• Ƀ/$

საქართველოში ახალი ტურისტული აპლიკაცია შეიქმნა

10 თებერვალი 12:45 | კომპანიები

საქართველოში ახალი ტურისტული Android/iOS მობილური  აპლიკაცია Biliki (www.bilikiapp.com) შეიქმნა, რომელიც ტურიზმის მოყვარულთა ფართო სპექტრს მოიცავს და ამავე დროს თითოეული მომხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული.

თუ ხართ თავგადასავლების მაძიებელი და გიყვართ ლაშქრობა ან ქალაქის ძველი უბნები უფრო გიზიდავთ, კულტურული მემკვიდრეობა და მუზეუმები უფრო გაინტერესებთ ან ბუნების ძეგლების სილამაზე განიჭებთ დიდ სიამოვნებას,  ან იქნებ მხოლოდ „შოფინგ ტურები“ გაინტერესებთ და ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი პროდუქციის შეძენა გსურთ, მაშინ ეს უფასო აპლიკაცია თქვენთვისაა შექმნილი და იჩქარეთ მისი გადმოწერა.


აპლიკაციაში შესვლისთანავე მარტივად შეგიძლიათ გახდეთ მისი ავტორიზებული მომხმარებელი და აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო ტურის ტიპები. აპლიკაცია სახალისო ანიმაციური რგოლით გიყვებათ თავის შესაძლებლობებზე, რის შემდეგაც გადადიხართ ტურის შერჩევაზე. თქვენთვის საინტერესო ტური შეგიძლიათ მოიძიოთ ტურის ტიპების სიიდან, ასევე საძიებო ველში საქართველოს რომელიმე რეგიონის  ან კონკრეტული ისტორიული ძეგლის (მონასტრის, ციხესიმაგრის), ბუნების ძეგლის (კანიონის, ჩანჩქერის) დასახელების ჩაწერით, აპლიკაცია ყველა იმ ტურისტულ მარშრუტს შემოგთავაზებთ, რომლებზეც მითითებული ობიექტები მდებარეობს. ამის შემდეგ შედიხართ შერჩეულ ტურში და ეცნობით მას მოკლე ტექსტური აღწერილობით და დამახასიათებელი ფოტოსურათებით. ყოველი ტურის ძირითადი ატრიბუტია ტურისტული მარშრუტის ინტერაქტიული ელექტრონული რუკა, რომელზეც დატანილია ტურისტული მარშრუტი გზის ტიპისა და მანძილის მითითებით, ასევე მარშრუტზე არსებული ტურისტული ღირშესანიშნაობები ტექსტური აღწერით და ფოტოსურათებით.   ყველა ტურს თან ახლავს რჩევები, ამინდის პროგნოზი და მომხმარებლის შეფასების ველი. აპლიკაცია გამოირჩევა მოხერხებული დიზაინით, მარტივად მოსახმარია და ამავე დროს, მეტად ინფორმაციულია.


აპლიკაცია Biliki ვებ, მობილური და გეოინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებითაა შექმნილი. მასში ინტეგრირებულია ტურიზმის გეოინფორმაციული სისტემა 50-მდე განსხვავებული ტიპის ტურისტული ფენით და რამდენიმე ათასი ტურისტული ობიექტით. აპლიკაციის ინტერაქტიულ ელექტრონულ რუკაზე,  ზუსტ გეოგრაფიულ კოორდინატებშია დატანილი საქართველოს ტურისტული მარშრუტები და ამ მარშრუტებზე არსებული ისტორიული და ბუნების ძეგლები, მუზეუმები, ტურიზმის ინფრასტრუქტურის ობიექტები. ასეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტა მომხმარებელს უქმნის კომფორტულ ინფორმაციულ გარემოს, ვინაიდან ის ერთიან ელექტრონულ სივრცეში, აპლიკაციიდან გაუსვლელად იღებს მრავალმხრივ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას.


Biliki მაქსიმალურად წარმოაჩენს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, რესურსებს და ტურიზმის ინფრასტრუქტურის ობიექტებს, ხელს უწყობს როგორც საქართველოს ტურისტული ღირშესანიშნაობების - კულტურული მემკვიდრეობის, ბუნების ძეგლების, მუზეუმების, ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში თვითდასაქმებული მოსახლეობის - საოჯახო სასტუმროების, ღვინის მარნების, ხალხური რეწვის, ფოლკლორის, კულინარიის პოპულარიზაციას.


Biliki-ში მრავალი საინტერესო ფუნქციონალია ინტეგრირებული. იგი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მისი ინტერესებიდან გამომდინარე მარტივად შეარჩიოს და დაგეგმოს ტური, აპლიკაციის ელექტრონულ რუკაზე წინასწარ, ვირტუალურად „იმოგზაუროს“ შერჩეულ მარშრუტზე, დაიქირავოს ავტმანქანა, შეარჩიოს კვების ობიექტი, დაჯავშნოს სასტუმრო, იმოგზაუროს დამოუკიდებლად ან დახმარებისთვის მიმართოს ტურისტულ კომპანიას.


განსაკუთრებით ფასდაუდებელია Biliki უშუალოდ მოგზაურობის დროს. აპლიკაცია მუშაობს როგორც online, ასევე offline რეჟიმში,  რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას მოგზაურობის პროცესში GPS ფუნქციონალის საშუალებით გააკონტროლოს თავისი ადგილმდებარეობა ინტერნეტის არარსებობის პირობებშიც. ასევე, აპლიკაციას გააჩნია SOS ღილაკი, რომელიც ინტეგრირებულია 112-თან. ეს ფუნქციონალები მეტად მნიშვნელოვანია მოგზაურობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გარდა აღნიშნულისა, Biliki მომხმარებელს ატყობინებს თუ როგორი ამინდი იქნება მარშრუტზე, აძლევს სასარგებლო რჩევებს როგორი აღჭურვილობა წაიღოს ლაშქრობაში, სად სჯობს დაბანაკება და სხვ.


განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ Biliki-ის ავტორიზებულ მომხმარებლებს მარშრუტზე განთავსებული სავაჭრო და კვების ობიექტები სთავაზობენ ფასდაკლებებს, რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ შეღავათს წარმოადგენს მოგზაურთათვის. ასევე, Biliki-ის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია სხვებს გაუზიაროს თავისი გამოცდილება და შთაბეჭდილებები ტურის შესახებ როგორც ტექსტურად, ასევე ფოტოსურათების სახით. ამით მომხმარებელი აპლიკაციაშივე ქმნის თავისი მოგზაურობის ისტორიას, რაც მომავალში ყოველთვის სასიამოვნო მოგონებებთან იქნება დაკავშირებული და სხვა ტურისტებსაც შეუქმნის გარკვეულ წარმოდგენას ტურის შესახებ.


აპლიკაციაში სისტემატურად წარმოებს ახალი ტურისტული მარშრუტებისა და ობიექტების დამატება.  სწორედ ამიტომ Biliki სულ უფრო პოპულარული ხდება და ყოველდღიურად იზრდება გადმოწერათა რაოდენობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.


ტერიტორიული თვალსაზრისით Biliki არ არის შეზღუდული, რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს მისი გეოგრაფიული არეალი და მასში განთავსდეს ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტური. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მსოფლიოს გამორჩეული სამთო ბილიკებისა და ტურისტული მარშრუტების განთავსდება.


მობილური აპლიკაცია Biliki შექმნილია კომპანია „ძმების ბილიკის“ მიერ, რომლის დამფუძნებლები არიან ძმები გიორგი და თორნიკე ცირამუები, პროგრამული უზრუნველყოფა განახორციელა კომპანია Wandio-მ. აპლიკაცია შეიქმნა საქართველოს უნივერსიტეტის, თიბისის, ტოიოტა საქართველოს, მეგობრებისა და გულშემატკივრების მხარდაჭერით, რამაც უზრუნველყო აპლიკაციის წარმატებული სტარტი. აპლიკაციის შემქმნელებს გათვალისწინებული აქვთ კიდევ მრავალი საინტერესო ფუნქციონალის, ტურისტული მარშრუტებისა და ობიექტების დამატება, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის Biliki-ს მომხმარებლებისთვის.


სხვა სიახლეები