ფინანსური ცენტრები თბილისის ზღვაზე და გონიოში - Rothschild&Co-სთან კონტრაქტი გაფორმებულია

ფინანსური ცენტრი

მთავრობას თბილისის ზღვაზე და გონიოში 2 ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა აქვს. პრემიერის თქმით, ფინანსური ცენტრების შექმნის თაობაზე, ფინანსურ ჯგუფთან - Rothschild & Co-თან კონტრაქტი მთავრობამ უკვე გააფორმა. კომპანიის დელეგაცია ქვეყანას 1 კვირაში ეწვევა. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ცენტრი თბილისის ზღვასთან სავარაუდოდ 110 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება. 

"რაც შეეხება გონიოს, აქ ჩვენ უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ. ამის თაობაზე ჩვენ დავიწყეთ აქტიურად მუშაობა და აქვე გვინდა, შევქმნათ ფინანსური ცენტრი. სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ლიბერალურ რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. რაც მთავარია, ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მისცემს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, საერთაშორისო ფინანსური ზონების შექმნა და განვითარება, ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას.

"ჩვენი გათვლებით, სპეციალური ფინანსური ზონების შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც განვითარებული საფინანსო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნის პოპულარიზებას რეგიონსა და მსოფლიოში და საქართველო გახდება, ეს ჩვენი სურვილია, მიზანია, რეგიონული ფინანსური ცენტრი. ფინანსური ზონები ორიენტირებული იქნება ისეთ საერთაშორისო ფინანსურ კომპანიებზე, რომლებიც ოპერირებენ აქტივების მართვის, ფინტეკის, სასაქონლო ტრეიდინგის, კაპიტალის მართვის და სხვა დარგებში და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენი ვარაუდია, რომ აღნიშნული ფინანსური ცენტრების ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.