• Ƀ/$

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნები - „რეფორმა“ ძალაუფლების კონსოლიდირებისთვის

10 თებერვალი 14:44 | ანალიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მმართველმა „ახალმა აზერბაიჯანულმა პარტიამ“ (YAP) ერთპალატიან საკანონმდებლო ორგანოში არსებული 125 ადგილიდან წინასწარი მონაცემებით 64 ადგილი მოიპოვა.

აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მაზაჰირ ფანაჰოვმა განაცხადა, მას შემდეგ რაც საერთო რაოდენობის ბიულეტენების 87% დაითვალეს.


წინა მოწვევის პარლამენტში YAP 65 ადგილს იკავებდა. დარჩენილი ადგილები ხელისუფლებისადმი ლოიალურმა „დამოუკიდებელმა კანდიდატებმა“ მოიპოვეს.


საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაფიქსირდა რიგი დარღვევები - ერთი პიროვნების მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემა, საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების ფუნციონირების შეწყვეტა/შეფერხება და დამოუკიდებელი დამკვირვებლების მუშაობის ხელშეშლა.


ცესკოს მონაცემებით არჩევნებში ამომრჩეველთა 47,81%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგზე 8%-ით ნაკლებია.


საარჩევნო პროცესს რამდენიმე ოპოზიციურმა ძალამ ბოიკოტი იმის ნიშნად გამოუცხადა, რომ მათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და მედიასთან აზრის დაფიქსირების საშუალება არ ეძლეოდათ.


ალიევის მმართველმა პარტიამ 10 თებერვალს გამარჯვების შესახებ უკვე გამოაცხადა. მათ საკუთარ ვებ-გვერდზე განცხადება გაავრცელეს: „არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ YAP-მა ხმათა უმრავლესობა მიიღო.“


ალიევმა, რომელიც ქვეყანას 17 წელია მართავს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ დეკემბერში განაცხადა. მმართველ პარტიაში აცხადებდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობის ცვლილება აუცილებელია, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული „რეფორმების“ პროგრამის საბოლოოდ განსახორციელებლად.


არსებული ეგზიტპოლების მიხედვით, ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელიც პარლამენტში მოხვდა პარტია „რესპუბლიკური ალტერნატიული სამოქალაქო მოძრაობის“ (Republican Alternative Civic Movement - REAL) წევრი ერქინ გადირლია.


ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) თავიანთ პირველად დასკვნებს ორშაბათს, 10 თებერვლის საღამოს წარუდგენს დაინტერესებულ საზოგადოებას.


ზოგიერთი დამოუკიდებელი დამკვირვებლის თქმით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელი დაფიქსირდა - როდესაც რიგითი ამომრჩეველი ხმის მისაცემად რამდენიმე უბანს სტუმრობდა. იყო დამკვირვებელთა ფიზიკური ანგარიშსწორების, უბანზე არშეშვების, აგრეთვე 1000-ზე მეტ უბანზე ვიდეო-მონიტორინგის შეფერხება/ბლოკირების შემთხვევები.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 1637 კანდიდატი დაარეგისტრირა. 19-მა პოლიტიკურმა პარტიამ 272 კანდიდატი გაიყვანა, მათ შორის „ახალმა აზერბაიჯანულმა პარტიამ“ 123, „ოპოზიციურებმა“ -  „მუსავათმა“ 25 და „იმედის პარტიამ“ (UMID) 21. წინა მოწვევის პარლამენტის 2/3-მა (81-მა წევრმა) ახალ არჩევნებში კვლავ იყარა კენჭი.


სტამბოლში ბაზირებული აზერბაიჯანელი პოლიტიკური კომენტატორის არზუ გეიბულაიევას თქმით, მიმდინარე არჩევნები წინა პროცესისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატები ახალ პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანდნენ, რომელსაც „მოძრაობა“ ეწოდა.


„მოძრაობა“ დეკემბრის დასაწყისში შეიქმნა და მასში გაერთიანდნენ ადამიანის უფლებადამცველი აქტივისტები, იურისტები, საარჩევნო დამკვირვებლები, ბლოგერები, ფემინისტები და პოლიტიკოსები.


კრიტიკოსთა შეფასებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ემსახურება იმ მიზანს, რომ მმართველმა პარტიამ ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევას „გაუხსნას გზა“, შემდგომში მან დაიკავოს პრეზიდენტის პოსტი.


აზერბაიჯანში საპარლამენტო უფლებამოსილებები შეზღუდულია და ძირითადი პოლიტიკური ძალა ქვეყნის პირველი პირის, პრეზიდენტის ხელშია თავმოყრილი.


ალიევმა, რომელიც 2008, 2013 და 2018 წლებში აირჩიეს პრეზიდენტად, საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაცია 2009 წელს, რეფერენდუმის გზით შეძლო, როდესაც მხოლოდ ორი ვადით არჩევის შესაძლებლობა გააუქმა და 2016 წლის რეფერენდუმის დროს საპრეზიდენტო ვადა 7 წლამდე გაზარდა.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

აზერბაიჯანის მოქმედი პარლამენტი – რეფორმების მუხრუჭი


ალიევის გზავნილი რუსულ პოლიტიკას - მეტი მხარდაჭერა ყარაბაღის კონფლიქტში!


პრეზიდენტი ალიევი: "აზერბაიჯანი პრაგმატული პოლიტიკის მიმდევარია"



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი