• Ƀ/$

ახალგაზრდა ქართველი მეწარმეების ინოვაციური დაფინანსების პროგრამა

14 თებერვალი 12:51 | კომპანიები

ნანა ჯიშიაშვილი ქუთაისში საკუთარ სადღესასწაულო აქსესუარების მაღაზიას ფლობს.

24 წლის ახალგაზრდა მეწარმეს სადღესასწაულო აქსესუარების მაღაზიის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც თავად დასჭირდა მსგავსი ტიპის პროდუქტი და აღმოაჩინა, რომ ქუთაისში არც ერთ მაღაზიას არ ჰქონდა ამ სფეროში განსხვავებული ასორტიმენტი.


„საკუთარი მაღაზიის გახსნის იდეაც აქედან წამოვიდა“, იხსენებს ნანა. „მინდოდა, მომხმარებლისთვის განსაკუთრებული, მიმზიდველი დიზაინის მქონე მრავალფეროვანი პროდუქტი შემეთავაზებინა, რითაც თავიანთ წვეულებებს მართლა ჯადოსნურს გახდიდნენ“.


დღეს მაღაზია უკვე გააფართოვა და პროდუქტთან ერთად მომხმარებელს სერვისსაც სთავაზობს: ის დღესასწაულებს აწყობს მათთვის, ვისაც ამისი არც დრო და არც მდიდარი ფანტაზია არ აქვს. დროთა განმავლობაში დაგროვილ ცოდნას მისი გემოვნება და ნამდვილი, ფერადი და კაშკაშა დღესასწაულის შესახებ სურვილებიც დაემატა და დღეს ნანას მაღაზია ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია.


ნანამ შპს „კრისტალის“ „ახალგაზრდა მეწარმეების სკოლის“ შესახებ გაიგო, წარადგინა ბიზნეს-იდეა, გაიარა ყველა კურსი და ბოლოს გაიმარჯვა კიდეც.



USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia) ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“. პროგრამა თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაცია Buzz Women-თან და ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანია შპს „კრისტალ კონსალტინგთან“.


ნანა თვლის, რომ დამფინანსებლები, სავარაუდოდ, მისი იდეის განსხვავებულობამ მოხიბლა. ამბობს, რომ სადღესასწაულო აქსესუარების მაღაზია, მით უმეტეს, ქუთაისში, განსხვავებული და ახალი იყო.


ფონდი „კრისტალი“ და USAID-ის წარმომადგენლები რამდენიმე თვის განმავლობაში ატრენინგებდნენ და ასწავლიდნენ YES-Georgia-ს მონაწილეებს. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, ბიზნესის სფეროს პროფესიონალებმა დამწყებ ახალგაზრდა მეწარმეებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნესის მართვის, მენტორობისა და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების შესახებ ტრენინგების სერია ჩაუტარეს.


 


ახალგაზრდა მეწარმე #2


განსხვავებული იდეა ჰქონდა 22 წლის ქეთი ხვედელიძესაც. დიდი ხნის ჰობი ბოლოსდაბოლოს ბიზნესად გადააქცია.  პროფესიით აგრონომი და ლანდშაფტის დიზაინერი სწავლას ბიზნესს წარმატებით უთავსებს. „კრისტალის“ „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის“ შესახებ ზუსტად მაშინ გაიგო, როცა ის-ის იყო ერთ-ერთ ლექციაზე ტერარიუმების დამზადებით დაინტერესდა. დაწერა ბიზნეს-იდეა და აიყვანეს კიდეც. შემდეგ იყო მრავალხნიანი სწავლის ეტაპიც, რომელიც წარმატებით გადალახა.



დღეს სიამოვნებით იხსენებს, თუ როგორ ეხმარებოდა ერთმანეთს პროექტის ყველა მონაწილე ბიზნეს-გეგმის სწორად დაწერასა და ბიუჯეტის შედგენაში. საბოლოოდ კი, ჩაატარა 3-საათიანი პრეზენტაცია „კრისტალისა“ და USAID-ის წარმომადგენლების წინაშე, რომელსაც თავი შესანიშნავად გაართვა.


„ამ პროექტმა უფრო მეტად მოტივირებული გამხადა და დამაკავშირა უამრავ საჭირო ადამიანს, რომელთა გარეშეც ჩემს ბიზნესს ვერ დავიწყებდი“, ამბობს 22 წლის ახალგაზრდა მეწარმე.


ქეთის უახლოესი 5 წლის მანძილზე ამბიციური და რეალური გეგმები აქვს. სურს საკუთარი ფლორარიუმის, ტერარიუმისა და ცოცხალი ჩარჩოების შექმნა, რაშიც კვლავ აქვს „კრისტალისა“ და USAID-ის გვერდში დგომის იმედი.


 „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ USAID-ის წინა პროგრამის „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევების, დასაქმების და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ გაგრძელებას წარმოადგენს. 2016 წლიდან დღემდე YES-Georgia-ს პროგრამამ მოიცვა 3000-ზე მეტი ახალგაზრდა მეწარმე, რომელთა უმეტესობას ქალები წარმოადგენენ.


ახალგაზრდა მეწარმეების ხელშემწყობი პროექტი შემდგომი 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება. იგი USAID-ისა და თეთრი სახლის ფონდის „ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივისგან“ ფინანსდება. 2024 წლისთვის 2500-ზე მეტ ქალი მეწარმის გადამზადება და დაფინანსებაა დაგეგმილი.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი