• Ƀ/$

Facebook-მა რუსეთთან და ირანთან დაკავშირებული გვერდები გააუქმა

13 თებერვალი 12:23 | ანალიტიკა

სოციალური მედიის გიგანტმა Facebook-მა 12 თებერვალს გააუქმა ანგარიშების, გვერდების და ჯგუფების ორი დაუკავშირებელი ქსელი, რომლებიც „საგარეო და სამთავრობო ჩარევებში მონაწილეობდნენ“.

ერთი ქსელი რუსული, ხოლო მეორე ქსელი ირანული წარმოშობის იყო, რომლებიც სავარაუდოდ ადგილობრივი სახელმწიფოების სადაზვერვო/უსაფრთხოების სამსახურებთან იყვნენ დაკავშირებულები.


Facebook-ის უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელის, ნათანიელ გლეიჩერის თქმით ორივე ქსელი „კოორდინირებულად“ და „ავტორიზაციის გარეშე“, სავარაუდოდ მთავრობის ან საგარეო „მოთამაშის“ სახელით მოქმედებდა.


რუსული ქსელი უპირველესად უკრაინაზე და მის მეზობელ სახელმწიფოებზე იყო ორიენტირებული, ხოლო ირანული ქსელი ძირითადად შეერთებული შტატების წინააღმდეგ მოქმედებდა.


„ზემოხსენებული ჯგუფების, გვერდების „უკან მყოფი“ ხალხი კოორდინირებულად იყვნენ ერთმანეთთან კავშირში და საკუთარი ვინაობის დასაფარად ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ. სწორედ ამის გამო განვახორციელეთ საპასუხო ქმედებები“, - აღნიშნავს სოციალური მედიის ხელმძღვანელობა.


საერთო ჯამში რუსული ქსელის 78 ანგარიში, 11 გვერდი, 29 ჯგუფი და 4 Instagram პროფილი გააუქმეს.


Facebook-ის გამოძიებამ რუსული ქსელის შიგნით ამ ქვეყნის დაზვერვის და სამხედრო დაზვერვის სამსახურებთან დაკავშირებული ბმულები აღმოაჩინა.


გაუქმებული ქსელის „უკან მდგომი“ ხალხი სამოქალაქო ჟურნალისტებად წარმოადგენდნენ თავს და ცდილობდნენ ე.წ. პოლიტიკის შემქმნელებთან“ (Policymakers), ჟურნალისტებთან და რეგიონის სხვადასხვა საჯარო პირებთან კავშირების დამყარებას.


ისინი საკუთარ „კონტენტს“ რუსულ, ინგლისურ და უკრაინულ ენებზე აწარმოებდნენ ისეთი ლოკალური და პოლიტიკური ამბების შესახებ, როგორებიცაა ინფორმაცია უკრაინელი საზოგადო მოღვაწეების შესახებ, სირიაში რუსეთის ჩართულობის შესახებ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის „გაჟონილ ინფორმაციას“ ყირიმში არსებული ეთნიკური დაძაბულობის და 2014 წელს მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე.


ანალოგიურად, ირანული ქსელის 6 Facebook და 5 Instagram ანგარიში გააუქმეს, რომლებიც „კოორდინირებულ არაავტორიზებულ ქცევებში“ იყვნენ მხილებულები.


ზოგიერთი მათგანი საჯარო პირებთან კონტაქტს ცდილობდა, ზოგიერთი მათგანი კი სოც-ქსელში ისეთ თემებს აზიარებდა, როგორებიც აშშ-ის არჩევნები, ქრისტიანობა, ირან-აშშ-ის ურთიერთობები, შეერთებული შტატების საემიგრაციო პოლიტიკა, ვაშინგტონის კრიტიკა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებია.


კომპანიაში აცხადებენ, რომ თითოეულ ირანულ Instagram პროფილს დაახლოებით 60-მდე გამომწერი ჰყავდა.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი