ფოთში თანამედროვე მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა მოეწყო

შემნახველი ინფრასტრუქტურა

კომპანია „ფოთის მარცვლეულის ტერმინალმა“ საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა შექმნა.

კომპანიამ, შემნახველი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 7 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, 3,5 მლნ შეღავათიანი აგროკრედიტია, 500 000 ლარი კი გრანტი. 
მულტიფუნქციური, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 10 000 ტონაზე გათვლილი შემნახველი ინფრასტრუქტურა განკუთვნილია კომბინირებული საკვების წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის შესანახად.

„ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ საქონლისა და ფრინველისათვის კომბინირებული საკვების ადგილობრივ მწარმოებლებს ნედლულით ამარაგებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომბინირებული საკვებწარმოების განვითარებას.

10 000 ტონა ნედლეული - არგენტინული წარმოშობის სოიოს შროტი „ფოთის მარცვლეულის ტერინალმა“ უკვე მიიღო. ნედლეული საოკეანო ხომალდზე არგენტინის პორტ სან ლორენცოში დაიტვირთა. აღსანიშნავია, რომ სიოის შროტი საქონლისა და კომბინირებული საკვების წარმოებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია.

„ახალი შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მეცხოველეობის განვითარებისთვის, დასაქმებისთვის, მეტი საბიუჯეტო შემოსავლების მიღებისთვის. დღეს, როცა მეცხოველეობა ვითარდება სწრაფი ტემპით, აუცილებელია, ქვეყანაში გამართული ინფრასტრუქტურა არსებობდეს საკვები ნედლეულის შესანახად. შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები სისტემურია და უკვე იძლევა თავის წარმატებულ შედეგებს”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.