• Ƀ/$

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციფიკა - ნაწილი I

7 თებერვალი 15:24 | ანალიტიკა

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აქტიურად მონაწილეობს პიროვნებათა რეკრუტირების პროცესში, რომლებთანაც მუშაობს ჯიჰადის, როგორც თავდასხმითი იდეოლოგიის გავრცელებაზე.

 

ორგანიზაცია მის მიმართ ერთგულ სუბიექტებს მიუთითებს „ყურადღებით მოუსმინონ“ ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მოწოდებებს სამხედრო შეტევების განხორციელებაზე.


ანგარიში სახელწოდებით - „საზღვრებს მიღმა: ირანის ისლაური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ექსპანსიონისტური იდეოლოგია“ (Beyond Borders: The Expansionist Ideology of Iran’s Islamic Revolutionary Guard Corps), ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ტონი ბლერის კვლევითმა ორგანიზაციამ, „ინსტიტუტი გლობალური ცვლილებებისთვის“, გამოაქვეყნა. ნაშრომში სიღრმისეულად, დეტალურად არის აღწერილი IRGC-ის სწავლებების და იდეოლოგიის სპეციფიკა.


ზემოხსენებულ თემასთან დაკავშირებით ტონი ბლერი სამშაბათს, 4 თებერვალს, ნიუ-იორკში გამართულ საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე მოხსენებით გამოვიდა, სადაც ანგარიშის ე.წ. „საკვანძო მიგნებებზე“ გაამახვილა ყურადღება.


თავად ამ ნაშრომის ავტორი ქასრა აარაბი (Kasra Aarabi) აცხადებს, რომ ირანული რეჟიმი უკვე 4 ათეული წელია „დაუღალავად“ მუშაობს შიიტური მიმდინარეობის ისლამის გავრცელებაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.


შიიტური იდეოლოგიის სპეციფიკა ყველაზე მეტად „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მუშაობიდან იკვეთება. კონკრეტულ პირებთან მუშაობისას, სპეცსამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, რომ ისინი და ამასთან ერთად შიიტური ისლამი „მსხვერპლის“ როლში არიან, ამიტომ აუცილებელია „თავდამსხმელებს“ შესაბამისი წინააღმდეგობა გაუწიონ.


აღნიშნული შესაძლოა მართალი ყოფილიყო 1970-იან, 1980-იან წლებში, მაგრამ დღეს ირანი ძირითადად აგრესორის როლშია, მათ შორის ისეთ ადგილებში, როგორებიც მაგალითად სირია, ერაყი და ლიბანია.


ირანი ყოველთვის სექტარიანული გზავნილების გავრცელებაზეა ორიენტირებული, სადაც ისინი ამბობენ, რომ საპასუხო შეტევა უნდა განახორციელონ „არაბულ(სუნიტურ)-სიონისტურ-დასავლურ სამოკავშირეო ღერძზე“. სოციალურ ქსელებსა და Telegram-ის ანგარიშებზე გავრცელებული მასალები, ნათლად აჩვენებს იმ მოცემულობას, რომ ირანული რეჟიმი აშშ-სა და დასავლეთს ბრალს სდებს ISIS-ის შექმნაში, ან ის, რომ ებრაელებმა დაუდეს საფუძველი საუდიტური ვაჰაბიზმის ჩამოყალიბებას.


ვრცელ ნაშრომში ასახულია „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ როლი რელიგიური ომის ნაწილში. ეს არის ყოვლისმომცველი იდეოლოგია, რომელიც ფარავს არამხოლოდ „ჯიჰადის ცნებებს“, არამედ მის მიმდევრებს მიუთითებს, თუ როგორ წარმართონ პირადი ცხოვრება და რა ფორმით იყვნენ შოვინისტური განწყობების მატარებელნი.


ანგარიშის ავტორი პარალელს ავლებს და ერთმანეთს ადარებს IRGC-ის და ISIS-ის „სალაფიტური ჯიჰადის“ მსოფლმხედველობრივ დოკუმენტებს და ამტკიცებს, რომ ეს ორი, ურთიერთსაპირისპირო ძალა, მათ მომხრეებზე თანაბრად ახორციელებს მათთვის სასარგებლო, სათავისო რელიგიურ მანიპულაციებს. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა წარმოსახვას და აღქმას ენიჭება. IRGC-ის ძირითადი ხაზი, რასაც მისი მოკავშირეებიც იყენებენ, არის „რელიგიური მოტივებით ძალადობის ლეგიტიმაცია“.


თეირანის მიზანია „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ როლის კიდევ უფრო გაზრდა და სწორედ ამიტომაა ეს დანაყოფი სირიაში ფართოდ წარმოდგენილი. მათ საქმიანობაში დამატებით ჩართულები არიან სხვადასხვა ქვეყნის ჯგუფები - ლიბანური Hezbollah, ერაყის შიიტური დაჯგუფებები - Badr Organization და Kataib Hezbollah, ასევე იემენის, ავღანეთის სხვადასხვა მეამბოხე ძალები და ა.შ.


IRGC-ის ამჟამინდელი გავლენები ისტორიულ მაქსიმუმზეა და მისი მიზანი ახლო აღმოსავლეთში თეირანის ჰეგემონიის დამყარებაა.


ნიუ-იორკში ანგარიშის წარდგენისას ტონი ბლერმა აღნიშნა, რომ ირანის უმთავრეს გამოწვევას აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ წარმოებული პოლიტიკა წარმოადგენს. მისი თქმით, ზოგადად IRGC-ის როლი გადამწყვეტია თეირანის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, მაგრამ გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციამ ამ ორგანიზაციის ქცევის წესები შესაძლოა შეცვალოს. თუკი სოლეიმანის დროს შეუძლებელი იყო თეირანთან რაიმე საკითხის განხილვა, ამჟამად არსებულ რეჟიმს ფუნდამენტური არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს. ამ მხრივ დასავლეთიც ვალდებულია მოიქცეს გონივრულად და სწორი გზა აირჩიოს.


ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი რეკომენდაციას იძლევა, რომ დასავლელმა პოლიტიკოსებმა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საქმიანობა და მიღწევები შეზღუდონ. აქ იგულისხმება ის, რომ ორგანიზაცია ტერორისტულად გამოაცხადონ, ისევე როგორც ეს მანამდე აშშ-ის ხელისუფლებამ გააკეთა. ეს ქმედება განხილული იქნება, როგორც ძალადობრივი ექსტრემიზმის საწინააღმდეგოდ წინგადადგმული ნაბიჯი. IRGC-ის პროპაგანდას დასავლეთი ტექნოლოგიების, ინტერნეტის გამოყენებით უნდა დაუპირისპირდეს. აგრეთვე მნიშვნელოვანია ამ დანაყოფის სასწავლო სახელმძღვანელობისა და მსოფლმხედველობის კარგი გააზრება.


ანგარიშის მიხედვით ირანმა ერაყში წლების მანძილზე დაახლოებით 32 000 ადამიანის რეკრუტირება მოახდინა. ეს საინტერესოა იმ კუთხით, რომ ამ სახელმწიფოში თეირანის მიერ მხარდაჭერილმა მეამბოხეებმა, რომელთა უმეტესობა ამავდროულად უსაფრთხოების/სამხედრო ძალებთან არიან დაკავშირებულები, ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების დროს 500-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.


ერაყში ირანული რეჟიმის მომხრე დაჯგუფებებს წარმოადგენენ - Saraya Khorasani, Asaib Ahl al-haq, Kataib Hezbollah, Harakat Hezbollah al-Nujaba. თითოეული სუბიექტი დაკავშირებულია „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ და მათი ლიდერები 1980-იან წლებში ირანში იწვრთნებოდნენ. გარდა ამისა, Badr Organization-ის ლიდერი ჰადი ალ-ამირი ერაყში გაწვრთნეს, ისევე როგორც 3 იანვარს სოლეიმანისთან ერთად ლიკვიდირებული, Kataib Hezbollah-ს ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.


2019 წლის ნოემბერში The Intercept-ს და New Yor Times-ის ერთობლივი მუშაობით გამოქვეყნდა ირანის სადაზვერვო ფაილები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ცდილობდა თეირანი ერაყში დომინაციას, აგენტების, ინფორმატორებისა და ერთგული პოლიტიკოსების ქსელის შესაქმნელად.


ზემოხსენებული ანგარიში მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ გაიზარდოს ცოდნა ახლო აღმოსავლეთში IRGC-ის გავლენების თაობაზე.


 


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

რა შესაძლებლობებისა და მასშტაბების სამხედრო რესურსი გააჩნია ირანს?


ჰორმუზის სრუტე - რა მოელის მსოფლიო ნავთობს თუ ირანი მის ბლოკირებას მოახდენს?


ისმაილ ყაანი: ირანული ყუდსის ახალი „ჩრდილოვანი მეთაური“


ირანის ეკონომიკური პრობლემები - გამოსავალი კრიპტოვალუტაში?!



სხვა სიახლეები