1752750555
„ესტიამ“ საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე საგულშემატკივროდ კერამიკის ჭურჭელი შექმნა

ხელნაკეთი ნივთების სახელოსნო „ესტიამ“ საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე მოხვედრასთან დაკავშირებით კერამიკის ჭურჭელი შექმნა და ამით საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ჭიქებზე საქართველოს დროშის ფერებშია და მათი ფასი 38 ლარია.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ესტიას“ თანადამფუძნებელი და დიზაინერი ნათია ნოზაძე ამბობს, საქართველოს ნაკრების საბერძნეთთან თამაშის შემდეგაც დაამზადეს ფეხბურთის თემატიკაზე ჭიქა, რომელიც მომხმარებლებს ძალიან მოეწონათ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ კიდევ დაემზადებინათ ჭურჭელი. მისი თქმით, ჭიქები საქართველოს დროშის, იმედიან ფერებშია.
ფეხბურთის თემატიკის გარდა, ცოტა ხნის წინ „ესტიამ“ სამაგიდო თამაშების კოლექცია წარმოადგინა - კერამიკის ჭადრაკი, შაში და დომინო. როგორც ნათია ნოზაძე ამბობს, შეკვეთის შემთხვევაში ნებისმიერ თემატიკაზე შეუძლიათ სამაგიდო თამაშების დამზადება.
„სამაგიდო თამაშები გაიყიდა და შეკვეთის შემთხვევაში შეგვიძლია კიდევ დავამზადოთ. ეს იყო, XVI საუკუნის ილუსტრაციების მიხედვით, „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. ასევე გამოვიყენეთ „ვეფხისტყაოსნიდან“ ტექსტები, ოღონდ არაცნობილი. შეკვეთის შემთხვევაში შეგვიძლია დავამზადოთ ასეთი ჭადრაკი და სხვა სამაგიდო თამაშები ნებისმიერ თემატიკაზე“, - აცხადებს ნათია ნოზაძე.
კერამიკის ჭადრაკის ფასი 300 ლარია, დომინო - 190 ლარი ღირს, შაში - 240 ლარი. რაც შეეხება ზომებს, ჭადრაკი - 27/27 სმ-ზეა (ფიგურები - 4-4.5 სმ), შაში - 30/30 სმ-ზე.