საქართველოში საავტომობილო ზეთების იმპორტი შემცირდა

საავტომობილო ზეთი

საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი მცირედ, თუმცა შემცირებულია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყანაში 18,86 ათასი ტონა საცხებ-საპოხი მასალები შემოვიდა, ეს 1,2%-ით ნაკლებია 2020 წელთან შედარებით.

საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ირანია, საიდანაც 3,24 ათასი ტონა პროდუქცია შემოვიდა, ეს მთლიანი იმპორტის 17,2%-ია, მეორე ადგილზეა თურქეთი - 3,13 ათასი ტონით (16,6%), რუსეთი - 2,76 ათასი ტონა (14,6%); გერმანია - 1,69 ათასი ტონა (9%) და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ საწვავის იმპორტი და მოხმარება გაზრდილია, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი შემცირდა. კავშირში მიიჩნევენ, რომ ეს დაკავშირებულია ქვეყანაში ინფლაციის ზრდასთან, რაც ავტომფლობელებს აიძულებს ზეთის დროული გამოცვლა გადაავადონ გარკვეული პერიოდით, რაც იწვევს სწორედაც ზეთის მოხმარების შემცირებას.

"მათ შორის საყურადღებოა ასევე ისიც, რომ აქედან გამომდინარე მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს დაბალფასიან პროდუქციას და სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია, რომ მომწოდებელი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ სამეულში არიან ირანი, თურქეთი და რუსეთი", - განმარტავენ კავშირში.