• Ƀ/$

TAP-ის გაზსადენის გაშვებამდე თვეები რჩება

14 თებერვალი 13:30 | ეკონომიკა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიაში (SOCAR) მიიჩნევენ, რომ ტრანს-ადრიატიკის გაზსადენი (TAP) 2020 წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს.

აღნიშნულის შესახებ მარკეტინგისა და ინვესტიციების მიმართულებით SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილემ ვიტალი ბეგლარბეკოვმა EUROACTIV-თან საუბარში განაცხადა.


„წარსულში წარმოშობილი პრობლემები გადაილახა. საერთო ჯამში „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მშენებლობა დასრულების პირასაა. TAP-ის 91% შესრულებულია და 2020 წლის ბოლოს, ან მანამდეც ერთიანად შევა ექსპლუატაციაში“, - განაცხადა ბეგლარბეკოვმა.


SOCAR-ის წარმომადგენლის თქმით, „შაჰდენიზის“ ველიდან გაზის მიწოდების თაობაზე იტალიასთან 25 წლის ვადით გაფორმდა კონტრაქტი და ყოველწლიური მიწოდების მოცულობა 8 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს.


ბეგლარბეკოვის თქმით, იტალიის ტერიტორიაზე გაზსადენის მშენებლობა გარემოსდაცვითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით ხორციელდება. ამასთან, ბოლო 8 კმ-იანი მონაკვეთი „პოლიტიკურად ყველაზე მგრძნობიარე“ აღმოჩნდა. ადგილობრივი მოსახლეობა მილსადენის მშენებლობას იმ მიზეზით ეწინააღმდეგებოდა, რომ ზღვის სანაპიროს და ტურიზმის ინდუსტრიას ზიანი მიადგებოდა. ამასთან, მილსადენის მშენებლობა არქეოლოგიური აღმოჩენის გამოც შეფერხდა.


„თურქეთისა და საბერძნეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების დროს მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა, რის გამოც მშენებლობის პროცესი პერიოდულად ჩერდებოდა. საბოლოოდ TAP-ს აქვს შესაძლებლობა იტალიის მოსახლეობის ბუნებრივი აირის მზარდი მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს. ჩვენ გვესმის, რომ მომდევნო 10 წლის მანძილზე ამ სახელმწიფოს იმაზე გაცილებით მეტი გაზი დასჭირდება, ვიდრე დღეს მოიხმარს. ამ თვალსაზრისით, „სამხრეთის გაზის კორიდორის“ TAP-ის ნაწილი გამტარუნარიანობა საკმარისია ამ პოტენციური დეფიციტის უმეტესი ნაწილის დასაფარად“, - აღნიშნა SOCAR-ის წარმომადგენელმა.


ბეგლარბეკოვმა რუსულ სანავთობე კორიდორზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სამხრეთის გაზის კორიდორი“ „თურქული ნაკადის“ კონკურენტი არ არის.


„იტალიასთან, ბულგარეთთან და საბერძნეთთან დადებული 25 წლიანი კონტრაქტები მას შემდეგ ამოქმედდება, როგორც კი TAP-ის მშენებლობა დასრულდება. აღნიშნული აღარ შეიცვლება. იქნება თუ არა აქ რუსული, ლიბიური, ალჟირული თუ სხვა წარმოშობის ენერგოპროდუქტები, აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან ჩვენ ჩვენი ადგილი გვექნება დაკავებული. „შაჰდენიზის“ ველს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და გამართლებულია მისი განვითრების მესამე და მეოთხე ეტაპების განხორციელება“, - განაცხადა ბეგლარბეკოვმა.


საუბრის ბოლოს მან დაამატა, რომ სხვა აზერბაიჯანული ენერგოპროდუქტის ველები გამოკვლევისა და განვითარების ეტაპზე არიან და მათ ბუნებრივი აირის დიდი პოტენციალი გააჩნიათ.


მსგავს თემაზე:

TANAP–ი TAP–ზე დააერთეს


TANAP–ის გახსნის თარიღი ცნობილია


TANAP-ის სრულად ამოქმედების შემდეგ საქართველო ყოველწლიურად 300 მლნ ლარის სარგებელს მიიღებს



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი