• Ƀ/$

Samsung Galaxy S20 Ultra-ს 16GB ოპერატიული მეხსიერება ექნება

2 თებერვალი 14:19 | ტექნოლოგიები

Samsung Galaxy S სერიის პირველი მოდელი გამოსვლიდან 10 წელი გავიდა. 10 წლის შემდეგ, 2020 წლის 11 თებერვალს სან-ფრანცისკოში, ამ კორეული ბრენდის მოყვარული ადამიანები ახალ S20-ს იხილავენ, იქამდე კი რამდენიმე დეტალი უკვე ცნობილი გახდა. 

2010 წლის 4 ივნისს წარდგენილი იმ დროს საუკეთესო სმარტფონის მოდელის პარამეტრები დღეს უკვე ღიმილისმომგვრელად გამოიყურება: პროცესორი - 1 გიგაჰერცი, ოპერატიული მეხსიერება - 512MB, ძირითადი მეხსიერება - 8GB, ბატარეა - 1500 მილიამპერსაათი, ეკრანის ზომა - 4 ინჩი, ეკრანის გაფართოება - 800X480, ძირითადი კამერა - 5MP, წინა კამერა - 0.3MP. სმარტფონს 4G ინტერნეტის მხარდაჭერა ჯერ კიდევ არ გააჩნდა. Samsung-მა 3 წელიწადში ამ მოდელის 24 მლნ ერთეულის რეალიზება მოახდინა და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.


2011 წლის თებერვალში ყველა პარამეტრით გაუმჯობესებული Galaxy S2 გამოვიდა, მას უკვე გააჩნდა 4G მხარდაჭერა, თუმცა მისი 40 მლნ მომავალი მფლობელიდან სავარაუდოდ ეს უპირატესობა ნახევარზე მეტმა ვერ გამოიყენა.


2GB ოპერატიული მეხსიერებისა და HD ეკრანის მქონე Galaxy S3-ის გაყიდვებმა 70 მლნ-ს მიაღწია.


FULL HD ეკრანიანი და 13MP კამერის მქონე Galaxy S4-ის გაყიდვებმა 80 მლნ-ს გადააჭარბა, ნაკლებადინოვაციურმა S5-ის გაყიდვებმა 48 მლნ შეადგინა.


მთლიანობაში S სერიის მოდელების გაყიდვებმა 400 მლნ-ს გადააჭარბა.



Galaxy S20-ის ტექნიკური მახასიათებლები


S20-ში აქცენტები ძირითადად კამერაზე გაკეთდება. 4 კამერა ჯამში 108MP-იანი (9216 X 6912) ფოტოსა და 8K რეზოლუციის (7680 X 4320) ვიდეოს გადაღებას შეძლებს. მეხუთე სელფის კამერა კი 40MP-იანი იქნება. არაოფიციალური ინფორმაციით სამხრეთკორეული გიგანტი S20-ის 3 სხვადასხვა მოდიფიკაციის მოდელის წარდგენას გეგმავს თავად S20-ს, S20 PLUS-სა და S20 ULTRA-ს. ეკრანის ზომები შესაბამისად 6.2; 6.7 და 6.9 ინჩი იქნება. გარჩევადობა 3200X1440, რაც S10-ის მაჩვენებელზე (3040X1440) მხოლოდ ოდნავაა მეტი. კომპანია გასაოცარი სიჯიუტით 4K რეზოლუციაზე 3840X2160 კვლავ უარს აცხადებს, ასეთი მაღალი რეზოლუცია ბატარიის წარმადობას შეამცირებდა, მაგრამ დააკმაყოფილებდა ასობით მილიონი ადამიანის სურვილს, (შეძენას მათგან მხოლოდ ნაწილი მოახერხებდა) ბოლოს და ბოლოს განათების ინტენსიობის დაწევის შესაძლებლობა ყველა სმარტფონს გააჩნია.


პროპორციები კიდევ დაირღვევა, ეკრანი კიდევ ერთხელ 20:9-მდე წაგრძელდება, ტელევიზორებისა და მონიტორების სტანდარტული პოპორცია 16:9-ზეა, Samsung-მა სმარტფონებში ეს წესი S8-დან დაარღვია, როცა ზომები 18.5:9-ით შეცვალა.


ტექნიკური დეტალებით განსაკუთრებულ ყურადღებას S20 ULTRA იპყრობს, მისი ოპერატიული მეხსიერება 16GB-ს მიაღწევს, 32-ჯერ მეტს 10 წლის წინანდელ მოდელთან შედარებით. ამ ზომის მეხსიერება მხოლოდ მხოლოდ ზოგიერთ პრემიუმ კლასის ლეპტოპს გააჩნია. ძირითადი მეხსიერება SD ბარათთან ერთად 1TB იქნება, რაც უკვე პრინციპში გასაოცარი საერთოდ აღარაა. თუმცა უჩვეულო სიმძლავრით გამოირჩევა მისი ბატარეა - 5000 მილიამპერსაათი. შთამბეჭდავია საწყისი ფასიც - $1300.


სამივე მოდელი 5G ინტერნეტის მხარდაჭრით იქნება წარმოდგენლი. Samsung-მა პირველი ასეთი სმარტფონი Galaxy S10 პირველად გასული წლის თებერვალში წარადგინა, რასაც აგვისტოში Galaxy Note 10 მოჰყვა. მას ახლა 5G სმარტფონებში 50%-იანზე მაღალი წილი უჭირავს, რბოლაში Iphone-ის ჩართვის შემდეგ ეს რიცხვი შემცირდება, თუმცა კორეული გიგანტი უპირატესობის შენარჩუნებას მაინც ყველანაირად ეცდება.


პროცესორი - Snapdragon 865, 7 ნანომეტრიანი, არსებობდა 5 ნანომეტრიანის მოლოდინიც. წინა მოდელების მსგავსად წყლისგან და მტვრისგან დამცავი ფუნქცია, ადევე უსადენო ყურსასმენების მხარდაჭერის შესაძლებლობა S20-საც ექნება.


დასახელება S20 არაფერია, თუ არა მარკეტინგული გათვლა, რიგითობით S11 უწევდა. მსგავს პრეცედენტს ტექნოლოგიური სამყარო კარგად იცნობს. თავის დროზე Microsoft-მა Windows 9-ის მაგივრად Windows 10 გამოუშვა, ისევე როგორც Apple-მა გამოტოვა Iphone 9.


Samsung 1938 წელს კორეაში ჯერ კიდევ მაშინ დაფუძნდა, როდესაც ქვეყანა იაპონიის კოლონიას წარმოადგენდა. მისი წარმოების პროფილი ფართო იყო. ხოლო ის Samsung რომელსაც დღეს მსოფლიო იცნობს - Samsung Electonics 1969 წელს დაფუძნდა. კომპანიის კაპიტალიზაცია $330 მლრდ-ს აღწევს. 2018 წელს Samsung-მა $220 მლრდ-ს შემოსავალი მიიღო, საიდანც წმინდა მოგება $40 მლრდ-ს შეადგენდა. კომპანიის აქტივები $320 მლრდ-ს უდრის და ის მსოფლიო მასშტაბით 320 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს.


2011 წლის მეორე ნახევარში მოპოვებულ უპირატესობას Samsung დღემდე ინარჩუნებს. 2019 წლის III კვარტალში Samsung-ს წილი სმარტფონების ბაზარზე 21.8%-ს შეადგენდა რითაც ლიდერის პოზიციას იკავებდა.


მსგავს თემაზე:

რას შეცვლის 5G ინტერნეტი? - გზა გამოქვაბულის ნახატებიდან ციფრულ მომავლამდე


ახლო მომავალში Iphone 5G მხარდაჭერით აღიჭურვება


2011-2019 წლებში მსოფლიო მასშტაბით 10.9 მლრდ სმარტფონი გაიყიდა



სხვა სიახლეები