ადმინისტრატორი   • 1644931653

"ლიბერთის" ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია" - ვაჟა მენაბდე

„ლიბერთი“ ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე გადაცემაში „ბიზნესი ბლუმბერგთან ერთად“ აცხადებს, რომ შესაძლოა, ახალმა მენეჯმენტმა საპენსიო გასაცემლების შესახებ ტენდერში მონაწილეობაზე უარის გადაწყვეტილება მიიღოს. მისი განცხადებით, გადაწყვეტილებას ბანკი სატენდერო კონკურსის პირობების გაცნობისა და რისკების გაანალიზების შემდეგ მიიღებს.

„პროგნოზირება რთულია და დამოკიდებულია ტენდერის პირობებზე. გააჩნია რა პირობები იქნება, რამდენი მსურველი გამოჩნდება. თუ არავისთვის იქნება მისაღები პირობები და „ლიბერთიმაც“  თავი შეიკავა, მიჭირს პროგნოზის გაკეთება რა სცენარით წარიმართება მოვლენები. ჩვენ ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული.

ბევრ რამეზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული, ინფლაციაზე, მაკროგარემოზე, რესურსის ფასზე და ა.შ. ამიტომ, ეს ფაქტორები კარგად უნდა იქნას გაანგარიშებული და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. 7 და 10 წელი არ არის პატარა პერიოდი“, - განაცხადა ვაჟა მენაბდემ.

ბანკის წარმომადგენელმა გადაცემაში საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახალი ტენდერის ჩატარებაზე საუბარი სწორედ „ლიბერთის“ მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.

„ვადაზე ადრე რომ ტარდება ტენდერი და კომისიის სხდომა, ეს ჩვენი სურვილი და ინიციატივა იყო. ვინაიდან, აღარ დასრულდა ამ თემასთან დაკავშირებით განხილვა და სპეკულაციები, ჩვენ თვითონ ვითხოვეთ, მოდით, ჩავატაროთ ტენდერი და გამოჩნდეს თუ ვინმე უკეთესი პირობით შეძლებს მომსახურებას“.

რაც შეეხება უწყებათაშორისი კომისიის მიერ წინასწარ გაჟღერებულ სატენდერო პირობებსა და სესხის 26%-ში გაცემას, ვაჟა მენაბდე აცხადებს, რომ ამ ნიშნულამდე ჩამოსვლა არარეალისტურია. მისივე განმარტებით, „ლიბერთის“ საპროცენტო განაკვეთი იმ მინიმუმზე ჰქონდა დაყვანილი, რომლის ქვემოთაც მომგებიანობა თითქმის ნულამდე დადის.

„დღეს ასეთი ტიპის სესხზე, საუბარია 1000 ლარის მოცულობის სამომხმარებლო სესხზე, საბაზრო განაკვეთი სხვა ბანკში არის 1000 ლარი და მეტი. ამას გარდა, მსგავსი ტიპის  სესხებზე მომხმარებლებს არ სთავაზობენ იმას, რაც  „ლიბერთის“ საპენსიო კონტრაქტს მოჰყვება - უფასო განაღდება, უფასო ანგარიში, კომუნალურის უფასოდ გადახდა და ა.შ. რა გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ამ ტენდერის პირობებში ეს საბაზრო განაკვეთი უფრო ნაკლები იქნება? ამის შესაძლებლობას მე ვერ ვხედავ. ამასთანავე, ჩვენ კონკურენციას მივესალმებით და ჯანსაღი კონკურენცია ეკონომიკის განვითარების ქვაკუთხედია. თუ ვინმე დათვლის და მისი გაანგარიშებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ამ ტენდერში არათუ მონაწილეობა, არამედ, საფასო კონკურენციაში ჩაბმაა შესაძლებელი, მოხარული ვიქნებით.

პროცესები აჩვენებს და გამოჩნდება, თუმცა, ჩვენი მოლოდინი არ არის, რომ ამ ფასის დაწნეხვასა და ამ პირობებში კონკურენციაზე იქნება საუბარი“, - განაცხადა ვაჟა მენაბდემ.

სიახლეები ამ კატეგორიიდან