• Ƀ/$

თურქეთსა და რუსების მიერ მხარდაჭერილ ასადის რეჟიმს შორის ურთიერთობები კრიტიკულია

3 თებერვალი 16:56 | ანალიტიკა

ბოლო მონაცემებით 5 თურქი ჯარისკაცი და 1 სამოქალაქო პირი დაიღუპა და კიდევ ბოლო 9 დაიჭრა ბაშარ ასადის ძალების მიერ იდლიბში, სარაქიბის დასავლეთით განხორციელებული დაბომბვების შედეგად.

საპასუხოდ თურქეთის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ მათ საპასუხო იერიში მიიტანეს და იდლიბში სამიზნეები გაანადგურეს. აქვე თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სირიის რეჟიმისთვის წინასწარ იყო ცნობილი თურქეთის პოზიციების შესახებ, მაგრამ მათ მაინც განახორციელეს შეტევა. საპასუხო შეტევის შედეგად 6 სირიელი სამთავრობო ჯარისკაცი დაიღუპა.

ორშაბათს, 3 თებერვალს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თავის მხრივ განაცხადა, რომ 40 წერტილი დაიბომბა, სადაც 30-დან 35-მდე სირიელი ჯარისკაცი განეიტრალდა. მან რუსული მხარე გააფრთხილა არ ჩაერიონ და რეაგირება არ მოახდინონ სირიის სამთავრობო არმიაზე თურქული დანაყოფების იერიშებზე, რომელიც თურქი ჯარისკაცების გარდაცვალებაზე შესაბამისი პასუხის გაცემაა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სირიის სამთავრობო ჯარებზე თავდასხმები არ დაფიქსირებულა. მათი თქმით 2-3 თებერვალს თურქული დანაყოფები „ტერორისტებმა“ დაბომბეს.

თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების” პარტიის (AK) სპიკერის ომერ ჩელიქის განცხადებით, ამ ეტაპზე სირიის სამთავრობო ჯარები თურქეთისთვის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს.

„ჩვენ ველით, რომ რუსეთი ასადის რეჟიმის ძალებს არ დაიცავს, რადგან მათ ჩვენს პოსტებზე თავდასხმები განახორციელეს. არ ვადასტურებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას იმაზე, რომ ჩვენ ისინი იდლიბში, სირიის ჯარებზე შეტევის შესახებ საქმის კურსში არ ჩავაყენეთ“, - განაცხადა ჩელიქმა.

ამ ეტაპზე იდლიბის პროვინცია ამბოხებულთა უკანასკნელ დასაყრდენს წარმოადგენს. თურქეთ-სირიას შორის ურთიერთობები მკვეთრად 2011 წლიდან გაუარესდა, მას შემდეგ, რაც ამ სახელმწიფოში სამოქალაქო ომი დაიწყო. ოფიციალური დამასკო ანკარას მისი სუვერენიტეტის დარღვევაში და ქვეყნის შიგნით ათასობით უცხოელი დაქირავებული მებრძოლის შეყვანაში ადანაშაულებს. ამჟამად იდლიბში ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან (ალ-ყაიდა) კავშირში მყოფი მებრძოლები ოპერირებენ.

იდლიბის პროვინციაში ამჟამად 3 მლნ. ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა სირიის სხვა ტერიტორიებიდან დევნილი საზოგადოებაა. გაეროს მონაცემებით, ბოლო ორი თვის მანძილზე აქ 390 000 სირიელი გადასახლდა - დეკემბერში 315 000, ხოლო იანვარში 75 000.

თურქეთში უკვე არის 3,5 მლნ. სირიელი ლტოლვილი. იდლიბში მიმდინარე კონფლიქტმა შესაძლოა ლტოლვილთა ახალი ნაკადები გამოიწვიოს, რომლებიც თურქეთის საზღვრების გადაკვეთა და ამ სახელწიფოში მოხვედრას ეცდებიან.

 

ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი

 


მსგავს თემაზე:

ერდოღანმა და პუტინმა სირიის საკითხზე ისაუბრეს


საერთაშორისო გამოხმაურება სირიის საკითხზე - ერდოღანი ევროპას ემუქრება


რას გულისხმობს თურქეთ-სირიას შორის დადებული ე.წ. ადანას შეთანხმება


თურქეთის ხელისუფლება დილემის წინაშე - ლიბია სირიის სანაცვლოდ?!


ლიბიის კონფლიქტი - განმეორდება "სირიის სცენარი"?



სხვა სიახლეები