• Ƀ/$

ექსპერიმენტი: როგორი უნდა იყოს კარგი ონლაინ-მაღაზია

27 იანვარი 15:28 | კომპანიები

როგორი უნდა იყოს კარგი ონლაინ-მაღაზია?

პირველ რიგში, მას უნდა ჰქონდეს მრავალფეროვანი არჩევანი; შემდეგ, მომხმარებელი მარტივად უნდა პოულობდეს სასურველ ნივთს და მესამე: ჰქონდეს ოპერატიული საკურიერო მომსახურება.  


„ვენდუ“ ონლაინ-მაღაზიაა, სადაც 2000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი. პლატფორმა, რომელიც თიბისი ბანკმა SWOOP-ის ბაზაზე დააფუძნა, განკუთვნილია როგორც მომხმარებლისთვის, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად სურს იშოპინგოს, აგრეთვე - ქართველი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომელთაც შეუძლიათ, თავიანთი პროდუქცია ონლაინ-მაღაზიაში განათავსონ.  


იმისათვის, რომ პირველი ქართული მასშტაბური ონლაინ-მაღაზიის შესახებ ჩემი სტატია მაქსიმალურად მრავალმხრივი და საინტერესო გამოსულიყო მკითხველისთვის, გადავწყვიტე, პირველ რიგში, თავად მესარგებლა ამ პლატფორმით.


 


რა გააკეთა სტატიის ავტორმა? 


ჩემი სამეგობრო 50-მდე ადამიანს ითვლის. დაბადების დღიდან დაბადების დღემდე ყველას +1-ით დაპატიჟება მიწევს ხოლმე ცოლებით ან ქმრებით. წელს უკვე იმდენი შევგროვდით, რომ დაბადების დღის აღნიშვნა მეგობრის აგარაკზე ულაპარაკოდ გადავწყვიტეთ.


სახლი, ცხადია, ჩვენ უნდა მოგვეწყო. რა სჭირდება დიდ და ხმაურიან სამეგობროს წვეულებისთვის? რა თქმა უნდა, დინამიკები. ავირჩიე დინამიკები ბლუთუზით. შეიძლება პროფესიონალური აუდიო-სისტემა ვერაა, მაგრამ სამაგიეროდ, პორტატულია, თანაც 2-3 ჭიქის მერე ყველას მოუნდება თავისი „მაგარი ვეშის“ მოსმენინება სხვებისთვის.


დეკორაციებს დიდ მნიშვნელობას არც ერთი ვანიჭებთ, მაგრამ ამ განსაკუთრებული შემთხვევისთვის „კალათში“ რამდენიმე საახალწლო განათებაც ჩავაგდე, რომლითაც ვაპირებ, აგარაკის ინტერიერის და ექსტერიერის გამოცოცხლებას და სადღესასწაულო ელფერის მინიჭებას.


შემდეგ სამზარეულოს განყოფილებაში გადავედი და ვიყიდე მოჰიტოს პრესი, სათქვეფი ნაკრები, კოქტეილის ლამაზი ჭიქები, საწრუპები და პატარა ქოლგები; ყინულების ფორმებიანი გასაკეთებელი, შეიკერი, (აქვე გადავაწყდი ალუბლის კურკების გამოსარჩევ აპარატსაც და აღვფრთოვანდი, მაგრამ მოგვიანებით შევიძენ ალბათ, ალუბლის სეზონზე) და ყინულის სათლი; ღვინისა და ლუდის ბოთლების ძალიან ლამაზი ყვითელი და სალათისფერი გასახსნელები; ბამბუკის დაფები სენდვიჩების დასალაგებლად; ბურთის ფორმის საფერფლეები, კონსერვის ძალიან უცნაური გასახსნელი (ეს სახლშიც გამომადგება); ვიყიდე ციტრუსის ლაიმისფერი საჭყლეტიც, (ამავე გვერდზე ხახვის საჭრელი ვნახე ისეთი, რომელიც დანახვისთანავე შემიყვარდა, იმიტომ რომ ასე ხახვს სწრაფად და მარტივად დაჭრით და ცრემლებსაც აირიდებთ თავიდან); ცხადია, ვიყიდე მეტალის ტორტის დასადებიც და პიცის საჭრელიც.


ამის მერე, სამზარეულოს აქსესუარებიდან სასმელების განყოფილებაში გადავინაცვლე და ჩემი ხმაურიანი მეგობრებისთვის რამდენიმე ბოთლი ჯეიმსონი, მარტინი და თეთრი და წითელი ღვინოები შევარჩიე.


ის წვეულება რა წვეულებაა, სადაც მწვადს არ შეწვავ? ჰოდა, ეზოსა და დასვენების განყოფილებაში 6-შამფურიან მაყალსაც მივაგენი. აქვე ვიყიდე პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერები, საკვების მარტივი ტრანსპორტირებისთვის და ერთჯერადი ჭიქები და თეფშები (ვის აქვს ჭურჭლის რეცხვის თავი მეორე დღეს?) ამავე განყოფილებაში ბაღის დეკორაციის პროდუქტებიც გადავათვალიერე. ცდუნებას ვერ გავუძელი და ბაღის მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურები და დეკორატიული ფერად-ფერადი კენჭებიც ჩავამატე კალათში, რომლითაც ვაპირებ პატარა, ლამაზი ბილიკები დავხატო ეზოში, გაგიჟდება ხალხი!


მერე დავფიქრდი, რომ თუკი ეზოსაც ასე ვრთავ, მაშინ ხალხი გარეთ ყოფნითაც უნდა დატკბეს, ამიტომაც ტექსტილის განყოფილებაში 6 ცალი ღუნღულა პლედიც შევიძინე.


ბოლოსდაბოლოს, როცა მოვრჩი ჩემი საკრედიტო ბარათის აწიოკებას და ის-ის იყო გამოსვლა დავაპირე, გამახსენდა, ამასწინათ თამაში „ტვისტერი“ რომ ვნახეთ მე და ჩემმა მეგობარმა რაღაც მაღაზიაში. მაშინ ვერ ვიყიდეთ და შემდეგისთვის გადავდეთ, მერე კი, ცხადია დაგვავიწყდა. ტვისტერი, რომელიც ჩემი ბავშვობის ამერიკულ ფილმებში ნაჩვენები წვეულებების მთავარი ვარსკვლავია, „ვენდუზე“ სათამაშოების განყოფილებაში მოვნახე.  



და სანამ მე სენდვიჩებისთვის პროდუქტსა და სხვა სასუსნაოებზე დავრბოდი, ჩემი შეკვეთა, როგორც აი, ამ ვიდეორგოლშია გადმოცემული, სწორედ ასე აეწყო და „ვენდუს“ კურიერმა ზუსტად ორსაათნახევარში მითითებულ მისამართზე მომიტანა. შეკვეთილი ნივთები ჩემთან ერთად გულდასმით შეამოწმა და დარწმუნდა, რომ ყველა ნივთი მომეწონა (არც დაბადების დღის მოლოცვა დავიწყნია!).


აი, რა შევიძინე საბოლოო ჯამში ექსპერიმენტის ფარგლებში:


სამზარეულოს აქსესუარები და ერთჯერადი ჭურჭელი


ბაღის დეკორაცია


განათებები


დინამიკები


სასმელი


მაყალი


თამაშები


ეს ნივთები სამეგობროს კიდევ გამოგვადგება, წინ ხომ მთელი ზაფხული გველის სხვა ხმაურიანი და ხალისიანი წვეულებების მოსაწყობად.


სხვა სიახლეები