სოფლის მეურნეობა
ჰერბია
„გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში მთლიანად ქართულ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებული“ - „ჰერბია“

მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიის „ჰერბია“ წარმოებული პროდუქტის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.როგორც კომპანიის დირექტორი ზურაბ ჯანელიძე  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ადგილზე ბოსტნეულის დიდი სიმცირეა, რის გამოც გადაწყდა, რომ  თითქმის მთელი რესურსი, დაახლოებით 95%  ქართულ ბაზარზე გაიყიდოს. ექსპორტზე კი აქცენტი, წლის მეორე ნახევარში ბულგარეთზე გაკეთდება.რაც  შეეხება 2023 წლის ტენდენციას, როგორც '„ჰერბიას“ დირექტორი აღნიშნავს, გასულ წელს პროდუქტი ექსპორტზე საერთოდ არ გასულა. თუმცა 2022 წელს მცირე რაოდენობა, 5%-ის ფარგლებში გერმანიაში, ჰოლანდიასა და ბულგარეთში გაიყიდა.„პანდემიის შემდგომი პერიოდიდან ბოსტნეულზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც „ჰერბიას“ გაყიდვებზეც ადეკვატურად აისახება. წლიდან წლამდე სტაბილური ზრდა გვაქვს და ამ ტემპს წელსაც შევინარჩუნებთ. დროებით ვამბობთ უარს მასშტაბური ექსპორტის განხორციელებაზე, გაყიდვები ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იქნება მიმართული, რადგან მოთხოვნა ზრდადია. გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში მთლიანად ქართულ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებული, შემოდგომის პირს კი მცირე ნაწილს უკვე ევროპის ბაზარზე გავიტანთ, ძირითადად ბულგარეთში, სადაც ჩვენს პროდუქტს კარგად იცნობენ და მაღალი ნდობითაც ვსარგებლობთ. რაც მთავარია,  უწყვეტობის კუთხით აქ არ გვაქვს პრობლემა, სხვა ქვეყნებისგან  განსხვავებით ნაკლებად პრეტენზიული ბაზარია,  მაშინაც, როცა მიწოდებაში შეიძლება წყვეტა გვქონდეს“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.მიმდინარე წლის გეგმასთან დაკავშირებით ჯანელიძე აცხადებს, რომ დაახლოებით 20-25%-იანი ზრდა იქნება. ხოლო პროდუქციის ჯამური მოცულობა სავარაუდოდ 2000 ტონას გადააჭარბებს, რაც წინა წლის მაჩვენებელს მცირედით აღემატება.როგორც ცნობილია, კომპანიამ გასულ წელს ბაზარზე ახალი პროდუქტი, დაჭრილი მწვანილები და სალათის ფურცლების მიქსი გამოიტანა, რითაც რამდენიმე ქსელური მარკეტი მარაგდება. ჯანელიძის ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებას წარმოების დაახლოებით 25% უჭირავს.„დაჭრილი მწვანილის ხაზი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენი დიასახლისების დიდი ნაწილი ცოტა დროს ატარებს სახლში, უმეტესობა დასაქმებულია, ამიტომ  დროის დაზოგვის თვალსაზრისით გამზადებული პროდუქტის შეძენა მნიშვნელოვანია, ამიტომ მოთხოვნაც მატულობს, რასაც ჩვენი წარმოებაც ადეკვატურად პასუხობს. არ გამოვრიცხავ, მომავალში ამ მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ მუშაობა“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.ცნობისთვის, „ჰერბია“ მაღალტექნოლოგიური საწარმო წყალტუბოში მდებარეობს. კომპანია  30-მდე დასახელების მწვანილს და ბოსტნეულს აწარმოებს და 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

1710764071

1709812585

საქართველოში ჭიაყელების ბიო-ფერმა ამოქმედდება - „მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“

„მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“ - როგორც კომპანია „მაკრო პრიმის“ დამფუძნებელი, გურამ გეჯაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სასუქზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია და ის ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ასწრებს.გურამ გეჯაძე: წლიურად დაახლოებით 150 ტონა სასუქს ვაწარმოებთ. წლიდან წლამდე მოთხოვნა მკვეთრად მატულობს. წელს მაგალითად, მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია, ამიტომ ექსპორტზე გატანა ჯერჯერობით არც კი მოიაზრება.სასუქის რეალიზაცია ხდება როგორც ქსელურ მაღაზიებში - „კარფურში“, „გორგიაში“, „დომინოში“, ისე ფერმერებთან. 1 კილოგრამი მყარი სასუქი 1,2 ლარი ღირს, ხოლო თხევადი - 6 ლარი. მაღაზიებში კი ფასი განსხვავებულია. გურამ გეჯაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჰყავს ჭიაყელების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც სასუქის წარმოებისთვის გამოიყენება, მაგრამ სამომავლოდ ჭიაყელების ბიო-ფერმის გაკეთებას გეგმავს.„ჭიაყელებით ცილის, პროტეინის წარმოება მოხდება, როგორც საკვები დანამატი მეცხოველეობაში. როგორც კი რაღაც მასშტაბზე გავალ, რომ გამოიხშიროს, ფერმას აუცილებლად გავაკეთებ“ - ამბობს ის.ჭიაყელების მიერ გადამუშავებული მსხვილფეხა პირუტყვის ფერმენტირებული ნაკელი უნიკალური პროდუქტია, რომლის ინტენსიური გამოყენება აღადგენს გამოფიტულ და ქიმიურად დაბინძურებულ ნიადაგს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. ასეთი სასუქის გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტი მიიღება.„მაკრო პრიმმა“ წარმოება 2011 წლიდან დაიწყო. საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარეობს.

1709632321

ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები 7.1%-ით გაიაფდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 3 პროცენტით შემცირდა.მათი განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 7.1 პროცენტიანი კლებით, რამაც -3.99 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.„წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი შემცირდა 4.6 პროცენტით. ინდექსის კლება, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 25.2 პროცენტიანი კლებით, რაც -5.22 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება გაიზარდა 4.3 პროცენტით, რამაც 1.18 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, - აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

1709542800

ქვეყნები, სადაც ცხვრების რაოდენობა ადამიანებს აღემატება

ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოში საშუალოდ, 1.2 მილიარდი ცხვარია. ამის მთავარი კონტრიბუტორი კი ჩინეთია, რომელსაც ცხვრების ყველაზე დიდი პოპულაცია ჰყავს. შესაბამისად, კონტინენტების მიხედვითაც, ყველაზე მეტი ცხვარი, გლობალური პოპულაციის 42% აზიაში ცხოვრობს, 31% - აფრიკაში, 11% - ევროპაში, 8.1% - ოკეანეთში, ხოლო 7% ამერიკის ორივე კონტინენტზე ერთად.2019 წლისთვის ჩენეთში 187 მილიონი ცხვარი, გლობალური პოპულაციის 15% ირიცხებოდა. მაღალია ცხვრების რაოდენობა ინდოეთში, ავსტრალიაში, სუდანში, ირანსა და ახალ-ზელანდიაშიც. ცხვრების მაღალი რაოდენობა ამ ქვეყნებში ცხვრის პროდუქტებზე მაღალ მოთხოვნას პასუხობს. 2018 წელს ჩინეთში ცხვრისა და ბატკნის 2.7 მილიონი ტონა ხორცი მოიხმარეს. ცხვრის ხორცზე მაღალია მოთხოვნა ყაზახეთშიც, სადაც ერთი ადამიანი წლის განმავლობაში 8.2 კგ ხორცს მოიხმარს.თუმცა განსხვავებით ქვეყნებისა, რომელთა მოსახლეობაც მაღალია, იქნება ეს ჩინეთი თუ ინდოეთი, ისეთ ქვეყნებსაც ვხვდებით, სადაც ცხვრის პოპულაცია ადამიანების რაოდენობას აღემატება. ასეთია, მაგალითად, ავსტრალია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 3.3 ცხვარი მოდის.ამ ქვეყანათა ჩამონათვალს მიეკუთვნებიან:ნამიბია - 1.08 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეირლანდია - 1.1 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზემავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა - 1.8 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეისლანდია - 1.2 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეურუგვაი - 2.9 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეუელსი - 3 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზემონღოლეთი - 4.5 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეახალი ზელანდია - 5.1 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზესავარაუდოა, რომ ახალ ზელანდიაში ცხვრებისა და ადამიანების ეს შეფარდება მომავალ წლებში ვერ შენარჩუნდება, რადგან ცხვრის პოპულაცია ქვეყანაში წლიდან წლამდე დრამატულად მცირდება. თუ 1982 წელს აქ 70 მილიონი სული ცხვარი ფიქსირდებოდა, 2020 წელს მათი რაოდენობა 26 მილიონამდე შემცირდა.ასევე არსებული პროგნოზით, ჩინეთი ცხვრების რაოდენობით გლობალური ლიდერის ტიტულს მომავალი წლების განმავლობაშიც შეინარჩუნებს. 


სხვა სიახლეები
ჟირაფ
აკვარიუმი, საცხენოსნო კლუბი, ანტილოპები, მარტორქები და ჟირაფები - რა დაგხვდებათ ახალ ზოოპარკში

ჟირაფები, ანტილოპები, ზებრები, ბეჰემოთები, მარტორქები - ეს იმ ბინადრების არასრული ჩამონათვალია, რომლის მონახულებაც ვიზიტორებს თბილისის ზღვაზე მდებარე ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე შეეძლებათ.ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 48 ჰექტარია, ორი მთავარი მიმართულება იქნება - კავკასიური და აფრიკული სავანა. როდის გაიხსნება თბილისის ახალი ზოოპარკი და რა სიახლეები ელით დამთვალიერებლებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა.- ბატონო ზურაბ, რა ეტაპზეა თბილისის ახალი ზოოპარკის გადატანის პროცესი? რა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და როდის ექნებათ ვიზიტორებს ზოოპარკის ახალი იერსახით დათვალიერების საშუალება? - მიმდინარეობს მშენებლობა, ცხოველების გარკვეული ნაწილი გადაყვანილია. დაგეგმარება მსოფლიო ბიოგეოგრაფიული ერთეულების შესაბამისად იქნება. ახალ ზოოპარკში ორი მთავარი მიმართულება იქნება - კავკასიური და აფრიკული სავანა. კავკასიის დიდი ნაწილი არის გადაყვანილი. ერთ-ერთი ძირითადი ექსპოზიცია სწორედ კავკასიის იქნება. გარდა ამისა, ჩვენ კავკასიაში ვცხოვრობთ და მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამყარო უნდა იყოს. მეორე ფაზა გახლავთ აფრიკული სავანის მშენებლობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს. აფრიკული სავანა განკუთვნილი არის დიდი ზომის ჩლიქოსნებისთვის და მსგავსი ცხოველებისთვის, იგულისხმება არასახიფათო ცხოველები. აქ ერთად იქნებიან განთავსებული ანტილოპები, ზებრები, ბეჰემოთები, მარტორქები და ჟირაფები. ზამთრის ვოლიერის მშენებლობა უკვე მთავრდება. თითქმის დასრულებულია ზებრებისა და ანტილოპების ზამთრის სადგომის აშენება. ჟირაფების, მარტორქებისა და ბეჰემოთების სადგომიც უკვე დასრულების პირასაა. ზაფხულის ვოლიერი ჯერ აშენებული არ არის. ჯერჯერობით, ზამთრის ვოლიერი შენდება და შემდეგ გარშემო უნდა ავაშენოთ ზაფხულის ვოლიერი. ახლა გვაქვს ასაშენებელი ძირითადი, ე.წ. ზაფხულის ვოლიერი. ჩვენი კლიმატი სრულიად მისაღებია იქაური ცხოველებისთვის, მაგრამ ზამთრის ვოლიერი მაინც საჭიროა. შემდეგი ეტაპი არის ზაფხულის ვოლიერის აშენება, რომელიც საკმაოდ დიდი იქნება, არ არის მარტივი ნაგებობა. მისი ფართობი დაახლოებით 8-9 ჰექტარი იქნება. როდესაც ადგილზე მოხდება დაგეგმარება და შემოღობვა, ალბათ, ზუსტი ფართობი მერე უფრო დაზუსტდება, მაგრამ რაც რუკაზე არის, 8- 9 ჰექტარამდე იქნება. ეს არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, სადაც პატარა ვოლიერები იქნება განთავსებული. მაგალითად, პრიმატებისთვის სხვადასხვა ვოლიერი იქნება. ცხოველები ნახევრად თავისუფალ პირობებში იქნებიან. პრიმატების კუნძულიც მალე დამთავრდება, გარკვეული შენობები აკლია. იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე დავასრულებთ. გარშემო იქნება დიდი ვოლიერი, სადაც ცხოველები იმოძრავებენ, მათ შორის ყველა ცხოველი ერთად, როგორც ეს მაგალითად, აფრიკის სავანაშია. ეს არის მთავარი იდეა. გარდა ამისა, გვჭირდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, როგორიც არის წყალარინების სისტემა, ელექტროდენის გაყვანა, ბილიკების მოწყობა, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობა და ა.შ. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება, ახალი ზოოპარკი გაიხსნას. გარდა ამ სიახლეებისა, ადგილზე ვიზიტორებს ასევე დახვდებათ საცხენოსნო კლუბიც.- როდის გაიხსნება ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის?- ამის პროგნოზირება ცოტა რთულია, რადგან დაფინანსებაზე არის დამოკიდებული. დაფინანსება როგორც კი გვექნება, იმის მიხედვით დასრულდება.- არის თუ არა ბიუჯეტის დაფინანსება ახალი პროექტის სრულყოფილად განსახორციელებლად საკმარისი და გესაჭიროებათ თუ არა დამატებითი შემოსავლები? მიგაჩნიათ თუ არა, რომ პროექტის განსახორციელებლად კერძო სექტორის ჩართვა არის საჭირო?- კერძო სექტორთან ჩვენ გვქონდა გარკვეული ურთიერთობა, მაგრამ მათი მხრიდან მაინც და მაინც დიდი ენთუზიაზმი არ ჩანდა არა მარტო ზოოპარკის მშენებლობასთან დაკავშირებით, არამედ კონსერვაციულ საქმიანობაზეც გვქონდა რამდენიმე პროექტი, რომელშიც ვცდილობდით კერძო სექტორი უფრო აქტიურად ყოფილიყო ჩართული ჩვენი ქვეყნის ბუნების დაცვაში, მაგრამ მათ მხრიდან მაინც და მაინც დიდი ენთუზიაზმი არ გამოუწვევია. ერთადერთი, ვინც გვაფინანსებს, ეს არის სახელმწიფო. სწორედ მათ გამოჰყვეს თანხები და ამით შევძელით სამუშაოების გარკვეულ დონემდე განხორციელება. გარდა ამისა, ურთიერთობა გვაქვს უცხოურ ფონდებთან. მაგალითად, ერთ-ერთი არის „ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალი“, რომელთან ერთადაც შენდება ვეტერინარული კლინიკა, რომელიც პარალელურად, სარეაბილიტაციო ცენტრიც იქნება. შენობა არის აშენებული, ახლა შიდა სამუშაოები არის ჩასატარებელი. იმედია, ეს პროექტი წელს დასრულდება. რაც შეეხება მშენებლობას, ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი თანამშრომლების ხელით არის აშენებული. ჩვენ გვყავს ჩვენი მშენებლები, თუმცა, ჩვენი ჯგუფი საკმაოდ მცირერიცხოვანია, ისინი საკმაოდ ბევრ სამუშაოს ასრულებენ. ნებისმიერი თანამშრომელი, ვისაც რაიმეს გაკეთება შეუძლია საკუთარ პროფესიულ დონეზე, ყოველთვის მონაწილეობს ზოოპარკის მშენებლობაში. არსებული ვოლიერების დიდ ნაწილი სწორედ ჩვენი თანამშრომლებიც ხელით არის აშენებული.- დაახლოებით რა თანხა გჭირდებათ იმისთვის, რომ ახალი ზოოპარკის პროექტი სრულად განხორციელდეს?- ზოოპარკი რომ მთლიანად გადავიდეს და საბოლოო სახე მიიღოს, დაახლოებით 40-50 მლნ ამერიკული დოლარი არის საჭირო, მაგრამ ზოოპარკის გახსნისთვის აუცილებელი არ არის, რომ ყველა ექსპოზიცია იყოს. ზოოპარკი ყოველთვის შეიძლება განვითარდეს, სხვა შემთხვევაში, შეიძლება მოსაწყენიც გახდეს. მისი განვითარება გახსნის შემდეგაც არის შესაძლებელი. იმისთვის, რომ ახალი ზოოპარკი გავხსნათ, დაახლოებით 7 მლნ ლარია საჭირო.- რა რაოდენობის თანხა არის ბიუჯეტით გათვალისწინებული?- ჯერ ამ წლის ბიუჯეტი არ გვაქვს. ველოდებით პასუხს, ალბათ, უახლოეს დღეებში გვეცოდინება რამდენი იქნება.- როდის შეემატება ზოოპარკს ახალი ბინადრები, ცნობილია, რომ ჟირაფების ჩამოყვანა იგეგმება. როდის და რამდენ ჟირაფს ჩამოიყვანთ?- ჟირაფი დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა სხვა სახეობების ჩამოყვანასაც ვაპირებთ, მაგალითად მარტორქების. ერთი მარტორქა გვყავს, მაგრამ კიდევ უნდა დავუმატოთ მარტორქები, ბეჰემოთები, ასევე ანტილოპები. არიან გადაშენების პირას მყოფი სახეობები, რომელიც შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ჟირაფი არის ვარსკვლავი სახეობა, ძალიან პოპულარული და რაც მთავარია, ხალხს ჟირაფის ნახვა უნდა. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, წავიდეს და ჟირაფი აფრიკაში ნახოს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ახალ ზოოპარკში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ჟირაფი იქნება. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ზოოპარკი „ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის“ წევრია. შესაბამისად, როდესაც წევრი ხდები, გაქვს უფლება, წვდომა გქონდეს ისეთ ცხოველებზე, რომელიც ამ სივრცის გარეთ ძალიან რთული საშოვნელია, მათ შორის არის ასეთი ჟირაფი. პროცედურულად ცხოველების გადმოცემის თაობაზე აკეთებ განაცხადს, მათ ჰყავთ ჯგუფები, რომელსაც კომპეტენტური ადამიანები ხელმძღვანელობენ, მივმართავთ მათ და შემდეგ ისინი ჩვენს პირობებს შეამოწმებენ. საკმაოდ დიდი განაცხადია, სადაც დეტალურად არის აღწერილი, როგორ პირობებში იქნება ცხოველი და ვის, რა კვალიფიკაცია აქვს, დაწყებული დირექტორიდან, დამთავრებული მომვლელით. გარდა ამისა, მითითებულია როგორი შენობაა, კლიმატი როგორი გვაქვს. ყველაფრის აღწერა ყველა ცხოველზე დეტალურად ხდება, არა მხოლოდ ჟირაფზე. ჩვენ ამ მონაცემებს ვგზავნით და შემდეგ უკვე მოგვიძებნიან ცხოველს სხვადასხვა ზოოპარკში. სასურველია, სხვადასხვა ზოოპარკიდან იყოს, რომელსაც შემდეგ საქართველოში წამოვიყვანთ.ჯერჯერობით, ჩვენ განაცხადი გაკეთებული გვაქვს 5 ჟირაფზე, თუმცა, ჩვენი შენობა დაახლოებით 10 ჟირაფისთვის არის საკმარისი, თან ეს შენობა არ არის მათი ხანგრძლივი ყოფნისთვის განსაზღვრული იმიტომ, რომ ჩვენი კლიმატიდან გამომდინარე, ამის საჭიროება არ არის. ჟირაფის გარდა, გათვალისწინებული არის 3 მარტორქა და 3 ბეჰემოთი.ზოგადად, ზოოპარკის ბინადრების ტრანსპორტირება საკმაოდ რთულია. არიან შესაბამისი კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ჩვენ ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს ერთ-ერთ ჰოლანდიურ კომპანიასთან, მათ შორის არიან ქართული კომპანიებიც. სწორედ მათი მეშვეობით ხდება ცხოველების ტრანსპორტირება, ჟირაფების შემთხვევაშიც ასე მოხდება. პროფესიონალები, რომლებიც ჩაერთვებიან, უზრუნველყოფენ იმას, რომ ყველანაირი წესები დაცული იყოს. ცხოველების გადაყვანას თავისი წესები აქვს. ალბათ, ჩვენს შემთხვევაში, საჰაერო გზით ჩამოვა ახალგაზრდა ჟირაფები, სიმაღლეც თვითმფრინავში შეზღუდულია და უნდა შეეტიოს. დაახლოებით 4 მეტრამდე ცხოველები არიან. მიუხედავად იმისა, რომ სატვირთო თვითმფრინავით ხდება ცხოველების ტრანსპორტირება, მას უნდა ჰქონდეს სათანადო პირობები იმისთვის, რომ ცხოველები გადაიყვანოს. ცხოველების ჩამოყვანა არცთუ იაფი სიამოვნებაა. მათი შესყიდვა საჭირო არ არის, უფასოდ ვიღებთ, მაგრამ ტრანსპორტირება დიდ თანხებთან არის დაკავშირებით. იყო შემთხვევა, განსაკუთრებით წყალდიდობის შემდეგ, როდესაც ავიაკომპანიებმაც ანგარიში გაგვიწიეს და დაბალი ფასები შემოგვთავაზეს.- რა ბედი ელის თბილისის ძველ ზოოპარკს?- ჯერჯერობით, ზოოპარკი იქნება, შემდგომში არ ვიცი. ბინადრების ნაწილი გადავა ახალ ზოოპარკში, დანარჩენებისთვის ჯერ კიდევ ასაშენებელი იქნება პირობები, მაგრამ აქ არსებული პირობები აბსოლუტურად ნორმალურია. შეიძლება არ არის ისეთი ვარსკვლავური პირობები, როგორც თბილისის ზღვაზე მდებარე ახალ ზოოპარკში უნდა იყოს, მაგრამ ეს ზოოპარკიც სტანდარტებს ექვემდებარება. სწორედ ამიტომ არის დღეს სახეობების შეზღუდული რაოდენობა აქ. ძველ ზოოპარკში არსებული ცხოველები სტანდარტების შესაბამის პირობებში იმყოფებიან, განსაკუთრებით კვების თვალსაზრისით.- ქვეწარმავლებს რაც შეეხება…- ქვეწარმავლებისთვის ასაშენებელი არის ტერარიუმი. ამასთან, ყველაზე ძვირად ღირებული შენობა, რაც უნდა აშენდეს, ეს არის აკვარიუმი. გარდა ამისა, ე.წ. ტროპიკარიუმის მოწყობაც გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, რომ ეს იყოს ტროპიკული აზიის ძალიან საინტერესო ფაუნა, მაგრამ ეს ყველაფერი სამომავლო გეგმებია.- იგეგმება თუ არა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება?- ჩვენი ზოოპარკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ გადაშენების პირას მყოფის სახეობების აღდგენა არის. კავკასიის ფაუნა წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს. სულ 35 ცხელი წერტილი არის მსოფლიოში, აქედან ერთი არის კავკასია. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფაუნის არსებობა. ძალიან ბევრი სახეობა გადაშენების პირას იმყოფება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ასეთი სახეობების აღდგენა. აქედან ჩვენ გვყავს ირმები. თავდაპირველად, ერთი წყვილი ირმისგან დავიწყეთ და დღეს უკვე 22 სულიანი, გენეტიკურად კარგად ჩამოყალიბებული ჯგუფი გყავს, რომელიც ალბათ, ძალიან მალე გადავა ალგეთის ეროვნულ პარკში. გარემოს დაცვის სამინისტროს ველური ბუნების დაცვის დეპარტამენტის, ველური ბუნების დაცვის სააგენტოს, ბიომრავალფეროვნების სამსახურის მონაწილეობით დაწყებულია გარკვეული სამუშაოები. წელს აშენდება ე.წ. სარენტროდუქციო ვოლიერი და ჩვენი ირმების დიდი ნაწილი სწორედ ამ ვოლიერში გადავა. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც აქ ადაპტაციას გაივლიან, ბუნებაში გაუშვებენ, ამას ჰქვია თანდათანობითი გაშვების მეთოდი. ასეთივე მდგომარეობაში გვყავს ნიამორები, რომელიც სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში საერთოდ გადაშენების პირას არიან, ერთეული ინდივიდები შემოდიან ხოლმე აჭარაში პერიოდულად. ამიტომ, ჩვენ შერჩეული გვაქვს ისეთი ადგილი, სადაც ნიამორების რეინტროდუქცია გვინდა. ასევე, დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, რომელიც გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. მაგალითად, ირემი გლობალურ დონეზე გადაშენების პირას მყოფი სახეობა არ არის, არც ნიამორი, მაგრამ დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, რადგან ჩვენი ენდემია, მას საკმაოდ შეზღუდული აქვს ტერიტორია. ამიტომ, მას აქვს გლობალური მნიშვნელობა. ამასთან, ჯიხვის აღდგენა მსოფლიო მნიშვნელობისაა და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. ჩვენ ჯიხვი ჩამოყვანილი გვყავს ფრანკფურტიდან, პარიზის ზოოპარკიდან, წელს მოგვყავს ჩეხეთისა და გერმანიის ზოოპარკებიდან დამატებით, რომ გენეტიკურად მდგრადი ჯგუფი შეიქმნას, შემდეგ უკვე ვიზრუნებთ მათ ბუნებაში დაბრუნებაზე. კიდევ ერთი პროექტი არის დომბა. ევროპული ბიზონი, ევროპის ყველაზე დიდი ცხოველი იყო, რომელიც 20-ე საუკუნის დასაწყისში მთლიანად გადაშენდა, შემდეგ პირველად აღდგა პოლონეთში, ასევე ბელარუსში და თითქმის მთელ ევროპაში მიმდინარეობს ამ სახეობის აღდგენა, მათ შორის ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში. ჩვენც ჩამოვიყვანეთ, ორი სახეობა იყო. იყო ევროპული დომბა, პოლონური და კავკასიური. ორი ნაშიერიც მივიღეთ შარშანწინ. ასევე, არსებობს გადაშენების პირას მყოფი სახეობების ეროვნული მოქმედების გეგმა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ეგიდით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიმუშავა და ჩვენც ჩართული ვიყავით. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ასევე, გვაქვს პროექტები ფრინველებთან დაკავშირებით.

საზოგადოება 1710845640

საპატრიარქო
რამდენით ზრდის მთავრობა საპატრიარქოს დაფინანსებას?

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპატრიარქოსთვის დაფინანსების გაზრდას არჩევნებთან კავშირი არ აქვს, რადგან მისივე განმარტებით, ეს ახლახან მიღებული გადაწყვეტილება არ არის.კობახიძის განმარტებით, საპატრიარქოს დაფინანსების საკითხი ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელი ბიუჯეტის დაგეგმვისას განისაზღვრა.„საპატრიარქოს დაფინანსებას რაც შეეხება, 30 მილიონი იყო საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის გამოყოფილი, ანუ კონკრეტული მიზნობრიობა აქვს, მიმართულია კონკრეტულად საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისკენ. 30 მილიონი იყო გამოყოფილი, თუმცა, გარკვეული საჭიროებები იყო, რის გამოც, აუცილებელი გახდა 5 მილიონით შესაბამისი ბიუჯეტის გაზრდა, რაც მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა, ანუ მთლიანობაში იყო 30 მილიონიანი დაფინანსება, 5 მილიონი დავამატეთ, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამები სათანადოდ განხორციელდეს“, - განაცხადა კობახიძემ.კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება აღნიშნული გადაწყვეტილება საარჩევნოდ ხმების მობილიზებას, პრემიერმა უპასუხა, რომ ამას „არჩევნებთან კავშირი არ აქვს“.„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს დაფინანსება შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში, ამიტომ არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ეს არ არის ახლახან, არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება განსაკუთრებით, საგანმანათლებლო სფეროში. აქედან გამომდინარე, არსებობს, 25 მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30 მილიონიანი ასიგნება, რომელიც საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს ხმარდება და ეს დაფინანსება დამატებით, 5 მილიონით გაიზარდა.ეს ყველაფერი გამჭვირვალეა, საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე, 50-ია დაახლოებით, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და არის სასკოლო დაწესებულებები, რამდენიმე ასეთი ათეული დაწესებულებაა, მთლიანობაში 5 მილიონით მოხდა მათი დაფინანსების გაზრდა“, - განაცხადა კობახიძემ.  

საზოგადოება 1710844414

კიბოს სამკურნალო ცენტრი
„ასეთი ტექნოლოგია ისრაელს და თურქეთსაც არ აქვს“ – საქართველოში კიბოს მკურნალობის უნიკალური ცენტრი იხსნება

პროტონული თერაპია, რომელიც საქართველოში, არსებული ინფორმაციით, 2025 წლიდან უნდა  ამოქმედდეს, ნიშნავს სიმსივნით დაავადებული უამრავი ადამიანის, პირველ რიგში კი ბავშვების გადარჩენას. ამის შესახებ „პინეოს“ გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა კახა ნურალიძემ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში განაცხადა.„საამაყოა და მადლობა ავტორებს, ვინც ამ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. ეს კეთდება ქუითაისში, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან. ძალიან საამაყოა, რომ ეს იქნება რეგიონში პირველად, დასავლეთ საქართველოში ჩვენს ქალაქში, სადაც პროტონული მედიცინის ცენტრი დაიწყებს მუშაობას,“ - განაცხადა კახა ნურალიძემ.მისი თქმით, საუბარია ცენტრზე, რომელიც დღეს თურქეთს და ისრაელსაც არ აქვს. ასეთ პროექტს იწყებდა რუსეთიც, თუმცა ომის დაწყების შემდეგ მისთვის დასავლურ ტექნოლოგიებთან წვდომა შეუძლებელი გახდა და პროექტიც არ განხორციელებულა.„ეს იყო ბატონი ბიძინას იდეა, მადლობა იმ ხალხს, ვინც ეს საკითხი დააყენა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ბუნკერის მშენებოლბა დასრულებულია და მზადაა 2 ციკლოტრონი,“ -  განაცხადა კახა ნურალიძემ.მისი განმარტებით, პროტონული მედიცინა რამდენიმე ნაწილისგან შედგება. „ციკლოტრონებში წარმოიქმნება პროტონები, შემდეგ არის ელექტრომაგნიტების სისტემა, რომელიც ქაოტურად მოძრავი პროტონებისგან აყალიბებს სხივს და მესამეა გენტრი, რომელშიც წევს პაციენტი. ეს გენტრი ბრუნავს 360 გრადუსით პაციენტის ირგვლივ და სპეციალური ტუბუსით პროტონული სკალპელი სიმსივნეს ფენა-ფენა ადებს რადიაციას და ყველა მხრიდან აფერადებს მას. საერთოდ არ ზიანდება ჯანსაღი ქსოვილი და ზიანდება მხოლოდ სიმსივნე. ესაა განსხვავება გამა-გამოსხივებისგან, რომელიც მოქმედებს როგორც მთელს სხეულზე, ისე აზიანებს სიმსივნეს. გამა გამოსხივების თავისებურება ბავშვებში ისაა, რომ ჩნდება მეორადი სიმსივნეები და აშშ-ში ესაა კატეგორიულად აკრძალული,“ - განაცხადა კახა ნურალიძემ.მისი განმარტებით, სეანსი 2 წუთის განმავლობაში გრძელდება, თუმცა წელიწადში 450 პაციენტზე მეტ პაციენტს ვერ ატარებს. მედპერსონალის შესაბამისი მომზადების  შემდეგ კი ქუთაისის ცენტრში შესაძლებელი გახდება 600 პაციენტის მომსახურება.რაც შეეხება საკითხის ფინანსურ მხარეს, ნურალიძის თქმით, პროტონული ცენტრის შექმნა 30 მილიონ დოლარამდე ჯდება, ადრე კი ღირებულება ნახევარ მილიარდ ლარს აღწევდა.  მისი განცხადებით, აღნიშნული მეთოდით ყველაზე რთული სიმსივნეების მკურნალობაა შესაძლებელი.„წარმოიდგინეთ გლიობლასტომა, რომლის ოპერირებაც შეუძლებელია, ან ძალიან აგრესიული სიმსივნეები, თვალბუდის სიმსივნეები, სადაც ვერაფერს ვერ ვაკეთებთ გარდა იმისა, რომ თვალი უნდა ამოვიღოთ, შემდეგ კი უნდა გაკეთდეს დასხივებები ძალიან ფრთხილად. შეიძლება ამ დროს დაიღუპოს პაციენტი და დაღუპულან კიდეც. ღრმად განლაგებულ სიმსივნეებზე ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, 6 სანტიმეტრამდეა გამა-დასხივების მოქმედების დიაპაზონი, ხოლო პროტონს აქვს 4-იდან 40 სანტიმეტრამდე“, - აღნიშნა კახა ნურალიძემ.მისივე ინფორმაციით, საქართველოში ამ მეთოდით მკურნალობა 11 ათასი ევრო დაჯდება. ამბობს, რომ იმ ქვეყნებიდან, სადაც პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა, ძალიან ბევრი გამოხმაურება იყო და ახლაც გრძელდება. საუბარია თურქეთზე, სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ყაზახეთზე. ამ ქვეყნების წარმომადგენლებს აინტერესებთ, ხომ არ დაიწყო უკვე ამ მეთოდით მკურნალობა, განსაკუთრებით დიდი ინტერესია ამ მეთოდით ბავშვების მკურნალობისადმი.ამასთან, კახა ნურალიძის თქმით, ამ სიახლის დანერგვით განვითარდება სამედიცინო ტურიზმი და ეს საკითხი დაკავშირებულია სახელმწიფოს იმიჯთან, რადგან მსგავსი ცენტრი ისეთი განვითარებული სამედიცინო სექტორის მქონე ქვეყნებსაც კი არ აქვთ, როგორიც თურქეთი და ისრაელია.შეგახსენებთ, რომ, არსებული გეგმებით, ქუთაისში, ციკლოტრონით სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა 2025 წლის შუა პერიოდიდან დაიწყება.ფონდ „ქართუს“ მონაცემებით, რომელიც პროექტის დამფინანსებელია, ორი ციკლოტრონიუკვე წელს ჩამოვა,  რის შემდეგაც მათი დატესტვა დაიწყება, 2025 წლის შუა პერიოდიდან კი ეს ულტრათანამედროვე აპარატურა პირველ პაციენტებს მოემსახურება.ორი აპარატიდან ერთი კვლევებს, მეორე კი მკურნალობას დაეთმობა. ცნობილია, რომ ეს სერვისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაიფარება, პედიატრიულ ნაწილში კი ის სრულიად უფასო იქნება. პროექტი სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით ხორციელდება, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ორ ციკლოტრონს ბელგიაში აწყობს. პროტონული თერაპიის უპირატესობა ისაა, რომ ხდება პაციენტის დასხივება, ნადგურდება მხოლოდ სიმსივნით დაავადებული უჯრედები და არა ჯანსაღი უჯრედები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დროს. ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტის ღირებულება 40 მილიონ ევრომდეა და მას სრულად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.წყარო: jandacva.ge

საზოგადოება 1710840468

ყირგიზეთის დროშა
საქართველოს მთავარი ექსპორტიორი ყირგიზეთი გახდა - მაჩვენებელი 179.5%-ით გაიზარდა

საქართველოს ტოპ-ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი შეიცვალა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები.კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ ორ თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო პარტნიორი ყირგიზეთი გახდა. (შედარებისთვის, გასული თვეების განმავლობაში მთავარი ექსპორტიორი აზერბაიჯანი იყო).ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-თებერვალში საქართველოდან ყირგიზეთში 125 558 500 აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. მასზე მთელი ექსპორტის 15.6% მოდიოდა. რაც შეეხება წლიურ ჭრილს, მაჩვენებელი 179.5%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტმა 44 922 900 აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ყირგიზეთში ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომობილები გავიდა. ჯამში, ექსპორტირებული იყო 44 922 900 აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები.რაც შეეხება, საქართველოს 10 მთავარ ექსპორტიორ ქვეყანას, 2024 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:🔵 ყირგიზეთი - 125 558 500 აშშ დოლარი;🔵 აზერბაიჯანი - 99 459 400 აშშ დოლარი;🔵 რუსეთი - 96 810 500 აშშ დოლარი;🔵 ყაზახეთი - 84 614 800 აშშ დოლარი;🔵 სომხეთი - 78 795 000 აშშ დოლარი;🔵 თურქეთი - 63 642 600 აშშ დოლარი;🔵 ჩინეთი - 48 281 600 აშშ დოლარი;🔵 უკრაინა - 18 755 200 აშშ დოლარი;🔵 უზბეკეთი - 16 523 700 აშშ დოლარი;🔵 შვეიცარია - 14 145 200 აშშ დოლარი.

ეკონომიკა 1710839797

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“
„ჯორჯიან ეარვეისი“ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ფრენებს ევროპის 8 მიმართულებით შეასრულებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აპრილიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს ევროპის 8 მიმართულებით: ვენაში, პარიზში, ნიცაში, ამსტერდამში, მიუნხენში, ბერლინში, მილანსა და ლარნაკაში. ასევე, „ჯორჯიან ეარვეისი“ თელ-ავივის მიმართულებით ყოველდღიური ფრენების აღდგენაზე მუშაობს.პირდაპირი ფრენები „ბოინგ 737-700“ და „ბოინგ 737-800“ ტიპის ავიახომალდებით შესრულდება. აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც მგზავრებისთვის განსაკუთრებით კომფორტულია. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.✈️„ჯორჯიან ეარვეისი“ ვენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს შეასრულებს კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას. კვირაში სამჯერ რეისები შესრულდება პარიზისა (სამშაბათს, პარასკევსა და კვირას) და ნიცას (ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს) მიმართულებით. ამსტერდამის მიმართულებით ფრენები შესრულდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს.✈️„ჯორჯიან ეარვეისი“ ფრენებს განახორციელებს გერმანიის ქალაქებში: მიუნხენის მიმართულებით კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათსა და კვირას და ბერლინის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს. მილანის მიმართულებით ფრენები შესრულდება კვირაში სამჯერ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას. ყოველდღე შესრულდება პირდაპირი ფრენები თბილისი-ლარნაკას მიმართულებით.ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე იგეგმება ყოველდღიური რეისების შესრულება თელ-ავივის მიმართულებითაც.

საზოგადოება 1710836486

ლიბერთიმ "ტოპქარდის" პორტფელი შეიძინა
ლიბერთიმ „ტოპქარდის“ პორტფელი შეიძინა

ლიბერთიმ რებანკის პროდუქტი „ტოპქარდი“ და საცალო საკრედიტო პორტფელი შეიძინა. ახალი პროდუქტის ლიბერთის სისტემაში ინტეგრაციის პროცესი ეტაპობრივად, ორი თვის მანძილზე განხორციელდება.დღეიდან ამ პერიოდის განმავლობაში „ტოპქარდის“ მომხმარებლები კვლავ ჩვეულებრივ მიიღებენ რებანკის საცალო მომსახურებას, ხოლო ორი თვის შემდეგ, დამატებითი ვიზიტის გარეშე, არსებული პირობებით ავტომატურად ისარგებლებენ ლიბერთი ბანკში.„ლიბერთის გუნდმა მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შევიძინეთ რებანკის საცალო პროდუქტი „ტოპქარდი“, რაც ლიბერთის უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების გზაზე კიდევ ერთი სტრატეგიული ნაბიჯია. ლიბერთის საცალო მიმართულება დინამიკურად ვითარდება, ძლიერდება გუნდი, იქმნება მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ახალი პროდუქტები და შეთავაზებები, რომელთა შორის „ტოპქარდი“ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. მივესალმები ახალ მომხმარებლებს, რომლებიც სულ მალე შემოგვიერთდებიან და მადლობას ვუხდი ამ პროცესში ჩართულ ლიბერთისა და რებანკის გუნდის თითოეულ წევრს“, - ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი ბექა გოგიჩაიშვილი.ლიბერთის შესახებ: ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4,500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

ბიზნესი 1710835885