• $/GEL 2.4641
  • €/GEL 3.0782
  • £/GEL 3.4675
  • TRY/GEL 0.6572
  • AZN/GEL 1.4539
  • AMD/GEL 5.1144
  • ₽/GEL 4.3669
  • Ƀ/$

”ბენტლი” საქართველოში ოფიციალურად შემოვიდა

13 დეკემბერი 09:49, 2017 წელი | Company news

თბილისში მდიდრული საავტომობილო ბრენდის შოურუმი და სერვის-ცენტრი გაიხსნა - ლუქს-კლასის ავტომობილების წარმოების ერთ-ერთი უდიდესი ფლაგმანი, ბრიტანული ”ბენტლი” საქართველოში ოფიციალურად შემოვიდა.

"ომეგა მოტორ ჯგუფი" საქართველოში "ბენტლის" ოფიციალური წარმომადგენელია. აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრზე მდებარე "ბენტლი თბილისი" შოურუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლებთან ერთად „ბენტლის“ ევროპული ოფისის მენეჯერები და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, ასევე დიპლომატები ესწრებოდნენ.


,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს ,,ბენტლის“ მსგავსი ბრენდის შემოყვანას ქვეყნის ეკონომიკისთვის.


,,ეს არის მართლა საოცნებო ბრენდი და საოცნებო ბრენდი არამხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ საოცნებო იმ ცხოვრების დონისთვის, რომელიც ჩვენ ერთად მოსახლეობამ უნდა მოვიყვანოთ. ეს არის ისტორიაში პირველად, როდესაც საქართველოში შემოდის საავტომობილო ბიზნესში უმაღლესი სეგმენტის ბრენდი. ბევრს ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეს არის მაჩვენებელი რა ცხოვრებაც უნდა იყოს, როგორც უნდა ვითარდებოდეს ეკონომიკა. ვფიქრობ, რომ რადგან ჩვენთან ერთად ჩვენმა პარტნიორებმა, ,,ბენტლი მოტორსმა“ ჩათვალა, რომ ამისთვის არის მზაობა, ეს არის მთელი ქვეყნის გამარჯვება და არამარტო ჩემ მიერ დაფუძნებული ფირმისა - ,,ომეგა ჯგუფისა.“ მე მინდა, მადლობა გადავუხადო ,,ბენტლის“, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა, აგრეთვე ,,ომეგა ჯგუფს“, რადგან თავი არ დაზოგეს, არც ენერგია და არც ინვესტიციები, რომ მონაწილეობა მიეღოთ ქვეყნის მშენებლობაში, ასეთი ბრენდის შემოყვანაში. ვიცი, რომ მათ აქვთ მიზანი - ასეთი გზა, ასეთი ენთუზიაზმი და ასეთი მიზანდასახულობა გაგრძელდეს და აუცილებლად იქნება ხელშეწყობა“, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.


პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაქენზი სმიტი, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ,,ბენტლის“ შოურუმი წარმატებული იქნება. ,,ძალიან მოხარული ვარ, რომ ახლა საქართველოში უფრო ფართოდ წარმოდგენილი იქნება ,,ბენტლი.“ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესანიშნავი შოურუმი წარმატებული იქნება“, - განაცხადა ჯასტინ მაქენზი სმიტმა.


თავის მხრივ, ,,ბენტლის“ რუსეთის მარკეტინგის დირექტორმა მარკო ვან ალტენმა მადლობა გადაუხადა ზაზა ოქუაშვილს და ,,ომეგა მოტორსის“ გუნდს ,,ბენტლის“ შოურუმის გახსნისთვის. ,,მადლობას ვუხდით ,,ომეგა მოტორსს“, მის დამფუძნებელს და მთლიან გუნდს გაწეული სამუშაოსთვის და ამ არაჩვეულებრივი შოურუმის შექმნისთვის. ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური გარემო და შეგვიძლია, მომხმარებელს შევთავაზოთ ბენტლის ავტომობილების სრული სერვისი. ბენტლის ამ ახალ სახლში ველოდებით ყველას, რომ გავაცნოთ ის სამყარო, რომელიც შექმნილია თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში“, - განაცხადა მარკო ვან ალტენმა. როგორც ,,ომეგა ჯგუფის“ ტექნიკურმა მენეჯერმა აკაკი ენუქიძემ აღნიშნა, შოურუმში წარმოდგნელია ,,ბენტლის“ მოდელების სრული ხაზი, რომელშიც შედის Flyng Spur, Mulsanne, Bentayga და Continental GT. ,,წარმოდგენილი გვაქვს სრული სპექტრი, ფაქტობრივად დღეისათვის ,,ბენტლის“ მიერ გამოშვებული მანქანებისა. ეს არის ბენტლი კონტინენტალ ჯითი, ასევე ბენტლი ფლაინგ სპარი, ბენტლი მულზანი და ბენტლის მაღალი გამავლობის ავტომანქანა - ბენტლი ბენტაიგა. Continental GT-ზე მინდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხანში ველოდებით მის ახალ მოდელს, რომლის პრეზენტაციაც უკვე მოხდა ფრანკფურტის ავტოსალონზე და 2018 წლის ზაფხულში ჩვენც გვეყოლება ეს ავტომანქანა წარმოდგენილი“, - აღნიშნა აკაკი ენუქიძემ.


ოფიციალურ პერზენტაციაზე შოურუმში წარმოდგენილი იყო Bentley-ის 5 ლუქს-კლასის ავტომობილი. ,,ბენტლის“ შოურუმში წარმოდგენილი ავტომობილების გარდა მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ექსკლუზიური აქსესუარებიც, რომელსაც თავად ბრიტანული ბრენდი აწარმოებს. ,,ბენტლი თბილის“ მომხმარებლებს ავტომობილებთან ერთად მათ სრულ ტექნიკურ სერვისს შესთავაზებს.


ცნობისთვის, „ბენტლი მოტორსი“ ყველაზე მოთხოვნადი მდიდრული მანქანების ბრენდია მსოფლიოში. მისი ისტორია ინგლისში 1919 წლიდან იწყება, როდესაც ვოლტერ ბენტლიმ თავისი პირველი ავტომანქანა ააწყო. კომპანიის მთავარი ცენტრი მდებარეობს ინგლისში, ქალაქ ქრუში.


სხვა სიახლეები