• Ƀ/$

როგორ ვრცელდება კორონავირუსი და როგორ შეიძლება მისგან თავდაცვა?

31 იანვარი 15:54 | ანალიტიკა

თითქმის 10 000 ადამიანი დაინფიცირდა ახალი ტიპის კორონავირუსით, რომელიც აგრძელებს გავრცელებას სხვადასხვა ქვეყანაში მას შემდეგ რაც ის პირველად დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა.

31 იანვრის მონაცემებით, ვირუსს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - ყველა ჩინეთში, მათგან უმეტესობა კი ჰუბეის პროვინციაში, რომლის დედაქალაქი ვუჰანია.


როგორ ვრცელდება კორონავირუსი?


2019-nCoV ადამიანიდან ადამიანზე ახლო მანძილზე ვრცელდება, როგორც სხვა რესპირატორული დაავადებები, მაგალითად გრიპი. დაავადების გადაცემა შესაძლოა მოხდეს დაცემინების ან დახველების დროს გამოყოფილი ჰაერწვეთოვანი გზით.


მეცნიერთა მოსაზრებით ხველის ან ცემინების დროს გამოყოფილი ნერწყვის/ლორწოს წვეთს რამდენიმე ნაბიჯის მანძილზე გავრცელება ან ჰაერში 10 წუთამდე გაჩერება შეუძლია.


შესაძლებელია, რომ ეს წვეთები სხვა ადამიანს ან პირდაპირი კონტაქტის გზით შეხვდეს ან დააინფიციროს სუბიექტი, თუ იგი ხელით შეეხება ისეთ ზედაპირს (და შემდეგ სახესთან ექნება კონტაქტი), რომელზეც ვირუსია გავრცელებული.


ჯერჯერობით ზუსტი ცნობები არ არის, რამდენ ხანს შეუძლია ამ ვირუსს რაიმე ტიპის ზედაპირზე გაჩერება, მაგრამ სხვა ვირუსების შემთხვევაში ეს მოცემულობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე თვემდე პერიოდს მოიცავს.


ვირუსის ტრანსმისია განსაკუთრებით საშიში ტრანსპორტშია, სადაც კორონავირუსმა ჰაერწვეთოვანი გზით შეიძლება იმოგზაუროს ან მოედოს ისეთ ზედაპირს, როგორიც მაგალითად თვითმფრინავის სავარძელი ან დასაყრდენია.


სიმპტომების გამოვლენამდე კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი 1-დან 14 დღემდე პერიოდს მოიცავს. ჯერჯერობით დადასტურებული არ არის შესაძლებელია თუ არა ვირუსის გადატანა სიმპტომების გამოვლენამდე, შესაბამისად რთულია ისეთი ადამიანების ამოცნობა, რომლებიც პოტენციურად რისკის ქვეშ იმყოფებიან ან დაავადების გადამტანები არიან.


არის თუ არა ადამიანი იმუნური ახალი კორონავირუსის მიმართ?


ვირუსის ტიპი, რომელიც სწრაფად ვრცელდება, ჩვეულებრივ უფრო დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით გამოირჩევა და პირიქით.


იმის მიუხედავად, რომ დაღუპულთა საერთო რიცხვი გაიზარდა, ფატალური შედეგების ამჟამინდელი მაჩვენებელი 2,4%-ია - ანუ ეს უფრო დაბალია, ვიდრე 2002-2003 წლებში გავრცელებული რესპირატორული კორონავირუსის SARS-ის (Severe Acute Respiratory Syndrome) მაჩვენებელი, რომელმაც დაავადებულთა 9,6%-ის სიკვდილი გამოიწვია.


იმის გამო, რომ ვირუსი სრულიად ახალი ტიპისაა, ჯერჯერობით მის საწინააღმდეგოდ იმუნიტეტი არ არის შემუშავებული. იმუნიტეტის გარკვეული დონე ბუნებრივად ვითარდება დროთა განმავლობაში, მაგრამ ყველაზე მეტად რისკის ქვეშ დაბალი იმუნური სისტემით გამორჩეულები, ძირითადად მოხუცები და პრობლემური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები იმყოფებიან.


როგორ შეუძლიათ ადამიანების თავის დაცვა? არის თუ არა ნიღაბი სასარგებლო?


თავდაცვის და ვირუსისგან არიდების თვალსაზრისით მეცნიერები თანხმდებიან, რომ პირველ რიგში საჭიროა ხელების დაბალა საპნით საფუძვლიანად; აუცილებელია სახის დაფარვა დახველების ან დაცემინების დროს; ამ დაავადების გავრცელების რაიონებში ცხოველებთან პირდაპირი კონტაქტი არ არის მიზანშეწონილი;


იმის მიუხედავად, რომ სახის ნიღაბი საკმაოდ პოპულარული ნივთია, მეცნიერები მის სარგებლიანობაზე დღემდე დავობენ.


ნიღაბს ერთის მხრივ შეუძლია დაიცვას ადამიანი და მისი გარშემომყოფები დაავადების გავრცელებისგან, მაგრამ ეს ნივთი ისეთი მასალისგან მზადდება, რომ ვირუსმა ჰაერწვეთოვანი გზით შესაძლოა მაინც გაიაროს ნიღბის შრე და მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში.


რა ღონისძიებები გატარდა კორონავირუსის შესაჩერებლად?


ჩინეთის ხელისუფლებამ ვუჰანი და ათეულზე მეტი სხვა ქალაქი დაახლოებით 50 მლნ. ადამიანით იზოლაციაში მოაქცია, რათა ხელი შეუშალოს დაავადების გავრცელებას. იმის გამო, რომ დაავადებულთა რიცხვი მაინც იზრდება, სხვადასხვა სახელწიფოები და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები მკვეთრ ზომებს იღებენ. რამდენიმე ავიაკომპანია ჩინეთის მიმართულებით ფრენები და ავიაგადაზიდვები შეაჩერა. რამდენიმე ევროპულმა და აზიურმა სახელმწიფომ ვუჰანიდან და სხვა მიმდებარე ტერიტორიებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. რუსეთმა ჩინეთთა საზღვარი ჩაკეტა. ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა გერმანიაში, კანადაში, ვიეტნამში, სამხრეთ კორეაში და იაპონიაში.


იმის მიუხედავად, რომ სამედიცინო ტექნოლოგიური მიღწევები მსოფლიოს მასშტაბით მაღალ დონეზეა, ნაკლებსავარაუდოა, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მასობრივი გავრცელება ერთ წელში მოხდეს. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის უმთავრესი საზრუნავი პირველ რიგში დაავადების გავრცელების აღკვეთა იქნება.


გადაადგილების შეზღუდვები მთლიანად ვერ შეაჩერებს დაავადების გავრცელებას, მაგრამ მნიშვნელოვნად შეანელებს მის პროგრესს.


რამდენად სერიოზულია ეპიდემია?


ამ ეტაპზე ახალი ტიპის კორონავირუსი მნიშვნელოვანი შეშფოთების საფუძველს იძლევა. ინფექცია ახლა უფრო ფართოდაა გავრცელებული, ვიდრე 2002-2003 წლებში SARS-ის (Severe Acute Respiratory Syndrome) შემთხვევაში, რომელიც აგრეთვე ჩინეთში წარმოიშვა, მაგრამ ახალი ტიპის კორონავირუსს ფატალური შედეგი შედარებით ნაკლები აქვს.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ამ დაავადების გავრცელების საპასუხოდ უმაღლესი გამაფრთხილებელი დონე (Warning level) შემოიღო, ისევე, როგორც ეს - 2014 და 2019 წლებში ებოლას ვირუსის, 2014 წელს პოლიოვირუსის, 2016 წელს ზიკას ვირუსის და 2009 წელს ღორის გრიპის შემთხვევებში მოხდა.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


 


მსგავს თემაზე:

კორონავირუსი: ყველაფერი სიმპტომების, ვაქცინისა და რისკების შესახებ


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის საკითხზე საუბრობს


რამდენად დიდია საქართველოში "კორონავირუსის" შემოტანის რისკი?


კორონა ვირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა ოფიციალური სტატისტიკა


ჩინეთში ახალი iPhone-ს წარმოება კორონავირუსის გამო შესაძლოა გადაიდოს


კორონავირუსი ჩინურ ვირუსოლოგიის ინსტიტუტში წარმოიშვა?!



სხვა სიახლეები