• Ƀ/$

ალტერნატივა ქირასა და სესხს შორის: რას ნიშნავს ლიზინგი?

30 იანვარი 17:01 | კომპანიები

სიმდიდრე სარგებლობაშია და არა - ფლობაში - არისტოტელეს ეს გამონათქვამი ასეთი ზუსტი ჯერ არასდროს ყოფილა.

ჩვენ ხომ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა ნებისმიერი რამის განვადებით შეძენაა შესაძლებელი. საბანკო პროდუქტები კი დღითიდღე უფრო დახვეწილი და მომხმარებელზე მორგებული ხდება.


ჩვენ კარგად ვიცით, რა არის ქირა და საბანკო სესხი, თუმცა, ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს ლიზინგის შესახებ და გვგონია, რომ ის არაა საჩვენო. არადა, პირიქით: ლიზინგი ყველაზე მასობრივი და სახალხო პროდუქტია, რაც კი ოდესმე ამ სფეროში შექმნილა.


გასესხების ეს უცნაური ფორმა ჯერ კიდევ ძველ ბაბილონში იყო ცნობილი. საქმე ისაა, რომ თუ ჯარისკაცი გადაწყვეტდა, რომ არ სურდა მიწის დამუშავება, რომელიც სამეფოსგან ჯარში სამსახურის სანაცვლოდ მიიღო, მაშინ ის მიწას აბარებდა ეგრეთწოდებულ „სალიზინგო კომპანიას“, რომელიც, თავის მხრივ, გარკვეული სისტემატური შემოსავლის სანაცვლოდ დროებით გასცემდა მიწას.


ხამურაბის დროინდელი ბაბილონიდან საუკუნეები გავიდა. თუმცა ადამიანის სურვილი, იცხოვროს და ისარგებლოს სხვადასხვა სიკეთეებით, უცვლელი დარჩა.


 


მაინც რა არის ლიზინგი?


ლიზინგი მეტნაკლებად ჰგავს ქირას. თუმცა მის შემთხვევაში, დამქირავებელს აღარ უწევს ცალკეულ გამქირავებლების ძებნა და შემდეგ მათთან შეხვედრა-მოლაპარაკებები. მას შეუძლია პირდაპირ მიმართოს სალიზინგო კომპანიას, რომელიც წინასწარ შერჩეულ მოწყობილობასა თუ ტრანსპორტს ქირის პრინციპით მოგვცემს, პროდუქტის საბოლოო შესყიდვის უფლებით.


 


ეს კარგი, მაგრამ რითი განსხვავდება უკვე ნაცნობი სესხისგან?


პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რისთვისაა განკუთვნილი ლიზინგი. ეს პროდუქტი იდეალურად ერგება ავტომობილს და ძვირადღირებულ ტექნიკა-დანადგარებს, რომელიც საჭიროა ბიზნესის დაწყებისთვის ან გაფართოებისთვის.


ლიზინგს კარგად გამოიყენებენ სტარტაპები, მცირე და საშუალო მეწარმეები სამკერვალოსთვის, საცხობისთვის, სამრეცხაოსთვის, მშენებლობისთვის და ა.შ. სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის, რომელსაც ტექნიკური დანადგარები სჭირდება.


1. სალიზინგო პერიოდის ხანგრძლივობა უფრო დიდია, ვიდრე - სესხის.


2. პირობები, რომელიც ლიზინგის დასაწყისში იდება, განსხვავებით სესხისგან, არც ერთ ეტაპზე არ იცვლება.


3. სალიზინგო პერიოდის ბოლოს მომხმარებელს შეუძლია იყიდოს და საკუთრებაში დაიტოვოს ქონება, ან გადაცვალოს უფრო ახალ მოდელში.


4. თუკი სესხის შემთხვევაში ყურადღება ექცევა კონკრეტული ავტომობილის ან ტექნიკის მოდელს, გამოშვების წელს და ტიპს, ლიზინგის დროს ეს კრიტერიუმები მის დამტკიცებაზე არ მოქმედებს.


5. რაც ყველაზე მთავარია, ლიზინგის შემთხვევაში, ავტომობილს ან ტექნიკას თავად სალიზინგო კომპანია აზღვევს და არა - თქვენ.


6. ლიზინგის დროს მომხმარებელს არ სჭირდება დამატებით უძრავი ან მოძრავი ქონების ჩადება უზრუნველყოფისთვის.


7. ლიზინგი ესაა პროდუქტი ქირასა და სესხს შორის, როდესაც ავტომობილს ან ტექნიკას ქირაობ ბოლოს შესყიდვის უფლებით.


8. კარგი ამბავი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის: სესხისგან განსხვავებით, სალიზინგო საზღაური მთლიანად ტარდება ხარჯში, შესაბამისად, მოგების გადასახადი მცირდება. დღგ-ს თანხა ერთიანად გადახდის ნაცვლად ლიზინგის ყოველთვიური გადახდის პროპორციულად გადანაწილდება.  


9. და ბოლოს: ლიზინგის მთავარი უპირატესობა სესხთან შედარებით ისაა, რომ ახალი ტექნიკის ან ავტომობილის მოდელის გამოსვლის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია უბრალოდ, დაუბრუნოს არსებული ავტომობილი ან ტექნიკა კომპანიას და გამოიყვანოს ახალი მოდელი.


თუკი კვლავ გიჭირთ განსაზღვროთ, რა არის ლიზინგი, უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც USAID-ის დაკვეთით მომზადდა.



 


რას გვთავაზობს საქართველოს სალიზინგო კომპანია


საქართველოში პირველი სალიზინგო კომპანია საქართველოს სალიზინგო კომპანიაა, რომელიც 2001 წელს დაარსდა. კომპანია დამწყებ, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მათზე მორგებულ სალიზინგო მომსახურებას სთავაზობს.


2015 წლიდან საქართველოს სალიზინგო კომპანია უკვე ფიზიკურ პირებსაც აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ ისეთი სალიზინგო პროდუქტებით, რომლებიც ბაზარზე ამ დრომდე არ იყო წარმოდგენილი.


საქართველოს სალიზინგო კომპანია ქვეყანაში სამი ძირითადი პროდუქტითაა წარმოდგენილი.


ფინანსური ლიზინგი - როდესაც ქირაობ ავტომობილს ან ტექნიკა-დანადგარს და მისი საფასურის სრულად დაფარვის შემდეგ შენს საკუთრებაში გადმოდის.



 


უკულიზინგი - ამ შემთხვევაში სალიზინგო კომპანია აქეთ იძენს თქვენს პროდუქტს, იქნება ეს ავტომობილი თუ ტექნიკა-დანადგარი, თუმცა მისი გამოყენება თქვენ კვლავ შეგიძლიათ სალიზინგო პერიოდის დასრულებამდე.



საოპერაციო ლიზინგი - საოპერაციო ლიზინგი ყველაზე მიღებული და ცნობილი სისტემაა განვითარებულ ქვეყნებში. მძღოლების უმეტესობა აღარ ხარჯავს დროს (ფინანსებს და ნერვებს) შედარებით ძველი მოდელის ავტომობილებზე, რადგან მოქნილი სისტემის წყალობით მათ შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ მუდმივად ახალი მოდელის ავტომობილებით. საქმე ისაა, რომ თქვენ უბრალოდ „ქირაობთ“ ახალი მოდელის ავტომობილს კომპანიისგან, ახალი მოდელის გამოსვლის შემდეგ კი, მარტივად ცვლით მას.


 


სალიზინგო სექტორი


და ბოლოს, ლიზინგის განვითარება პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის წინსვლასთან. ნებისმიერი სტატისტიკა ცხადყოფს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ლიზინგის სექტორი გამართულად მუშაობს, ეკონომიკის განვითარების მაჩვენებელიც გაცილებით მაღალია. გამართული სალიზინგო სისტემა, პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაა მომგებიანი.


თუკი განვითარებულ ქვეყნებში ლიზინგის მოხმმარების მაჩვენებელი 30%-ს აღწევს, განვითარებად ქვეყნებში ის მხოლოდ 3-15%-ია, მათ შორის, საქართველოში, ლიზინგით მომხმარებელთა მხოლოდ 2% სარგებლობს, დანარჩენი 98% კი საბანკო ან მიკროსაფინანსო სესხით ან საკუთარი ფინანსებით იძენს ამა თუ იმ პროდუქტს. ამის მიზეზი პროდუქტის სიახლე და მისი სათანადო ცნობადობა არაა.


სხვა სიახლეები