ვაჟა მენაბდე: მთავრობის მიერ დაანონსებული, საპროცენტო განაკვეთები ე.წ საპენსიო სესხებზე, 2023 წლამდე არ შეიცვლება

ლიბერთი ბანკი

"ლიბერთი ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე განმარტავს, რომ ე.წ. საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული ცვლილებები ძალაში 2023 წლიდან შევა.

"ტენდერში გამარჯვებული ლიბერთი იქნება თუ სხვა ბანკი, იმ პირობებით მოახდენს მომსახურებას რაც კომისიის მიერ შედგენილ სატენდერო პირობებში იქნება ჩადებული. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ არა მიმდინარე ეტაპზე სესხების გაცემის მდგომარეობაზე, არამედ ახალი ტენდერის შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი, რომელიც ტენდერის პირობებში ჩამოყალიბდება ძალაში შევა 2023 წლის იანვრიდან", - განაცხადა ვაჟა მენაბდემ.

შეგახსენებთ, 11 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ე.წ. საპენსიო სესხის განაკვეთი 26%-მდე შემცირდება, პენსიის გაცემის მომსახურებაში კი სახელმწიფო ყოველწლიურად 15 მლნ ლარს გადაიხდის.