მაღალი ფასი, ლარის კურსი, აღურიცხავი დიზელის საწვავი - გამოწვევები ნავთობპროდუქტების ბაზარზე

navtobi

ნავთობპროდუქტების სექტორისთვის 2021 წელი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, უმთავრესი კი პანდემიაა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი განმარტავს, რომ მიმდინარე წელი გასულ წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი იყო, რაც პირველ რიგში გამოწვეული იყო  ქვეყანაში დაწესებული სხვადასხვა სახის შეზღუდვის ეტაპობრივი მოხსნით, რასაც თავის მხრივ მოჰყვა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, რის გამოც მოხდა ნავთობპროდუქტების იმპორტისა და მოხმარების ზრდა.

გამოწვევებს შორის ასოციაცია წლის განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებს უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ წლის ბოლოს ის შედარებით გამყარდა და დასტაბილურდა.

"ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი არის აღურიცხავი დიზელის საწვავის არსებობა, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფასთაშორის სხვაობასთან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. კერძოდ, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ავზებით ხდება დიზელის საწვავის შემოდინება საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში შესაბამისი  სახელმწიფო უწყებები აქტიურად ცდილობენ  აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.

ასევე შეიძლება მნიშვნელოვან გამოწვევად ჩაითვალოს საწვავის ხარისხთან დაკავშირებული ვითარება. ეს ეხება როგორც ბენზინს (A-91 ოქტანის), ასევე დიზელის საწვავს. საჭიროა  შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან საწვავის ხარისხის პერმანენტული კონტროლის განხორციელება როგორც იმპორტირებულ, ასევე  საცალო ქსელში რეალიზებულ პროდუქტებზე, რაც სამწუხაროდ არ ხდება", - განმარტავს ასოციაცია.

მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ნავთობის მზარდი ფასი. წლის დასაწყისიდან დღემდე (27 დეკემბრის მონაცემებით) ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ის სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია 27.51 დოლარით/ბარელზე ანუ 53.8%-ით და შეადგენს 78.60 დოლარს/ბარელზე.

"ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხდევითაც ხორციელდება საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი. ყოველივე ამის ფონზე  ჩვენთანაც ხდებოდა საწვავის ფასის ზრდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საწვავის ფასი არათუ დასტაბილურდა, შემცირებისკენაც (5-10 თეთრით/ლიტრაზე) კი წავიდა:, - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

პანდემია COVID-19-სა და მისგან გამომდინარე შეზღუდვების მიუხედავად, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი გაზრდილია.

2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1042,3 ათასი ტონა, რაც 3,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 5%-ით მეტი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან (992,6 ათასი ტონა) შედარებით.

კავშირში აღნიშნავენ, რომ პანდემიიდან გამომდინარე ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში გასულ წელს დაზარალდა საავიაციო ნავთის სეგმენტი, თუმცა მიმდინარე წელს მაჩვენებელი დადებითი მიმართულებით შეიცვალა. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 85,8 ათასი ტონა, რაც 67,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 7%-ით ნაკლებია პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით.

კავშირის მონაცემებით, COVID-19 პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა სხვა სახის ნავთობპროდუქტების მოხმარებაზე და შესაბამისად, მათ იმპორტზე. კერძოდ:

2021 წლის იანვარ-ნოემბერში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 107 ათასი ტონა, 10,5%-ით ნაკლები 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით.

2021 წლის იანვარ-ნოემბრის  თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,12 ათასი ტონა, უცვლელია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 34,6  ათასი ტონა, 17,4%-ით ნაკლებია ვიდრე 2020 წლის 11 თვეში. იმპორტის  92,2% (31,9 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთიიდან.

"წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც მოხდა დიზელზე ახალი ხარისხობრივი ნორმების მიღების ერთი წლით  გადავადება. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანაში კვლავინდებურად იყოს წარმოდგენილი აზერბაიჯანული დიზელის  საწვავი, რაც ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საწვავზე მაღალი ფასების პირობებში მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანის საშუალება შედარებით დაბალფასიან პროდუქტზე.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა, ნავთობპროდუქტების ინდუსტრიაში მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა ახალი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა და განვითარება როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული კომპანიების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი არაბრენდული კომპანიის მხრიდან ხდება ქსელური კომპანიების ჩამოყალიბება და განვითარება თავისი სამარკო ნიშნით (პორტალი, ეკო პეტროლი და სხვ). წლის განმავლობაში ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები, როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული კომპანიების მიერ. დღეისათვის საქართველოში ფუნქციონირებს 1300-ზე მეტი ავტოგასამართი სადგური,“ - აღნიშნავენ კავშირში.