• Ƀ/$

ამერიკულ "საუკუნის შეთანხმებას" ირანისა და თურქეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა

3 თებერვალი 12:29 | ანალიტიკა

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა შაბათს, 1 თებერვალს, სტამბოლში პალესტინის პრო-ირანული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მიიღო. დახურულ კარს მიღმა შეხვედრა 1 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.

 

პარასკევს, 31 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტი პალესტინელ კოლეგას მაჰმუდ აბასს ტელეფონის მეშვეობით ესაუბრა, სადაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარის მხარდაჭერა პალესტინისადმი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ე.წ. საუკუნის შეთანხმების საპასუხოდ.


სამშაბათს, 28 იანვარს, თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე დონალდ ტრამპმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაჭრის თაობაზე ე.წ. გეგმა წარადგინა. შეთანხმების მიხედვით იერუსალიმი „ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად“ არის მიჩნეული, რაც თურქეთისთვის პირდაპირ „წითელი ხაზია“, როგორც ამას ანკარაში აცხადებენ.


პრეზიდენტმა ერდოღანმა არაბი და მუსლიმი ლიდერები „საუკუნის შეთანხმების“ მიღებისა და დუმილის გამო გააკრიტიკა და დაადასტურა მისი ძლიერი წინააღმდეგობა ამ ფორმით კონფლიქტის მოგვარებაზე.


„ჩვენ არასდროს ვცნობთ და მივიღებთ იმ ტიპის გარიგებას, რომელიც პალესტინის ოკუპირებული მიწების ანექსიას გულისხმობს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.


ირანული გამოცემა “Mehr News”ის ინფორმაციით, კვირას, 2 თებერვალს, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მევლუთ ჩავუშოღლუმ და ჯავად ზარიფმა სატელეფონო საუბარი გამართეს. საუბრის თემა ტრამპის ე.წ. საუკუნის შეთანხმებას შეეხო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ისლამურმა სამყარომ უნდა დააფიქსიროს მყარი პოზიცია პალესტინის ტერიტორიების „გაყიდვის“ საწინააღმდეგოდ.


პალესტინელმა ლიდერებმა, რომლებმაც 2017 წლის ბოლოს შეწყვიტეს ყოველგვარი კავშირი შეერთებულ შტატებთან, მას შემდეგ, რაც ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა, ხოლო პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ იგი დასაწყისშივე უარყოფს შეერთებულ შტატების ე.წ. საუკუნის შეთანხმებას.


ზემოხსენებულს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში ათასობით პალესტინელის გამოსვლა და ქუჩის პროტესტი მოჰყვა.


ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ კონფლიქტის მოგვარების გეგმას „საუკუნის ყველაზე საზიზღარი შეთანხმება“ უწოდა. გეგმა აგრეთვე დაგმეს ბაჰრეინმა, სირიამ და ლიბანმა.


აქვე აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ირანის ყუდსის ახალი ლიდერი, ისმაილ ყაანი პალესტინის პრო-ირანული მოძრაობა ჰამასის პოლიტიკურ ლიდერთან ისმაილ ჰანიესთან და პალესტინის ე.წ. ისლამური ჯიჰადის გენერალურ მდივანთან ზიად ნახალესთან მჭიდრო კოორდინაციაშია, ისრაელის შემდგომი მოქმედებების საპასუხოდ.


 


 


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


 


 


მსგავს თემაზე:

ტრამპის "საუკუნის შეთანხმება" - რეგიონული გამოხმაურება ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებაზე


ამერიკული "საუკუნის შეთანხმება" - "მზის ქვეშ კუთვნილი ადგილი" ისრაელისთვის



სხვა სიახლეები