• Ƀ/$

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციფიკა - ნაწილი II

7 თებერვალი 15:55 | ანალიტიკა

ირანულ პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე მძლავრი კონტროლის მიუხედავად, ცოტა რამ არის ცნობილი „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შიდა ორგანიზაციული საქმიანობაზე, მის სპეციფიკასა და იქ მომუშავეებზე.

IRGC-ის (იგივე Sepah-e Pasdaran) 120 000-ზე მეტი აქტიური პერსონალი ჰყავს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის.


1979 წლის რევოლუციის შემდეგ, ახალგაზრდა შიიტი „რევოლუციონერები“ ქვეყნის შიგნით პირველ მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ირანის დასავლეთ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქურთებში წააწყდნენ, რომლებიც ისლამური მმართველობის წინააღმდეგ აჯანყდნენ.


შიიტურმა რეჟიმმა სეკულარი ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ „წმინდა ომი“ წამოიწყო. ამავდროულად. ქურთების მცირე ნაწილი კი მზად იყო კოლაბორაციაში შესულიყო თეირანის ახალ ხელისუფლებასთან.


1980-იან წლებში ირანის შიიტურმა მთავრობამ ქურთულ ტერიტორიებს უსაფრთხოების ჭრილში შეხედა და ქვეყნის ამ ნაწილში მიზანმიმართულად შეაჩერა ინვესტიციები, რამაც რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა. ათასობით ახალგაზრდა ქურთი იძულებული გახდა დასასაქმებლად ირანის დიდ ქალაქებში გადასულიყო. ამავდროულად „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ იქცა ქურთული პროვინციების ყველაზე „გულუხვ დამსაქმებლად“. ზოგიერთ ქურთ მამაკაცს, რომლებიც მზად იყვნენ ემსახურათ „რევოლუციისთვის“ საკმაოდ დიდ ხელფასს სთავაზობდნენ. შესაბამისად ათასობით პირი გაწევრიანდა „გუშაგთა კორპუსში“, ძირითადად ეკონომიკური მიზეზებით.


ქურთულმა გამოცემა www.rudaw.net-მა შეძლო IRGC-ის ორ ქურთ წევრთან საუბარი იმაზე, თუ როგორი „ცხოვრება გააჩნია“ ორგანიზაციას შიგნიდან იმ ფონზე, როდესაც ისინი ახლო აღმოსავლეთში დომინირებას ცდილობენ.


IRGC-ის ფინანსური ფრთას Khatam al-Anbiya წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკის დიდ ნაწილს აკონტროლებს. 1990-იან წლებში ორგანიზაციის შიგნით ჩამოყალიბებული სადაზვერვო დანაყოფი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ოფიციალური თეირანის დაზვერვის სამინისტრო. ეს ფრთა „დახვეწილ“ სადაზვერვო ოპერაციებს ახორციელებს, რომელიც ძირითადად ირანელ ხალხს აკონტროლებს. მას გააჩნია საკუთარი სასჯელაღსრულების დაწესებულებები, საზღვარგარეთიდან იტაცებს დისიდენტებს და უკან სახელმწიფოში აბრუნებს.


გამოცემა Rudaw-მა ორგანიზაციის მხოლოდ ორ ქურთ წევრთან შეძლო საუბარი, რომლებსაც განსხვავებული წოდება/თანამდებობა აქვთ და ორივე მათგანი ანონიმურად საუბრობს. უცხოურ მედიასთან საუბრის გამო სასამართლომ ისინი შესაძლოა სიკვდილით დასაჯოს.


პირობითად „მოჰამედი“, რომელიც 30 წლამდე ასაკისაა, ირან-ერაყის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქში გაიზარდა. იგი რამდენიმე წლის წინ შეუერთდა IRGC-ის და აცხადებს, რომ ორგანიზაციის ადმინისტრაციულ რგოლში მუშაობს - ორგანიზებას უწევს IRGC-ის მრავალ ღონისძიებას და მოხსენებას.


„IRGC-ში ჩემი გაწევრიანების მიზანი ხალხის სამსახურში ყოფნა იყო, მაგრამ ქურთი საზოგადოება ჩვენ მტრებად აღგვიქვამს და ზურგსუკან მოღალატეებს (ქურთულად „Jash“-ს) გვიწოდებენ“, - აღნიშნა „მოჰამედმა“.


“Jash” ქურთულ ენაზე „ვირის პირმშოს“ ნიშნავს და იგი დამამცირებელ ტერმინად გამოიყენება, რომელსაც ქურთები IRGC-სთან, აგრეთვე პარამილიტარისტულ „ბასიჯთან“ და დაზვერვის სამინისტროსთან დაკავშირებულ პირებს უწოდებენ.


ირანის ქურთისტანში „მოჰამედის“ მრავალი თანატოლი უმუშევარი და შემოსავლის გარეშეა. უმუშევრობა ზოგიერთ ტერიტორიაზე 50%-ზე მაღალია, ამიტომ ბევრი მათგანი დასასაქმებლად ირანის დიდ ქალაქებში გადადის. ზოგიერთი კი ე.წ. Kolbar-ია, ანუ პიროვნება, რომელიც არალეგალური გზებით კვეთს ერაყის, ირანის, სირიის, თურქეთის საზღვრებს და პირდაპირი მნიშვნელობით „საკუთარი ზურგით“ გადააქვს სურსათი საცხოვრებლისკენ. ამათგან უმეტესობა ირანის ქურთისტანში ცხოვრობს. ხშირად ხდება, რომ IRGC ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს Kolbar-ების წინააღმდეგ, რადგან საზღვრების კვეთისას ისინი მეამბოხეებში ეშლებათ.


როგორც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წევრი, „მოჰამედი“ ამბობს, იგი ფინანსურად უკეთეს მდგომარეობაშია. IRGC-მ მას მისცა სესხი, რომლითაც სახლისა და მანქანის შეძენა შეძლო.


„IRGC-ის წევრებს სპეციალური საბანკო სესხის აღების საშუალება აქვთ, ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით. სესხი უპროცენტო და გრძელვადიანია. ყოველთვიური ხელფასიდან მხოლოდ მცირე თანხა გვეჭრება“, - აცხადებს „მოჰამედი“.


ამაზე მაღალი დონის საბანკო (სესხის) მომსახურება კი ორგანიზაციის უმაღლესი რანგის პერსონალისთვის არის განკუთვნილი.


„მოჰამედის“ თქმით, რომ მისი ყოველთვიური ხელფასი 4,1 მლნ. ტომანია (დაახლოებით $320). [1 ტომანი 10 რიალის ექვივალენტია]. გარდა ამისა, იგი იღებს ბონუსებს დამატებითი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში და დანამატებს ეროვნული დღესასწაულების დროს, რის შემდეგაც მისი ხელფასი 5 მლნ. ტომანამდე იზრდება.


IRGC-ის ხელფასები სამხედრო წოდებით და თანმდებობის ტიპით განისაზღვრება. ირანის პროვინციაში IRGC-ის წარმომადგენლის საშუალო ხელფასი 10 მლნ. ტომანია, დანამატების გათვალისწინებით.


„ხელფასის გარდა დამატებით გამოიყოფა თანხები სხვადასხვა ღონისძიებისთვის. ამ ღონისძიებებიდან „მორჩენილ“ თანხებს შემდეგ ჩვენ ვიღებთ. ის ოფიცრები, რომლებიც ოპერაციების ჩატარების არეალში ან წინა ხაზზე მსახურობენ, ე.წ. დამატებითი რისკის ანაზღაურებას იღებენ“, - ამბობს „მოჰამედი“.


IRGC ყოველწლიურად ატარებს ათობით სამხედრო, კულტურულ, სოციალურ და სპორტულ ღონისძიებას, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი ბიუჯეტი გამოიყოფა.


„სოციალური მედიის ზრდის შემდეგ, IRGC-მ გადაწყვიტა უფრო მეტი ადამიანის მოზიდვა და მათთვის წამახალისებელი ღონისძიებების გამართვა“, - დაამატა „მოჰამედმა“.


„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საქმიანობაზე ვერანაირ გავლენას ახდენს ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენები - არჩევნები ან შიდა გადაადგილებები. ორგანიზაცია მხოლოდ აიათოლა ალი ხამენეის ემორჩილება და უზენაესი სულიერი ლიდერი IRGC-ის ხელმძღვანელს ყოველ 10 წელიწადში ირჩევს. რეალურად ორგანიზაცია უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელისუფლება. IRGC ზემოქმედებს მთავრობის ეკონომიკაზე და არა პირიქით. ის აკონტროლებს ეროვნული ეკონომიკის დიდ ნაწილს Khatam al-Anbiya-ს გამოყენებით, რომელსაც აშშ-იმ სანქციები დაუწესა“, - ამბობს რესპოდენტი.


Khatam al-Anbiya ოპერირებს თავდაცვის, ენერგეტიკისა და სამთო-მოპოვების სექტორში. დღესდღეობით ის ირანში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამშენებლო კომპანიაა.


შეერთებული შტატების სანქციების შემდეგ ირანული ვალუტა 70% გაუფასურდა და 38%-ით მოიმატა ინფლაციამ. გარდა ამისა, 2019 წლის აპრილში IRGC ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს ვაშინგტონში.


IRGC საკუთარ წევრებს მხოლოდ „იაფი სესხებით“ არ ეხმარება. მისი დახმარებაში შედის საკვებით, საოჯახო აქსესუარებითა და მოწყობილობებით უზრუნველყოფა. ორგანიზაციას ორი დიდი სუპერმარკეტის ქსელი აქვს - Refah Chain Stores და Cooperatives (Taawuni), რომლებიც საქონელს სუბსიდირებულ ფასებში ყიდიან. IRGC-ის წევრებს სპეციალური „ერთგული ბარათი“ აქვთ, რათა ფასდაკლებით შეიძინონ პროდუქცია.


გარდა ამისა, IRGC-ის ბაზებზე განთავსებულია ავტომობილები და წევრებს დროებით სარგებლობის უფლება აქვთ. სხვა ქალაქში გამგზავრებისას უფასოდ იღებენ საცხოვრებელს, ფასდაკლებით საკვებს და დამატებით ანაზღაურებას. რაც შეეხება სამუშაო საათებს, მათ „არანორმირებული გრაფიკი“ აქვთ. იმის მიუხედავად, რომ ისინი 24/7-ზე უნდა იყვნენ მზად, რეალობა ბევრად განსხვავებულია.


40 წლის „ალი“ IRGC-ის მეორე თანამშრომელია. 10 წელზე მეტია, რაც „ირანის ისლამური რევოლუციის“ გუშაგთა კორპუსში“ მუშაობს და წოდებით „First Lieutenant“-ია. იგი ხელმძღვანელობს “ბასიჯის“ ერთ-ერთ პარამილიტარისტულ ბაზას.


მისი თქმით, „რთულ ცხოვრებას“ IRGC-ში გაწევრიანება არჩია, სადაც 5 მლნ. ტომანს იღებს ყოველთვიურად და ხელფასი ყოველწლიურად ინფლაციისა და დაწინაურების შესაბამისად ეზრდება. მისი ხელფასი 3 წელიწადში 300%-ით გაიზარდა. მან IRGC-ის ყველა სახის სესხი გამოიყენა - აიღო სახლი, ავტომობილი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.


IRGC მის წევრებს სამსახურებრივი მოვალეობის დროს მიღებულ დაზიანებებს, ავადმყოფობას და ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვედრას უნაზღაურებს. მათი შვილები სწავლობენ IRGC-ის სკოლებში და თუ შემდგომ ისინი უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან, დამატებით ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.


„ალის“ თქმით, იგი IRGC-ის ან ირანის მმართველების ერთგული არ არის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს, უნდა გააგრძელოს მუშაობა - ფინანსური მიზეზებით და საკუთარი უსაფრთხოებისთვის.


„მე არგუმენტირებულად უნდა დავასაბუთო თუ რატომ მივდივარ სამსახურიდან, რათა მათი ეჭვები გავფანტო. თუ რამეში დაეჭვდებიან, მათ შეუძლიათ რომელიმე საგარეო ძალასთან ურთიერთობა დამაბრალონ და ცხოვრება გამინადგურონ. ველოდები იმ დროს, როდესაც პენსიაზე გავალ და ამ სამუშაოს დავასრულებ“, - განაცხადა მან.


„ალის“ ხშირად ავალებენ რეკრუტირებისა და გარემეთვალყურეობის სამუშაოების ჩატარებას, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, რომლებიც მისთვის არ არის ცნობილი.


„ალი“ ამბობს, რომ მას ქურთ მოსახლეობაში კარგი რეპუტაცია არ აქვს. „მე არასდროს მსურდა ჩემი ხალხის მტერი გავმხდარიყავი, რომლებიც ჩემი საქმიანობის გამო მოღალატედ მთვლიან. როგორც კი სადმე ჩავივლი, პირდაპირ ვგრძნობ მძიმე სახეებს, მზერას და ყოველთვის შიშით ვცხოვრობ. მრავალი ჩემი კოლეგა ანალოგიურ სიტუაციაშია. მათ არ მოსწონთ ის რასაც აკეთებენ, მაგრამ ერთმანეთსაც ვერ ენდობიან. უნდა აღინიშნოს, რომ IRGC-ის წევრებს უკეთესი ცხოვრების პირობები აქვთ, ვიდრე მაგალითად საჯარო მოხელეებს. რიგითი პედაგოგი ყოველთვიურად 2,5 მლნ. ტომანს იღებს. საჯარო სექტორში მომუშავე მოხელე დაახლოებით 15 წლიანი გამოცდილებით კი იღებს 5-დან 6 მლნ-მდე ტომანს“,- დაამატა მან.


საკუთარი შემოსავლის წყაროებით, მკაცრი იერარქიით, საგარეო პოლიტიკით და მუდმივი არმიით, IRGC ჩამოყალიბდა როგორც სახელწიფო სახელმწიფოს შიგნით.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

ვინ არის ირანული ყუდსის დანაყოფის ახალი ხელმძღვანელი?


ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ისტორია და სტრუქტურა


ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციფიკა - ნაწილი I



სხვა სიახლეები