანის გავლენის გაფართოების მიმართულებით სტრატეგიული როლი ითამაშეს.


„სანამ სოლეიმანი ქარიზმატული ლიდერის როლს ირგებდა და მასების მობილიზებას ახდენდა, აღნიშნულის პარალელურად ყაანი ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმეებით იყო დაკავებული. სოლეიმანი მეტ დროს უთმობდა დასავლეთ ირანს, ხოლო ყაანი აღმოსავლეთ ირანს, სადაც მეტ ყურადღებას ამახვილებდა არამხოლოდ პაკისტანისა და ავღანეთის შიიტურ მოსახლეობაზე, არამედ ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოკავშირეებზეც“, - აღნიშნა ალფონემ.


ყაანმა რამდენჯერმე მწვავედ გააკრიტიკა აშშ და ისრაელი, ხოლო 2017 წელს განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მუქარა ირანის წინააღმდეგ ზიანს მიაყენებს თავად შეერთებულ შტატებს.


ექსპერტთა მოსაზრებით, ყუდსის ახალი ხელმძღვანელი დანაყოფში ცვლილებებს არ განახორციელებს და მისი უწყვეტი მუშაობის წარმართვას ეცდება. გაგრძელდება იგივე პოლიტიკა, განახლებული ძალებითა და შემართებით, აშშ-ის ზეწოლის საპასუხოდ.


ყუდსის ძალების აქტიურობა ახლო აღმოსავლეთში ძირითადად მის უშუალო სამეზობლოს ეხება, მაგრამ ყაანის ხელმძღვანელობის დროს შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს რეგიონის მასშტაბით, სხვა სახელმწიფოებში საგარეო ოპერაციების/კავშირების წარმოება.


„როგორც ჩანს, ყაანს კარგი ურთიერთობები აქვს აფრიკის მუსლიმ საზოგადოებასთან და ყუდსი შესაძლოა ამ მიმართულებით გააქტიურდეს“, - განაცხადა ანალიტიკოსმა მაისამ ბეჰრავეშმა.


2012 წელს აშშ-ის ხელისუფლებამ ყაანს სანქციები დაუწესა, იმ მიზეზით, რომ იგი ყუდსის ძალებს აფრიკაში, ტერორისტულ (და არამხოლოდ) ელემენტებთან კონტაქტების დამყარებაში ეხმარებოდა.


ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ამერიკული Naval Postgraduate school-ის პროფესორის აფშონ ოსტოვარის განცხადებით, სავარაუდოა, რომ ყუდსის ძალები ავღანეთის მიმართულებითაც გააქტიურდებიან.


„იმის გათვალისწინებით, რომ ყაანს ავღანეთთან დაკავშირებით პირადი გამოცდილება აქვს, ამ სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა, მაგრამ ნებისმიერი ცვლილება მათვის მაინც სტრატეგიულად მარგინალური იქნება. აქვე, ყაანს ის მახასიათებელი აქვს, რომ საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს“, - აღნიშნა ოსტოვარმა.


ექსპერტი მაისამ ბეჰრავეში მოსაზრებას ეთანხმება და აცხადებს, რომ სოლეიმანის „სახელგანთქმულმა სტატუსმა“ დამაზიანებლად იმოქმედა ლიკვიდირებულ გენერალზე, როდესაც სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის შემდეგ ამერიკელებმა იგი გაანეიტრალეს. რაც შეეხება ყაანის, იგი მისი ხასიათიდან გამომდინარე მუდმივად „ჩრდილში დარჩენას“ და ამ ფორმით მართვას ეცდება.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


 


 


მსგავს თემაზე:

ვინ არის ირანული ყუდსის დანაყოფის ახალი ხელმძღვანელი?


ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ისტორია და სტრუქტურა


რა შესაძლებლობებისა და მასშტაბების სამხედრო რესურსი გააჩნია ირანს?


ჰორმუზის სრუტე - რა მოელის მსოფლიო ნავთობს თუ ირანი მის ბლოკირებას მოახდენს?



სხვა სიახლეები