სოფლის მეურნეობა
საძოვრები
„ეს არის კატასტროფა“ - საძოვრებს შესაძლოა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორია მიენიჭოს

“მთაში მცხოვრები კაცი უფუნქციოდ დარჩა“ - ასე ეხმიანება აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი დღესდღეობით მთაში არსებულ პრობლემებს. მისი თქმით, არსებული ინიციატივა საძოვრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ქვეყნის კატასტროფაა და მას უმძიმესი შედეგები მოჰყვება.პაატა კოღუაშვილი: „საქართველოში საძოვრების საერთო ფართობი 1,8 მლნ ჰექტარია. მთელს მსოფლიოში ვერ ნახავთ შემთხვევას, რომ ვინმემ საძოვრები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაიყვანოს. ეგ კი არა, როდესაც საძოვარი გადაჰყავთ სახნავ ან სასოფლო-სამეურნეო სხვა დანიშნულებაში, ამაზეც კი უზარმაზარი რეგულაციებია.ჩვენთვის საძოვრებს ის მნიშვნელობა აქვს, რომ ის ძირითადად ჩვენს სასაზღვრო ზოლშია განლაგებული და ამ ადგილებში მეცხოველეობის განვითარება მოსახლეობის დამაგრებისა და თავდაცვის მთავარი საფუძველია, რადგან ამ ზონაში პირუტყვი მესაზღვრის როლს ასრულებს, ხოლო მთაში მცხოვრები კაცი მესაზღვრე და ქვეყნის ერთგვარი დამცველია. მაგრამ ამის მნიშვნელობა დღეს ბევრს არ ესმის. ასევე არ ესმით, რა მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობის განვითარებას - განსაკუთრებით მთაში, ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს მეძუძური დედების კვებაში, ბავშვთა კვებაში - ისინი ხორცს ფაქტობრივად, ვერ ჭამენ. მათი ძირითადი რაციონი ლობიო, კარტოფილი, ჩაი და პურია. ამიტომ ბევრია პრობლემები ბავშვთა ჯანმრთელობაში, გონებრივ განვითარებაში. უმძიმესი სიტუაციაა“. აკადემიკოსი მთის ძირითად ფუნქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში სამივემ აქტუალობა დაკარგა.„საუკუნეების განმავლობაში მთას სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრებოდა:🔵 თავდაცვითი🔵 აგრარული🔵 კულტურულ-ფასეულობათა გადანახვის ფუნქცია.მაგრამ პირველი და მესამე ფუნქცია მას მერე მოიშალა, რაც რუსეთი დიდი დოზით ერევა ჩვენს ყოველდღიურობაში, დარჩა მხოლოდ მეორე - აგრარული ფუნქცია და 50-იანი წლების მერე ესეც დაიკარგა, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება მთის მოსახლეობის ბარში ჩამოსახლებისთვის, რათა ინდუსტრია, მრეწველობა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა განვითარებულიყო.არადა, მთის უდიდესი ფუნქცია მისი აგრარული ფუნქცია იყო: იგი აწარმოებდა ხორცს, რძეს, ტყავს, მატყლს და ა.შ“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.აკადემიკოსმა მაგალითად მოიყვანა საგარეჯოს რაიონში 8 ჰექტარი საძოვარი, რომელიც არასასოფლო დანიშნულებაში გადასაყვანად არის წარმოდგენილი.„საუბარია გადასარეკ ტრასებზე, სადაც ცხვარმა და საქონელმა უნდა გაიაროს, ამასაც ასხვისებენ და ეს არის კატასტროფა“, - აცხადებს იგი.

1713435235

1712300077

მეფუტკრეობის განვითარებაში მთავარი დაბრკოლება კადრების სიმცირეა -  მეფუტკრეთა გაერთიანება

პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო მეფუტკრეობის სფერო ვერ ვითარდება ისე, რისი რესურსიც გაგვაჩნია - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მეფუტკრე ტრენერი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე აცხადებს. მისი თქმით, წარმოების მასშტაბის ზრდა დიდწილად სწორედ პროფესიულ კადრზეა დამოკიდებული, რის გამოც  ვერც მავნებლების გავრცელების პრევენცია ხერხდება.ცნობილი მეფუტკრე აცხადებს, რომ ამ დროს სექტორის განვითარებაში დიდი პერსპექტივაა როგორც წარმოების ზრდის, ასევე აპიტურიზმის განვითარების მიმართულებითაც.„ვეტერინარი არის პრობლემა, ვინაიდან კადრი არ გვყავს, ამისთვის საჭიროა ვიწრო სპეციალობის ადამიანი, რომელიც მეფუტკრეობაში ერკვევა. ამას ყველა ვეტერინარი ვერ გააკეთებს.  განათლების დონე უნდა გაიზარდოს მეფუტკრეობაში, რადგან  სამრეწველო მეფუტკრეობაზე გადავდივართ და კადრებთან დაკავშირებული საკითხი პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, ამისთვის პროფესიული სასწავლებლების როლის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება მეფუტკრეობის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად და ასევე მეფუტკრეების მუშაობის კულტურის ამაღლება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.მეფუტკრე ტრენერი ფუტკრის დაავადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ პროცესის სწორი მართვით მისი მასშტაბის შემცირება შესაძლებელია.„ფუტკარს განსაკუთრებით გაზაფხულზე უჭირს, ბევრი ვერ ახერხებს გამოზამთრებას და იღუპება.  ცალკე პრობლემაა მავნებელი, ამ შემთხვევაში ტკიპა, რასაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეწირება. სწორედ ამიტომ გვჭირდება გამოცდილი კადრი, რომ დაავადებას სწორად ვებრძოლოთ და აგროღონისძიებები გავატაროთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ბევრი რამ ასევე სპეციალისტზეც არის დამოკიდებული. ყველა რეგიონში, სადაც მეფუტკრეობა ვეტერინარი არის პრობლემა, კადრი არ არის, ვინც უნდა შეამოწმოს საფუტკრე და რეკომენდაცია გასცეს. ნორმალურ პირობებში ფუტკრის დანაკარგი 5-10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალი მასშტაბისაა, რაც სწორედ უცოდინარობას და კადრის დეფიციტს უკავშირდება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.ცნობისთვის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაციაა. გაერთიანების წევრია 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია), ხოლო გაერთიანების ქოლგის ქვეშ მთელი საქართველოს მასშტაბით 4 000- ზე მეტი მეფუტკრეა.

1712222698

მწიფდება და გაძლევს შემოსავალს იმ სეზონზე, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს - ფერმერი

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, ადგილობრივ ფერმერს, ტარიელ გურგენიძეს 1 400 ჰექტარზე მოცხარი აქვს გაშენებული, რომლის რეალიზაციას ის როგორც ნაყოფის, ასევე ნერგების სახით ახდენს.„ფაქტობრივად, აღმოსავლეთ საქართველოს ჰავისთვის დამახასიათებელი კულტურები, ანუ ციტრუსის გარდა, ყველაფერი მომყავს. ესენია, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურები. კენკროვანებში შედის მოცხარი, როგორც წითელი, ასევე შავი, ხურტკმელი, იოშტა, შავი ველური მოცვი.ბოლო დროს საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ლურჯი მოცვი, მაგრამ თავისი დადებითი თვისებებით და სარგებლით გაცილებით უკეთესია შავი მოცვი“, - აცხადებს ფერმერი. მისი თქმით, საკმაოდ დიდია მოთხოვნა მოცხარზე და ერთი ნერგიც კი არ რჩება გასაყიდი.„დღესდღეობით მოცხარი 1 400 კვადრატულ მეტრზე მაქვს გაშენებული. საკმაოდ რთულია მისი მოკრეფა და ეს ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია მის მოსაყვანად, თუმცა რეალიზაცია უმარტივესია, რადგან მოთხოვნა დიდია და არასოდეს გაუყიდველი არ რჩება. ამასთან, მას ერთი განსაკუთრებული თავისებურება აქვს - იგი მწიფდება და გაძლევს შემოსავალს მაშინ, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - აცხადებს ტარიელ გურგენიძე.როგორც ფერმერი ამბობს, მოცხარის ფასი სეზონის დასაწყისში დაახლოებით 4 ლარია კილოგრამზე, მაგრამ სეზონის მიწურულს, როდესაც ის კლებულობს, 7-8 ლარიც ხდება. წლიური მოსავალი კი დაახლოებით 3-4 ტონას შეადგენს.„რაც შეეხება ნერგებს, მოთხოვნა აქაც გაზრდილია. თუ აქამდე 200-300 ძირი მოცხარის ნერგი იყიდებოდა, ბოლო ორი წელია, ეს რიცხვი 1000-მდე არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერებმა დაიწყეს მისი მოყვანა, რაც ძალიან კარგ, - აცხადებს ფერმერი.ტარიელ გურგენიძემ ბიზნეს-იდეაც გაამხილა, რომელიც მისი თქმით, ბიზნესს დაინტერესებს: „კარგი იქნება თუ საქართველოში დაინერგება ამ ხილის ე.წ. შოკური გაყინვის მეთოდი, რაც ზამთარში მაღაზიებში გაყინული ხილის შეძენას გულისხმობს. ძალიან დიდი ფუფუნებაა, გაყინულ მდგომარეობაში ჩვენივე წარმოებული პროდუქტი ვიყიდოთ და არა იმპორტირებული“, - ამბობს ის.ფერმერმა ბოლო პერიოდში პოპულარულ კენკრაზე, გოჯი ბერიზე, ე.წ. მგლის კენკრის შესახებაც ისაუბრა:„გოჯი ბერის რამდენიმე ნერგი შემოვიტანე საცდელად. რადგან ახალი კულტურაა, შევხედავ, როგორ იხარებს და შემდეგ გავამრავლებ. ზამთარს გაუძლო, მაგრამ მსხმოიარობა ჯერ არ დაუწყია და ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. რადგან ზამთარს გაუძლო, მგონია, რომ გაამართლებს“, - განაცხადა ტარიელ გურგენიძემ.

1712138148

„ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა - როდის იყო, კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა?“

ქართული ბაზარი სავსეა იმპორტირებული პროდუქციით. ქვეყანა ყიდულობს თითქმის ყველაფერს: ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, ხორცს და ა.შ.მაგალითად, საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ვაშლის იმპორტი წლიურად 105%-ით, კიტრის - 21%-ით, ხოლო პომიდვრის 22%-ით გაიზარდა. იმპორტირებული მწვანილი თითქმის, 4-ჯერ, 248%-ით გაძვირდა. გაზრდილია მარწვის იმპორტიც. წელს თებერვალში იმპორტმა 336 080 დოლარი შეადგინა, აღნიშნულ პერიოდში ჯამში 230 ტონა მარწყვი ვიყიდეთ. თუმცა, ეს სტატისტიკის მცირე ჩამონათვალია, პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრმა, აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა ისაუბრა, საქართველოს 10-12 მილიონი ადამიანის ბიო-პოტენციალი აქვს და ტროპიკული კულტურის გარდა, აქ ყველაფრის წარმოებაა შესაძლებელი. „საქართველო უხვი წარმოების შესაძლებლობების ქვეყანაა. მართალია, მისი მასშტაბები შეიძლება ვერ გასწვდეს ექსპორტს, მაგრამ ქვეყნის შიგნით მას მოსახლეობის დაკმაყოფილების პრობლემა არ აქვს. მით უმეტეს, ბოსტნეულით, ხილით, კვერცხით, თევზით. ჩვენ შეგვიძლია 45 ათასი ტონა საქონლის ხორცი ვაწარმოოთ, შეგვიძლია 40 ათასი ტონა ქათმის ხორცი, 8 ათასი ცხვრის ხორცი ანუ ის რაოდენობა, რაც საქართველოს მოთხოვნილების მაქსიმალურ რიცხვამდე მიგვიყვანს. 400 ათასი ტონა ხორბლის წარმოება შეგვიძლია, ასევე ქერი, შვრია, 360 ათასი ტონა ჭვავი, დაახლოებით 900 ათასი ტონა სიმინდი და ა.შ.ეს ძალიან მრავალდარგოვანი მხარეა სოფლის მეურნეობისთვის და ასეთ მხარეზე ოცნებობენ ქვეყნები. ის სავსეა წყლებით, ჯანსაღი ჰაერით, არაჩვეულებრივი ნიადაგით, უბრალოდ, ტრაგედია ის არის, რომ ფასთა პარიტეტი არ არის დადგენილი ქვეყანაში.სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამომხმარებლო ღირებულება არ შეიცვლება იმით, რომ ვთქვათ, ბოლოკი მიწიდან ამოვიღოთ ყვითელი, ცისფერი, შავი და ა.შ. ბოლოკი ბოლოკია და მისი სამომხმარებლო ღირებულება ესაა. ამ მიმართებით არის საკითხის დარეგულირება საჭირო“, - განაცხადა აკადემიკოსმა.კოღუაშვილი სოფლის მეურნეობის ძირითად პრობლემებზე საუბრობს და მისი თქმით, ესენია:🔵 დიზელის ტიპის საწვავი;🔵 შუქი, გაზი სოფლის მეურნეობისთვის;🔵 ტექნიკის მომსახურება;🔵 ირიგაციული მომსახურება;🔵 მინერალური სასუქები.თითოეული ამ კომპონენტის პრობლემა, მისი თქმით, ზედმეტად მაღალი ფასებია.სოფლის მნიშვნელობა„სოფელი სტატუსის გარეშე სხვაგვარად ვერ განვითარდება. ის მოკვდება და გაქრება. დღეს ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა. ის, როგორც ტერიოტიული ერთეული, არ არსებობს, ამიტომ ეს უნდა აღვუდგინოთ სოფელს და ამ ტერიტორიულ ფარგლებში არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური ყველა საკუთრება უნდა გადაეცეს სოფელს მუდმივ მფლობელობაში და სარგებლობაში უსასყიდლოდ. შემდეგ თვითონ თემი გადაწყვეტს, რას უზამს არ რესურსს - მიწას, წყალს, ტყეს და ა.შ. ამ გზით ხალხი დამშვიდდება, გაფულიანდება, აღარ გაიქცევა.სოფლის განვითარება რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-კულტურული სტატუსი მიახლოებით გაუთანაბრდეს ქალაქის მოსახლის სტატუსს. ჩვენთან ეს ყველაფერი მიშვებულია. არადა, მათ შვილებსაც სჭირდებათ ინფორმაცია, გზა, ტრანსპორტი, გართობა, სკოლა, საბავშვო ბაღი, ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, რაც პრაქტიკულად ქრება და ამავდროულად იცლება სოფელი“.პაატა კოღუაშვილი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში მთელს საქართველოში 240 ათასი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ რთული ვერტიკალური-ზონალურობის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის მოთხოვნილება შრომით რესუსრებზე 300 ათასი ადამიანია.„ამიტომაც არის, რომ ის, რაც 30 წლის წინ გვქონდა, დღეს აღარ გვაქვს. როდის იყო, რომ ჩვენ კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა? მთავრობამ უნდა გაითავსოს ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შემოგვაქვს საჭირო სურსათის 70%-ზე მეტი და თუ სურს, რომ უახლოეს 5 წელიწადში ჰქონდეს გაწონასწორებული სავაჭრო ბალანსი, მთელი ვალუტა უნდა მიმართოს ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის“.რეალიზაციაპაატა კოღუაშვილი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემასაც შეეხო და ორი წლის წინანდელი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ხორბლისა და ქერის რეალიზაცია.„ამიტომ, საჭიროა თანამედროვე რეალობის ცეკავშირის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც პროდუქციას შეიძენს და მის რეალიზაციას მოახდენს.ყველაფერს შეელევა ადამიანი, მაგრამ ვერ შეელევა სურსათის ნაკლებობას, ამიტომ არის, რომ ეს სფერო მთელს მსოფლიოში რეგულირებადია. დოჰას რაუნდი, რომელიც 2000 წელს დაიწყო, დღემდე დაუმთავრებელია იმის გამო, რომ ვერ თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს სოფლის მეურნეობის სუბსიდირება და მისი მხარდაჭერა.სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვართ დღეს ხელგაწვდილ მდგომარეობაში და არ გვაქვს ხორბალი და შესაბამისად პური, არ გვაქვს ბურღულეული, არ გვაქვს თხილი, კარაქი, ზეთი, რძე. თავისუფლად შეგვიძლია ვაწარმოოთ 1,1 მლნ ლიტრი რძე. არ ვიყენებთ უზარმაზარ შესაძლებლობებს, რომლებიც გაგვაჩნია“.საძოვრებიაკადემიკოსი საძოვრების მნიშვნელობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გარდა პირუტყვის გამოკვებისა, მაღალმთიან ადგილებში ერთგვარად მესაზღვრეს ფუნქციასაც შეასრულებდა.„საქართველოს მთიანეთის პრობლემას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მთაში მცხოვრებ კაცს ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს, რომელიც 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაკარგა. დღეს ეს სიმდიდრეები მოშიშვლებულია და ამ სიმდიდრეებით ჩრდილო-კავკასიელები სარგებლობენ. მთაში მცხოვრებმა ადამიანმა ფუნქცია დაკარგა და გარდა მესაზღვრისა, ის მოგვიტანდა უამრავ სარგებელს - ჯანსაღ ხორცს, ტყავს და ა.შ.შიმშილს და სიღარიბეს ყოველთვის სურსათის ნაკლებობა არ იწვევს, მას იწვევს დემოკრატიის ნაკლებობა, განათლების ხელმიუწვდომლობა, სოციალური და საწარმო ინფრასტრუქტურის ხელმიუწვდომლობა. მთელი მსოფლიო სანთელივით უფრთხილდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს. ჩვენთან პირიქით, გასხვისება ხდება. ახლა საძოვრების გადაყვანა უნდათ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში და ეს არის კატასტროფა.როდესაც ამ დარგში პრობლემები მოგვარდება, ფერმერი აწარმოებს იმ პროდუქტებს, რაც ხალხს სჭირდება და ეს დარეგულირდება, მას გაეზრდება შემოსავალი, მისი შვილიშვილი მიიღებს განათლებას და ის არასოდეს გამოიქცევა სოფლიდან, სწორედ მაშინ გვეშველება“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.


სხვა სიახლეები
ბიჭვინთა
„ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა“ - სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2023 წლის ანგარიშში წერს, რომ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. ამის შესახებ ანგარიშის იმ ნაწილში წერია, რომელშიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ პროცესებზეა საუბარი.უწყებაში განმარტავენ, რომ 2022 წელს დაწყებულ პროცესს თავიდან საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა 2023 წლის ბოლოს მას „ოპოზიციის ლიდერების“ დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა.„ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესი რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა.მოსახლეობაში გაჩენილი უკმაყოფილების მინიმიზებისთვის საოკუპაციო ძალა მუდმივად ცდილობდა წარმოჩენას, თითქოს ე.წ. სახელმწიფო აგარაკის გასხვისების შესახებ ე.წ. შეთანხმებაზე უარის თქმა პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ინტერესებს და რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის „ურთიერთობას“ დააზიანებდა“, - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.ცნობისთვის, 2023 წლის ბოლოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა „რუსულ-აფხაზური შეთანხმება” ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. აფხაზური მედიის ინფორმაციით, დოკუმენტს მხარი 28 დეპუტატიდან 25-მა დაუჭირა. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩმა, მიხეილ შურგალინმა განაცხადა, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის ბიჭვინთის აგარაკები ვლადიმერ პუტინთან ასოცირდება, რადგან სამთავრობო შეხვედრები მას იქ არაერთხელ გაუმართავს. გადაწყვეტილებას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი მაშინ განაცხადეს, რომ აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი, რადგან საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით, ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის იჯარით გადაცემის საკითხი მკაცრად დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსირების პოლიტიკის გაგრძელებას და საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაქციის გამოვლენისკენ მოუწოდა.

საზოგადოება 1713528546

 „კიბიტ-ბანკი“
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა აკრედიტაცია კიდევ ერთ აფხაზურ ბანკს მიანიჭა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა აფხაზურ „კიბიტ-ბანკის“ აკრედიტაცია მიანიჭა. შესაბამისი ჩანაწერი რუსეთის ფედერაციის უცხოური საკრედიტო ორგანიზაციების წარმომადგენლობითი ოფისების ცენტრალური ბანკის რეესტრში უკვე გამოჩნდა.ეს რუსული მარეგულირებლის მიერ აკრედიტებული მეორე აფხაზური ბანკია. პირველი იყო „ამრა ბანკი“.ცნობისათვის, ცენტრალური ბანკის რეესტრში ამჟამად 24 აკრედიტებული უცხოური ბანკია.

სხვადასხვა 1713527195

საქართველოს და ამერიკის დროშა
აშშ-ში იმპორტის კლების პარალელურად, ექსპორტი გაიზარდა - რით ვვაჭრობთ?

საქართველო-ამერიკის სავაჭრო ბრუნვა პირველი კვარტალის მონაცემებით, წლიურად 21.9%-ით 328 მილიონ 803 ათას დოლარამდე შემცირდა. შედეგად ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი მთლიან ვაჭრობაში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში 7%-იანი წილით მეოთხე ადგილზეა.გასული წლის ამ პერიოდისთვის აშშ-სთან ვაჭრობის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო და 421 მილიონ დოლარს შეადგენდა.მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტს სავაჭრო ბრუნვაში მცირე წილი უკავია, ამერიკა ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო მიმართულებაა, სადაც წლის ამ პერიოდისთვის საქართველოდან ექსპორტის მაჩვენებელი ყველაზე მეტად გაიზარდა. კონკრეტულად კი იანვარ-მარტში ამერიკაში საქონლის ექსპორტით საქართველომ 29 მილიონ 936 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ექსპორტს 95.8%-ით აღემატება. აშშ უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში 2.3%-იანი წილით მერვე ადგილს იკავებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკაში მთლიანი ექსპორტის დიდი ნაწილი - 27.8 მლნ დოლარი ადგილობრივი საქონლის ექსპორტზე მოდის. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვა, რომ ამ მიმართულებით ექსპორტის ზრდა სწორედ ადგილობრივად წარმოებული საქონლის რეალიზებამ განაპირობა.იანვარ-მარტში ქვეყნიდან ამერიკაში გაყიდული უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია:🔵 ფეროშენადნობები - $19.6 მლნ, 17 672 ტონა;🔵 წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები - $1.6 მლნ, 620 ტონა;🔵 ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $1.5 მლნ, 1 076 ტონა;🔵 მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - $1.3 მლნ, 1 353 ტონა;🔵 ყურძნის ნატურალური ღვინოები - $1 მლნ, 188 ტონა;🔵 საფრენი აპარატების ნაწილები - $1 მლნ, 3 ტონა;🔵 ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული - $736 ათასი, 641 ტონა;🔵 ეთილის სპირტი არადენატურირებული - $446 ათასი, 166 ტონა;🔵 მინერალური და მტკნარი წყლები - $442 ათასი, 749 ტონა;🔵 სამშენებლო ნაწარმი ხისა - $277 ათასი, 59 ტონა;მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის მაჩვენებელი ამერიკასთან მთლიან ვაჭრობაში წამყვან როლს ასრულებს, წლის პირველ კვარტალში აშშ-დან საქონლის შეძენის მაჩვენებელი შემცირდა. ამ პერიოდისთვის საქართველოში ამერიკიდან 298 მილიონ 866 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა. იმპორტი წლიურად 26.3%-ით შემცირდა და აშშ-მა იმპორტის მიხედვით უმსხვილესი სასაქონლო ქვეყნების რეიტინგში თურქეთისა და რუსეთის შემდეგ 8.9%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა.ამერიკასთან იმპორტის, ამგვარად სავაჭრო ბრუნვის შემცირების მთავარი ფაქტორი მსუბუქი ავტომობილების იმპორტის კლებაა. ქვეყნებს შორის უმსხვილესი სავაჭრო საქონელი სწორედ ავტომობილები იყო, რომლის იმპორტიც პირველ კვარტალში 28.8%-ითაა შემცირებული.ამერიკიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის ჩამონათვალი ასეთია:🔵 მსუბუქი ავტომობილები - $270.6 მლნ, 22 350 ცალი;🔵 დანარჩენი საქონელი - $5.6 მლნ;🔵 თხილი და სხვა კაკალი - $3.1 მლნ, 637 ტონა;🔵 კვების პროდუქტები - $1.4 მლნ, 29 ტონა;🔵 ნახმარი ტანსაცმლის ნაწარმი - $1.3 მლნ, 100 ტონა;🔵 მოტოციკლები და ველოსიპედები - $1.3 მლნ, 202 ტონა;🔵 გაყინული თევზი - $1 მლნ, 544 ტონა;🔵 კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები -$1 მლნ, 16 ტონა;🔵 პოლიმერები ეთილენისა - $791 ათასი, 742 ტონა;🔵 ავტომანქანების ნაწილები, ექსპლოატაციაში ნამყოფი -$755 ათასი, 443 ტონა.

ეკონომიკა 1713523920

წამლები
იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ერთ წელიწადში ფასები 3,3%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, ძირითად იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებსა და პრეპარატებზე, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით ფასები 3,3 პროცენტით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით კი ზრდამ 0,8% შეადგინა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მთელი 2022 წლის განმავლობაში, აღნიშნულ ჯგუფში ფასები, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით მცირდებოდა, 2002 წლის მარტში 15%-იანი შემცირებაც კი დაფიქსირდა. შემცირების ტენდენცია გრძელდებოდა 2023 წლის განმავლობაში, თუმცა შედარებით მცირე მასშტაბით.რაც შეეხება ფასების ცვლილებას წინა თვესთან შედარებით, როგორც აღინიშნა, აქ ზრდა 0,8%-იანი იყო, თებერვალში დაახლოებით 5%-იანი კლება დაფიქსირდა, იანვარში კი 5%-იანი ზრდა.შეგახსენებთ, რომ  2022 წლის იანვარში საქართველოსთვის თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. შედეგად, მედიკამენტების ფასები ამ სეგმენტში 70-80%-ით შემცირდა.წყარო: jandava.ge

საზოგადოება 1713523453

ქართული და რუსული დროშა
ქართული პროდუქტები, რომელიც წელს რუსეთში გავიდა

წელს, იანვარ-მარტში საქართველოდან რუსეთში 132,078 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავყიდეთ, რაც 9,3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 3 თვეში ადგილობრივმა ექსპორტმა რუსეთის მიმართულებით 141,411 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.რაც შეეხება ქართულ პროდუქტებს, რომელიც წელს რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა, ლიდერია ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომელზეც ადგილობრივი ექსპორტის (რუსეთში) თითქმის 50% მოდის.უფრო დეტალურად, გთავაზობთ ადგილობრივი პროდუქტების ათეულს, რომელიც წელს აღნიშნულ ქვეყანაში გავიდა: 🔵 ყურძნის ნატურალური ღვინოები - 65,026 მლნ აშშ დოლარი🔵 მინერალური და მტკნარი წყლები - 18,606 მლნ აშშ დოლარი🔵 წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 12,909 მლნ აშშ დოლარი🔵 ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 12,465 მლნ აშშ დოლარი🔵 ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 4,920 მლნ აშშ დოლარი🔵 ფეროშენადნობები - 3,353 მლნ აშშ დოლარი🔵 თხილი და სხვა კაკალი - 1,621 მლნ აშშ დოლარი🔵 კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 1,591 მლნ აშშ დოლარი🔵 ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 1,376 მლნ აშშ დოლარი🔵 მანგანუმის ოქსიდები - 1,356 მლნ აშშ დოლარი.

ეკონომიკა 1713523003

ლურჯი მოცვი
ლურჯი მოცვის წარმოება პროგრამის „დანერგე მომავალი“ ნათელი წარმატებული მაგალითია - ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და „საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში პანელური დისკუსიის ფორმატში ლურჯი მოცვის, როგორც სტრატეგიული დარგის განვითარებაზე, სახელმწიფოს მხრიდან არსებულ მხარდამჭერ პროგრამებზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბაღების გაშენების მნიშვნელობაზე, მოცვის ინდუსტრიაში ასოციაციის როლზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ლურჯი მოცვის წარმოება პროგრამის „დანერგე მომავალი“ ნათელი წარმატებული მაგალითია, რომლის მეშვეობითაც ამ კულტურის დაფინანსება სახელმწიფომ დაიწყო.„სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერებთან ერთად, შევძელით 2800 ჰექტრამდე ბაღის გაშენება. გასულ წელს, 20 მილიონ დოლარზე მეტი ექსპორტი განვახორციელეთ. სულ რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი ნულის ტოლი იყო, რადგან ქვეყანაში ლურჯი მოცვის წარმოება არ გვქონდა. შემოვიდა სრულიად ახალი, არატრადიციული კულტურა, რომლის მოყვანაც ფერმერებმა დაიწყეს. მნიშვნელოვანია, რომ, მოყვანასთან ერთად, სათანადო სტანდარტებით შენახვა და შემდგომ სხვადასხვა ბაზარზე რეალიზაცია შევძლოთ.ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და გამოწვევა, რა თქმა უნდა, ბაზრის დივერსიფიცირებაა. ამ ნაწილშიც აქტიურად ვეხმარებით ფერმერებს, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებზე წარმოდგენილი არიან ჩვენი ფერმერები და ქართული წარმოების ლურჯი მოცვი. ეს ხელს უწყობს შესაბამისი კონტაქტების დამყარებას. ასეთი მხარდაჭერის შედეგად, ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.ქვეყნიდან ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა მზარდია. კერძოდ, 2020 წელს, ექსპორტის საერთო მოცულობამ შეადგინა 654.9 ტონა, ხოლო 2023 წელს ფიქსირდება 500%-იანი ზრდა - 3412.8 ტონა. რაოდენობრივ მაჩვენებელთან ერთად გაზრდილია ექსპორტირებული ლურჯი მოცვის საერთო ღირებულებაც. კერძოდ, 2020 წელს, განხორციელდა 11.3 მილიონი ლარის ღირებულების ლურჯი მოცვის ექსპორტი, 2021 წელს 17.5 მილიონი ლარის, 2022 წელს 23.8 მილიონი ლარის, ხოლო 2023 წელს ექსპორტის საერთო ღირებულებამ 53.9 მილიონი ლარი შეადგინა (ზრდა 475%).

ეკონომიკა 1713521907